რომან გოცირიძე: ინვესტიციები 500 მლნ-ით შემცირდა, მაჩვენებელი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე უარესია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 500 მლნ დოლარით - 1.6 მლრდ-მდე, შემცირდა. რეინვესტირების მაჩვენებელმა 80.2% შეადგინა.

თანხობრივი კლების გარდა, შემცირებულია ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის პროცენტული მაჩვენებელიც და ის ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

2023 წელს ჯამური ინვესტიციები დაინვესტიციების მშპ-სთან ფარდობა შემცირდა, გაიზარდა მხოლოდ რეინვესტირების მაჩვენებელი. გაუარესებული სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი:

3 აპრილს საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტომისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ, ინვესტიციების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებელი იყო 1.6 მილიარდი დოლარი, 500 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს. სინამდვილეში, აქედან 1.3 მილიარდი დოლარი იყო რეინვესტირება, ანუ ადგილობრივი საწარმოების მიერ მოგების უკან ჩაბრუნება. გარედან ახალი ინვესტიციები მხოლოდ 300 მილიონი დოლარი იქნა ინვესტირებული. ეს ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია ბოლო წლებში, თუ არ ჩავთვლით 2020, პანდემიის წელს“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წელს საქართველოში შემოსულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2.1 მლრდ დოლარი შეადგინა, 2023 წელს კი ინვესტიციების მოცულობა 500 მლნ-ით - 1.6 მლრდ დოლარამდე, შემცირდა. საქსტატის განმარტებით, ინვესტიციების კლების უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებების შესრულება გახდა, რამაც FDI 857 მლნ დოლარით შეამცირა.

2023 წელს რეინვესტირების წილმა 80.2%-ს მიაღწია. მსგავსი სტატისტიკა 2013 წლიდან იწარმოება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 80%-იანი ნიშნული მხოლოდ ორჯერ - 2020 და 2023 წლებში, გადაილახა.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეინვესტირების წახალისებისთვის 2017 წელს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა და ქვეყანა ე.წ. ესტონურ მოდელზე გადავიდა, შედეგად, რეინვესტირებული მოგება 15%-იანი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდა. პარალელურად, საბიუჯეტო შემოსავლის დანაკლისის დასაბალანსებლად ბენზინსა და დიზელზე აქციზის საფასური გაორმაგდა (ტონა ბენზინზე 250-დან 500 ლარამდე და ტონა დიზელზე 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა).

რეფორმამდე, 2013-2016 წლებში, რეინვესტირების საშუალო მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა, რეფორმის ამოქმედების შემდეგ პანდემიამდე, 2017-2019 წლებში - გაორმაგდა და 37%-ს მიაღწია, 2020-2023 წლებში კი - 73%-ს.

ზოგადად, რეინვესტირება პოზიტიური მოვლენაა და მოგების უკან ჩაბრუნებით ეკონომიკური აქტივობა იზრდება. რეალურ პრობლემას მიღებული მოგების რეინვესტირება კი არა, ახალი ინვესტიციების სიმცირე წარმოადგენს.

ინვესტიციების კიდევ ერთი საზომი მშპ-სთან ფარდობაა. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდება 5.3%-მდე შემცირდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-სთან

წყარო: მსოფლიო ბანკი

საქართველოში დღემდე განხორციელებული ინვესტიციების დიდი ნაწილი ტრანზიტულ პროექტებს უკავშირდება, კერძოდ: ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებს, სამხრეთის, იგივე შაჰ-დენიზის გაზსადენს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას. თითოეული პროექტის დასრულების შემდეგ, ინვესტიციების მოცულობა მცირდებოდა, ახლის დაწყებისას კი იზრდებოდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ინვესტიციების მხრივ ყველაზე შედეგიანი 2014-2017 წლები აღმოჩნდა, რა დროსაც საშუალო წლიურად 1.8 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ხორციელდებოდა. 2018-2019 წლებში ის 1.350 მლრდ-მდე შემცირდა, 2021-2023 წლებში კი 1.650 მლრდ შეადგინა.

2023 წელს ჯამური ინვესტიციები, მათში სავალო ვალდებულებების ხარჯზე ახალი ინვესტიციების მოცულობა და მშპ-სთან ფარდობა შემცირდა, გაიზარდა მხოლოდ რეინვესტირების მაჩვენებელი. გაუარესებული სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი