სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1) საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას გაყალბებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ალასანია ჯადოქრის ფორმაშია გამოწყობილი და საახალწლო ნაძვის ხესთან პოზირებს. რეალურად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და ორიგინალ ვერსიაზე გიული ალასანია არ არის გამოსახული.
დეზინფორმაცია გიული ალასანიას დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელებში აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა (იხილეთ ბმული 1, 2, 3). Google-ის საძიებო სისტემაში ფოტოს მოძიების შედეგად დადგინდა, რომ მასზე არა ექსპრეზიდენტის დედა, არამედ ამერიკელი ჯენიფერ ფილიპსია გამოსახული.
ჯენიფერმა, რომელიც მცენარეული სწავლებითა და ცოცხების წარმოებით არის დაკავებული, ფოტო საკუთარ ბიზნეს-გვერდზე, ნამუშევრების ჩვენების მიზნით განათავსა. როგორც სურათის აღწერიდან ვიგებთ, მან ფოტო ვარვიკში საშობაო მარკეტის სტუმრობისას გადაიღო.
ამრიგად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და მასზე არა გიული ალასანია, არამედ ამერიკელი ჯენიფერ ფილიპსია გამოსახული.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.