სოციალურ ქსელში გვერდმა აგენტურა, 2024 წლის 4 აპრილს, მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახალი ინიციირების მომდევნო დღეს, Facebook-პოსტი გამოაქვეყნა. გვერდმა ტყუილი უწოდა მტკიცებას, რომლის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროინტეგრაციის პროცესში ხელისშემშლელია (დაარქივებული ბმული). სინამდვილეში, როგორც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის, ისე მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოების მთავრობების წლევანდელი განცხადებები (ასევე - შარშანდელი) ადასტურებს, რომ დაინიციირებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს შეუშლის.

აღსანიშნავია, რომ „აგენტურა“, რომელიც თავს იუმორისტულ გვერდად წარმოაჩენს, სინამდვილეში პოლიტიკური შინაარსის დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ წარსულში გადამოწმებული მტკიცებები (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8). ამასთანავე, აღნიშნული გვერდი „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, ანტიოპოზიციურ, სამოქალაქო სექტორის საწინააღმდეგო, ანტიდასავლური შინაარსის გზავნილებს ხშირად ავრცელებს.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა Facebook-გვერდ „აგენტურის“ დეზინფორმაციული მტკიცება, თითქოს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი არაა.

სინამდვილეში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი დაახლოების პროცესს ხელს უშლის და მიღწეულ პროგრესს უკან ხევს. როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ქვეყნებისთვის სავალდებულოდ გასავლელი ეტაპები მოიცავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და შემდგომ - ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველომ კი ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით მიიღო, რომ ევროკავშირის მიერ ცხრა მიმართულებით დასახულ ნაბიჯებს გადადგამდა. ევროკავშირის მე-9 ნაბიჯი გულისხმობს, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს, 1-ელი ნაბიჯი კი ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევასთან ბრძოლას მოიაზრებს.

განცხადება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული დემოკრატიისთვის, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვისაა მნიშვნელოვანი, თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა გაავრცელა და ხაზი გაუსვა იმას, რომ „გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული“. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით 2024 წლის 4 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა ასევე გაიხსენა საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო დაპირება გასულ წელს კანონის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ და 2023 წლის მარტის მოვლენების - საზოგადოებისა და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის - მიუხედავად, კანონის ხელახლა დაბრუნების გამო, სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კანონპროექტს გამოეხმაურნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებიც. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საბოლოოდ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ევროკომისიის დასკვნების შემდეგ, ევროპული საბჭო იღებს. ევროპული საბჭო 27 ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებისგან შედგება, გადაწყვეტილების მიღებისთვის კი მათი ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო [1].

ბუნებრივია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების, ისე მისი წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ დაინიციირებულ კანონპროექტზე გაკეთებულ შეფასებებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე პირდაპირი გავლენა ექნება. მაგალითად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიციირების ფაქტზე განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. X-ზე (წარსულში Twitter) გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის - თუნდაც სხვა სახელით - ხელახლა შემოტანის შესახებ, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადაცემასთან ერთად დაუწესა“. ამავე განცხადებაში მკაფიოდაა გამოყოფილი, რომ ეს [კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გადაწყვეტილება] „საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას”.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ განცხადება „ქართული ოცნების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიციირების თაობაზე, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა".

დაინიციირებულ კანონს 2024 წლის 6 აპრილს ასევე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი სებასტიან ფიშერი. მისი განცხადების მიხედვით, „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების ისტორიული შანსი მიიღო, ამის შესახებ იციან“.

ნდობის დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა. „მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

5 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენის საპასუხოდ, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს. მასში აღნიშნულია, რომ „ეს არის მტრული აქტი ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული ევროატლანტიკური კურსისა და ევროკავშირში საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ. ამგვარად, საფრთხე ემუქრება ყველაფერს, რაც უკვე გაკეთდა და რაც შეიძლება მომავალში გაკეთდეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერების მცდელობისას“. მათ მმართველ პარტიას კანონპროექტის უკან წაღებისა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ თავისი ერთგულების დადასტურებისკენაც მოუწოდეს.

ცნობისთვის, ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის პროგრესს აფასებს, 2020 წელს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რაც საბჭომ იმავე წელს დაამტკიცა. 2020 წლის 5 თებერვალს,მეთოლოგიის წარდგენისას, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში, რეფორმების განხორციელებისა და გაფართოების მოთხოვნების შესრულების პროცესში, სერიოზული ან გახანგრძლივებული სტაგნაციისა თუ უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მკაცრ ზომებს მიმართოს, რაც მოიცავს ევროკავშირის მიერ მოლაპარაკებების ნაწილობრივ ან მთლიანად შეჩერებას, უკვე დახურული თავების ხელახლა გახსნას, ევროკავშირის დაფინანსების მოცულობისა და ინტენსივობის შემცირებას და ა.შ.

ევროპარლამენტართა ნაწილმა 5 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაფართოების პროცესის თავიდან დაწყების შესაძლებლობა სწორედ საქართველოს მიმართ იყო ნახსენები. კერძოდ, განცხადებაში 22-მა ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მიერ დადგენილი ნაბიჯების შესრულების პირობით მიანიჭა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობაზე“ კანონპროექტი კი ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს - პირველ და მეცხრე ნაბიჯს - არღვევს. „ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, მოახდინოს მონიტორინგი, შეესაბამება, თუ - არა საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად შეაფასოს. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცალკე ინდივიდუალური განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტარმა და წარსულში ესტონეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმაც, რომელმაც კანონპროექტის ხელახალი ინიციირება პირდაპირ დაუკავშირა ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების შეფერხებას. მანვე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მათი ნდობის დაღალატებაა, ვინც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში დახმარებას უწევდა. „უცხოური აგენტების კანონის" ხელახლა შემოტანით, პარტია “ქართული ოცნება” შლის შემდგომი ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარებოდა” - აღნიშნულია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამ საკითხთან მიმართებით, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს: „დარწმუნებული ვარ, თუ ასეთ კანონს მიიღებს ჩვენი პარლამენტი, ევროკავშირში წინსვლის გზა შეჩერდება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხნით და არ არის გამორიცხული ასევე რევერსი. რევერსი ნიშნავს გარკვეული სტატუსის დაქვეითებას, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჯერ ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა, მაგრამ ევროკავშირის საბჭომ რამდენჯერმე მიიღო თავის დასკვნებში ასეთი ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რევერსის შესაძლებლობა ინტეგრაციის გზაზე, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ძალიან გადაუხვიეს დემოკრატიულ სტანდარტებს“.

დაინიციირებულ კანონპროექტს გამოეხმაურნენ ევროკავშირის არაწევრი, თუმცა საქართველოს პარტნიორი სხვა ქვეყნები. ნორვეგიის საგარეო სამინისტროს განცხადებით, „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები „ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევრო-ატლანტიკურ გზას“.

განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმაც გამოაქვეყნა. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მკაფიოდ გამოთქვა, რომ ეწინააღმდეგება კანონის შემოღების ხელახალ მცდელობას, რადგან, სინამდვილეში, ის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგაა მიმართული. კერძოდ, მისი განცხადებით „საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა NATO-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი, ამასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო იყო...“.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ხელახლა წარადგინოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამოეხმაურა: „შეშფოთებული ვარ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნებით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას მივესალმე. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოდ რჩება”.

დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს წარდგენილ კანონპროექტსა და 2024 წლის 3 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს შორის, ერთადერთი განსხვავება ტერმინია. „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად, მასში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ წერია. ამდენად, ვინაიდან პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს წინამორბედის იდენტური შინაარსი და მიზანი აქვს, აქტუალურია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორების მიერ წინა წელს გამოთქმული შეფასებებიც.

2023 წელს „ქართული ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტებზე“ შემაშფოთებელი უწოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, 12 კრიტერიუმის ნაწილს წარმოადგენდა.

ამდენად ცხადია, რომ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 2024 წლის 3 აპრილს კიდევ ერთხელ წარადგინეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ის, ერთი წლის შემდეგაც, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ამჯერად უკვე - მოლაპარაკებების დაწყებისთვის, ხელისშემშლელია.

ამდენად, Facebook-გვერდ „აგენტურის“ მიერ გავრცელებული მტკიცება, თითქოს კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი არაა, მცდარია.

მტკიცებასთან ერთად, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის, ინტენსიურად ვრცელდებოდა მტკიცებაც, რომ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", პირიქით, ევროკავშირის დირექტივის პროექტის ანალოგიც კია. "ფაქტ-მეტრი" აღნიშნულ ყალბ მტკიცებასაც გამოეხმაურა და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივასა და საქართველოში ინიციირებულ "რუსულ კანონს" შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოიკვლია (ვრცლად იხილეთ სტატიაში).

[1] 2023 წლის 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, იმ განსხვავებით, რომ გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს, უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც საჯაროდ არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის მოლაპარაკებების პროცესის გახსნას, შეხვედრა თავისი ნებით დატოვა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია