სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), მორიგ გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია დამსწრე საზოგადოებას შუა თითს უჩვენებს. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია.

გავრცელებული ფოტო 11 მარტს, სასტუმრო შერატონშია გადაღებული, როცა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადეს. პარტიის სახელწოდებით „ახალი“ საარჩევნო ნომერი იქნება „4“.

პარტიის პრეზენტაციაზე, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სჯერა, პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა, რომ გამარჯვებაში, როგორც „2x2 არის 4“, ისეა დარწმუნებული. ფოტოც ამ მომენტშია გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, Facebook-ანგარიში „აგენტურა“ ანტიოპოზიციური და სამოქალაქო სექტორის საწინააღმდეგო გზავნილებთან ერთად, ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებს ხშირად ავრცელებს.

ამდენად, ფოტო სახეცვლილია. სინამდვილეშიც, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას დამსწრეთათვის უხამსი ჟესტი არ უჩვენებიათ.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.