ლევან დავითაშვილი: 2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა იმპორტს თითქმის ორჯერ გადააჭარბა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2023 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 790 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 1.5 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია. სხვაობა ბევრად უფრო მაღალი იყო თანხობრივად. 2023 წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლის სახით 95 მლნ დოლარი მიიღო, იმპორტი კი მხოლოდ 1.1 მლნ დაუჯდა. 790-დან 787 მლნ კვტ/სთ-ს იმპორტი რუსეთიდან, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთისთვის განხორციელდა, რაშიც თანხა არ იქნა გადახდილი. იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მიღებული არასაბაზრო ფასი 0.13 ცენტი კვტ/სთ-ზეც ამ ფაქტით აიხსნება.

მოცულობაში ექსპორტმა იმპორტს 86%-ით გადააჭარბა, თუმცა დადებითი სავაჭრო სალდოს მიზეზი, არა იმდენად გენერაციის ზრდა, რამდენადაც მოხმარების შემცირება გახდა. 2023 წელს საქართველომ 2022 წელთან შედარებით 1.1 მლრდ კვტ/სთ-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა. კლება პირდაპირი მომხმარებლებისა (ძირითადად ფეროშენადნობების მწარმოებლებისა და კრიპტომაინინგით დაკავებული კომპანიების) და ოკუპირებული აფხაზეთის მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება ეკონომიკური რეცესიით არ ყოფილა გამოწვეული (2023 წელს მშპ 7.5%-ით გაიზარდა), ამ ფაქტის დაუსახელებლად მხოლოდ ექსპორტის ზრდაზე აპელირება გენერაციის ზრდის მცდარი წარმოდგენის შესაძლებლობას ქმნის, რის გამოც, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ენერგეტიკაზე საუბრისას განაცხადა (5:43-დან): „მნიშვნელოვნად შემცირდა [ელექტროენერგიის] იმპორტის წილი მოხმარებაში, 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის ორჯერ გადააჭარბა“.

ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის საჭიროებას ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა, მოხმარება და დანაკარგები განსაზღვრავს. თუ სხვა თანაბარ პირობებში გენერაცია გაიზარდა, გაიზრდება ექსპორტიც, თუ მოხმარება გაიზრდება, იმპორტის ზრდის საჭიროება დადგება. მიდგომა მუშაობს პირიქითაც, გენერაციის შემცირება იმპორტის ზრდას იწვევს, მოხმარების შემცირება ექსპორტის ზრდას.

გრაფიკი 1: ელექტროენერგიის ბალანსი (მლნ კვტ/სთ)

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და იმპორტს მართლაც თითქმის ორჯერ გადააჭარბა, თუმცა იმავე 2023 წელს გენერაცია მხოლოდ 1%-ით (149 კვტ/სთ-ით) გაიზარდა, მაშინ როცა მოხმარება მნიშვნელოვნად 7.9%-ით (1.1 მლრდ კვტ/სთ-ით) შემცირდა. ქსელისა და სასადგურე დანაკარგების ზრდა არაარსებითი იყო - 644 მლნ კვტ/სთ-დან 663 მლნ კვტ/სთ-მდე.

2022 წელს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა, 2023 წელს 7.5%-ით, ამის მიუხედავად 2023 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2021 წლის მაჩვენებელსაც კი ჩამოსცდა. ერთი შეხედვით ალოგიკური მდგომარეობა მსხვილ საწარმოთა ნაწილის მოხმარების შემცირებით აიხსნება.

რამდენია მოხმარება შინამეურნეობების, მუნიციპალიტეტებისა თუ კომერციული ორგანიზაციების ინფორმაცია დეტალურად ჩაშლილი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მსხვილ მომხმარებელთა ნაწილი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკოს) მაინც ცალკე აქვს გამოტანილი და მასში მსხვილი საწარმოებია გაერთიანებული. 2022 წელს მათ 3.7 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი მოიხმარეს, 2023 წელს 25%-ით ნაკლები - 2.8 მლრდ კვტ/სთ.

გრაფიკი 2: მოხმარებული ელექტროენერგია (მლნ კვტ/სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო)

პირდაპირმა მომხმარებლებმა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ჯამში 946 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარეს, მათ შორის შვიდმა უდიდესმა კომპანიამ 805 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები.

მოცულობით ყველაზე მეტად 234 მლნ კვტ/სთ-ით ფეროშენადნობების ქარხნის მოხმარება შემცირდა. ფეროშენადნობის ექსპორტი 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით თანხობრივად 61%-ით - 460-დან 181 მლნ დოლარამდე, ტონაჟით 31%-ით - 229-დან 157 ათას ტონამდე და საექსპორტო ფასით ტონაზე 43%-ით - 2000-დან 1150 დოლარამდე შემცირდა. ფეროშენადნობების წარმოებითაა დაკავებული რუსელიოსიც, რომელმაც ელექტროენერგიის მოხმარება ოთხჯერ შეამცირა.

განულებულია, ან თითქმის განულებულია ბი ეფ დი სი-ს (ბიტფური) აიტი კორპისა და სხვა მსხვილი კომპანიების მოხმარება. ჩამოთვლილი კომპანიების შესახებ ფეროშენადნობების ქარხნისა და რუსთავის ფოლადის გარდა ინფორმაცია მწირად მოიპოვება. ცნობილია ის, რომ ბი ეფ დი სი, აიტიკორპი და პროტექტ კორპორეიშენი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დღგ არ ერიცხებოდათ, თუმცა ამ შეღავათის მიუხედავად, მათ მაინც მოუწიათ საქმიანობის შეჩერება.

ბოლო წლების განმავლობაში პირველად 3-დან 2.7 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებაც, რომელიც იქამდე მუდმივად სწრაფი ტემპით იზრდებოდა. 2017-2022 წლებში საქართველოს მოხმარება მთლიანად 19%-ით - 11.9 მლრდ-დან 14.2 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, მათ შორის აფხაზეთის 50%-ით - 2 მლრდ-დან 3 მლრდ კვტ/სთ-მდე. მაღალი ალბათობით, კლების მიზეზი ამ შემთხვევაშიც კრიპტომაინინგის შემცირებაა.

მსხვილი კომპანიების მაგალითზე დაყრდნობით, შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ მაინინგი სხვა მცირე კომპანიებმა და საოჯახო მეურნეობებმაც შეამცირეს.

თუ ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსს თანხობრივად განვიხილავთ, მაშინ სხვაობა ბევრად დიდი იქნება. 2023 წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლის სახით 95 მლნ დოლარი მიიღო, იმპორტი კი მხოლოდ 1.1 მლნ დაუჯდა. 790-დან 787 მლნ კვტ/სთ-ს იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთისთვის და სპეციალური ფასი 0.13 ცენტი კვტ/სთ-ზეც ამ ფაქტით აიხსნება.

გრაფიკი 3: ელექტროენერგიით ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წელს კვტ/სთ-ებში დათვლით ელექტროენერგიის ექსპორტმა იმპორტს 86%-ით გადააჭარბა, რაც შეიძლება „თითქმის ორჯერ გადაჭარბებად“ მივიჩნიოთ. თანხობრივ გამოხატულებაში სხვაობა ბევრად უფრო მაღალი იყო და ამ შემთხვევაში ექსპორტმა იმპორტს უკვე 90-ჯერ გადააჭარბა, თუმცა ექსპორტის ზრდა მეტწილად მოხმარების მნიშვნელოვან კლებას უკავშირდება და არა გენერაციის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება საერთო ეკონომიკური რეცესიით არ ყოფილა გამოწვეული, ამ ფაქტის დაუსახელებლად მხოლოდ ექსპორტის ზრდაზე აპელირება გენერაციის ზრდის მცდარი წარმოდგენის შესაძლებლობას ქმნის, რის გამოც, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი