სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), პოლიტიკური პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას რედაქტირებულ ვიდეოს (დაარქივებული ვიდეოს ბმული) აქვეყნებს. გავრცელებულ ვიდეოში გვარამიას მიხეილ სააკაშვილის გაშარჟებული ფოტო უჭირავს ხელში და ამბობს - „ეს კაცი ვერ გაიმარჯვებს, ვერასდროს“. სინამდვილეში, ვიდეო დამუშავებულია და ნიკა გვარამიას არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ბანერი ეჭირა ხელში.
2017 წლის 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-ის მაშინდელ მფლობელებს სასამართლო დავა ყოფილ მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან ჰქონდათ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას ითხოვდა. მფლობელების განცხადებით, ტელეკომპანიის დაბრუნების სურვილი ხალვაშს ხელისუფლებამ უკარნახა, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმების მიზნით.
2017 წლის 11 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა. აქციაზე შეკრებილები ტელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებდნენ. სოციალურ ქსელში სწორედ აღნიშნული აქციის რედაქტირებული კადრები ვრცელდება (აქციის რეალური კადრების სანახავად ეწვიეთ ბმულს, გავრცელებული მონაკვეთი იხილეთ 1:24:30-დან).
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკა გვარამიას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ბანერი ეჭირა ხელში, წარწერით - „Big Brother is watching you” („დიდი ძმა გითვალთვალებს“ - ფრაზა ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანიდან „1984“) და ამბობდა: „ჩვენ გვებრძვის ეს კაცი, ეს ყველამ ვიცით. ეს კაცი ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს. მან შეიძლება ვიღაცები დააჩოქოს, მან შეიძლება ვიღაცები გააჩუმოს, მაგრამ ვერ გააჩუმებს ხალხს და „რუსთავი 2“ ეს არის ხალხის ხმა, ამიტომ ვერ გააჩუმებს „რუსთავი 2-ს“.
ამდენად, გავრცელებული ვიდეო სახეცვლილია და რეალურად, ნიკა გვარამიას ხელში ბანერი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ეჭირა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.