სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1,2,3,4,5,6), გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა კი არ დააზარალა, პირიქით - გააძლიერა და გაზრდილი 591.5 მლრდ დოლარიანი ექსპორტით ათეულში დაბრუნდა. აღნიშნულ საკითხს სხვა ანგარიშებიც გამოეხმაურნენ, მაგალითად ბექა ვარდოსანიძემ და ედუარდ ჯიშკარიანმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს რუსეთი ეკონომიკის ზომით ათეულში დაბრუნდა (მათ დეზინფორმაცია ადრეც გამოუქვეყნებიათ (1,2,3,4)). ორივე მათგანის მტკიცებით, რუსეთის ეკონომიკა 2.3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ნონა შარაბიძეს გავრცელებული ინფორმაციის წყარო საერთოდ არ დაუსახელებია, პოსტს თან მხოლოდ რუსულენოვანი ფოტოანაბეჭდი დაურთო, ედუარდ ჯიშკარიანმა წყაროდ - ბმულის მითითების გარეშე, უნგრული გაზეთი Hungary Posts დაასახელა, თანდართული სქრინიც სავარაუდოდ, ამავე გამოცემას ეკუთვნის. ბექა ვარდოსანიძემ ბმულის მითითების გარეშე წყაროდ მსოფლიო ბანკი დაასახელა, თუმცა ფოტოანაბეჭდი პორტალ Statista.com-ს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, ბექა ვარდოსანიძემ პოსტი წაშალა.
3 სხვადასხვა პოსტს ერთი საერთო პათოსი აერთიანებდათ, თითქოს საერთაშორისო სანქციებმა რუსეთი დასუსტების ნაცვლად გააძლიერა და თუ მაინც ვინმე ზარალდება სანქციებით, ეს პირველ რიგში თავად დასავლეთია, რუსეთს კი პროგრესი აქვს.
უშუალოდ გამოქვეყნებული მონაცემების თვალსაზრისით, ნონა შარაბიძის მტკიცება, რომ რუსეთის ექსპორტმა 2022 წელს 591.5 მლრდ დოლარს მიაღწია და მეათე ადგილი დაიკავა ,ორმაგ უზუსტობას შეიცავს:
1) მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ექსპორტმა 2022 წელს არა 591.5 მლრდ, არამედ 532 მლრდ შეადგინა (გვ. 19);
2) რუსეთმა ექსპორტიორ ქვეყნებში არა მე-10, არამედ მე-14 ადგილი დაიკავა.
გრაფიკი 1: საქონლის ექსპორტი 2022 წელს (მლრდ აშშ დოლარი)
წყარო: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას და სანქციების გავლენას რუსულ ეკონომიკაზე, თავისთავად ფაქტი რომ 2022 წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო ნავარაუდევი, არ შეიძლება იქნას უარყოფილი, თუმცა მტკიცება, რომ რუსეთის ეკონომიკა არ დაზარალებულა და მით უმეტეს სანქციების ეფექტი დადებითია, ტყუილია. აღნიშნული მტკიცება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მცდარი თეზისია და მის „გასამყარებლად“, როგორც წესი, კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული სტატისტიკური მონაცემების მანიპულაციური ინტერპრეტაცია გამოიყენება.
თუ რატომ არის რუსული ეკონომიკის ფაქტობრივი ზიანი 2022 წელს ნაკლები ვიდრე საწყის ეტაპზე ივარაუდებოდა, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთი მხრივ, 2022 წლის შედეგებზე გავლენას ახდენს წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები, რომელზეც ომის შედეგებმა გავლენის მოხდენა უბრალოდ ვერ მოასწრო. მეორე მხრივ, რუსეთისათვის დაწესებული უპრეცედენტო მასშტაბის სანქციების ფონზე თავად საწყისი შეფასებები შესაძლო ზიანზე ზედმეტად ოპტიმისტური იყო (8-9%-იანი კლება) და დაანონსებული სანქციების ძალაში შესვლისა და მისი გავლენის მაქსიმიზების შემაფერხებელ ფაქტორებს სრულფასოვნად არ ითვალისწინებდა. კერძოდ, რუსეთის ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ფუნდამენტს ენერგო სექტორი წარმოადგენს, რუსული გაზისა და ნავთობის სექტორისათვის შემზღუდველი სანქციების ამოქმედება კი ნაწილობრივ წლის მეორე ნახევრიდან, დღევანდელი სახით კი მხოლოდ დეკემბრიდან მოხერხდა. შესაბამისად, უარყოფითი გავლენაც მოსალოდნელზე ნაკლებია. აღსანიშნავია თავად რუსეთის ეკონომიკური გუნდის ადეკვატური რეაგირება და სანქციების გვერდის ავლისათვის ოპერატიულად დამუშავებული და „ლეგალიზებული“ შესაძლებლობები, რომელთა გამოსწორებას ევროკავშირი დაანონსებული მე-11 პაკეტის სანქციების ფარგლებში შეეცდება.
ცალკე ხაზგასასმელია რუსული სტატისტიკური მონაცემების სანდოობის ნაწილი, რუსეთმა შეწყვიტა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება (რასაც ზოგადად ეყრდნობა საერთაშორისო მაჩვენებლები და შეფასებები) და შერჩევითად მონაცემების მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ ნაწილს ასაჯაროებს. შესაბამისად, სრულყოფილად შეუძლებელია მისი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, რადგან რეალური რიცხვები მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებისთვისაა ცნობილი. გადაჭრით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, რადგან სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ნებისმიერი გასაჯაროებული მაჩვენებელი რუსეთის ეკონომიკის შესაძლო მდგომარეობაზე გადაჭარბებულია და რეალური ვითარება, როგორც მინიმუმ, უკეთესი ვერ იქნება.
მიუხედავად ხსენებული გარემოებებისა, რომელთაც საწყისი შეფასებებიდან გადახრა გამოიწვიეს, ზიანი რომელიც რუსულმა ეკონომიკამ უკვე მიიღო რუსეთისავე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, არსებითია (განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორებში) და სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებაზე საუბარი საღ აზრს მოკლებულია. ომის დაწყებიდან დღემდე ყოველ ცალკე აღებულ თვეში, ომამდე არსებული ზრდის პროგნოზის ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მცირდებოდა. წლიურად 2022 წელს კი რუსეთის ეკონომიკა 2021 წელთან შედარებით 2.1%-ით შემცირდა, 3.2%-იანი და 3.1%-იანი ვარდნა 2023 წლის იანვარ-თებერვალშიც გაგრძელდა.
გრაფიკი 2: მშპ-ის ზრდის ტემპი რუსეთში
წყარო: statista.com
რუსეთის ათეულში დაბრუნება, როგორც ეს პოსტებშია მითითებული, მასზე წინ მყოფი ქვეყნებისათვის გადასწრებას - როგორც აუცილებელ პირობას, გულისხმობს. შესაბამისად, ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა შემცირდა, ათეულის ქვეყნების ეკონომიკა უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო, რაც არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ათეულში შემავალი ზოგი სახელმწიფოს მშპ-ს ზრდის ტემპი მართალია შემცირდა, მაგრამ არ გამინუსებულა. შესაბამისად - მტკიცება, რომ რუსეთის ეკონომიკა გაძლიერდა და იმ ქვეყნებს გაუსწრო, რომლებსაც ადრე ჩამორჩებოდა, დეზინფორმაციას წარმოადგენს, ვინაიდან არითმეტიკულად შეუძლებელია, შემცირებულმა სიდიდემ (რუსეთის ეკონომიკა) წინ მყოფი ქვეყნების გაზრდილი ეკონომიკის მოცულობას გადაასწროს.
პოსტში გაცხადებული მტკიცება სტატისტიკური მონაცემების მანიპულაციური ინტერპრეტირებით არის მიღებული. კერძოდ, „ანალიზისთვის“ დოლარში კონვერტირებული ნომინალური მშპ-ს მოცულობაა გამოყენებული, წინა პერიოდებთან შედარებით პროგრესისა ან/და რეგრესის ანალიზისათვის კი აღნიშნული მაჩვენებელი გამოუსადეგარია, ვინაიდან მასზე გავლენას ახდენს ფულის მსყიდველუნარიანობისა (ინფლაცია) და სავალუტო კურსის ცვლილება და რეალური სურათი მახინჯდება. სხვა სიტყვებით, თუ ადამიანმა 2021 წელს მოიხმარა 2 პური რაც 1$ დაუჯდა, წელს კი მოიხმარა 1 პური, რომელიც უკვე 2$ ღირს, აბსურდულია მტკიცება, რომ მაგალითში განხილული ადამიანი, რომელმაც შარშანდელზე ნაკლები პური მოიხმარა, წელს უკეთესად ცხოვრობს.
ნომინალური მშპს-ს თვალსაზრისით 2022 წელს რუსეთის პოზიციური მდგომარეობის „გაუმჯობესებისა“ და თანხობრივი ზრდის უმთავრესი მიზეზი არა წარმოებისა და მოხმარების ზრდა, არამედ სწორედ რუბლის კურსის გამყარებაა, რასაც ორნიშნა ინფლაციაც დაემატა, რეალურად კი ქვეყანაში წარმოება/მოხმარება შემცირდა. სწორედ ლარის გამყარებისა და ინფლაციის გამო, საქართველოს ნომინალური ეკონომიკაც 2022 წელს 32%-ით - 18.6 მლრდ-დან 24.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა რეალური ზრდა ბევრად ნაკლები 10.1% იყო. უფრო მეტიც, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა, მაგრამ ლარის მკვეთრი გაუფასურების შედეგად ნომინალური მშპ 15%-ით - 17.6 მლრდ დოლარიდან 14.9 მლრდ-მდე შემცირდა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდენციის შესაფასებლად ეკონომიკაში რეალურ და არა ნომინალურ მაჩვენებლებს ეყრდნობიან.
რუსეთის შემთხვევაში, ერთი შეხედვით არც ისე კატასტროფული - 2.1%-იანი ვარდნის მიღმა, უფრო საყურადღებო სტრუქტურული ცვლილებებიც იმალება. ოფიციალურად ომის გამოუცხადებლობის მიუხედავად, ქვეყანა არასრულად მაგრამ მაინც საომარ რელსებზე გადაერთო. მოხმარება შემცირდა. გამოცხადებული მობილიზაციისა და გაზრდილი ემიგრაციის ფონზე რუსეთისვე ცენტრალური ბანკი სამუშაო ძალის დეფიციტზე უთითებს. გლობალური ბრენდების უმეტესობამ რუსეთის ბაზარი ომის დაწყებიდან პირველივე თვეებში დატოვა. პრაქტიკულად ერთადერთი მსხვილი სფერო რაც გააქტიურდა, სამხედრო მრეწველობაა. შემცირებულია ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები, ინდურ ბანკებში არსებულ რუპიებს კი ქვეყანა ვერ ხარჯავს, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული სახსრები ოფიციალურად სტატისტიკაში „მიითვალა“.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესა. სანქციებს სრულად ან ნაწილობრივ ასევე შეუერთდა: ბრიტანეთი, ნორვეგია, კანადა, კორეა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია... კომპანიათა ნაწილმა რუსეთის ბაზარი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. სანქციების შედეგად:
1) გაუქმდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (22 თებერვალს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარების საპასუხოდ);
2) რუსული ბანკები საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა SWIFT-დან გათიშეს;
3) გაიყინა რუსული აქტივები;
4) დაიბლოკა რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები;
5) რუსულ ავიაკომპანიებს ცა ჩაუკეტეს;
6) რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტი აიკრძალა;
7) რუსული სპორტული გუნდები საკლუბო და სანაკრებო ტურნირებიდან მოკვეთეს;
8) რუსულ ნავთობზე შესყიდვის 60 დოლარიანი ზედა ზღვარი დაწესდა;
9) Apple-მა, Microsoft-მა, Samsung-მა, Macdonald’s-მა და სხვა გლობალური კომპანიების უმეტესობამ რუსული ბაზარი დატოვა;
10) აიკრძალა დოლარისა და ევროს კუპიურების რუსეთში შეტანა;
11) რუსეთიდან ოქროს, რკინის, ფოლადის, ნახშირის, ხის, ცემენტის, ზღვის პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელების, სიგარეტისა და კოსმეტიკური ნაწარმის იმპორტი აიკრძალა.
რადგან სანქციები გრძელვადიანია, კიდევ უფრო სრულყოფილი ანალიზი მხოლოდ წლების შემდეგ გახდება შესაძლებელი. მაშინაც კი, თუ სანქციები მოიხსნა, იმ კომპანიების რუსეთის ბაზარზე მყისიერი დაბრუნება, რომლებმაც ქვეყანა 2022 წელს დატოვეს, სათუოა. 90-იან წლებში რუსეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კვარტალურად 0-ის სიახლოვეს იყო. 2000-იან წლებში 10 და ზოგჯერ 20 მლრდ დოლარსაც აჭარბებდა, ყირიმის ანექსიამდე 2013 წელს 40 მილიარდსაც მიაღწია, 2022 წელს კი პირიქით - 20 მლრდ-ზე მეტის გადინება დაფიქსირდა. რომ არა ხელოვნური ბარიერები, გადინების ტემპი უფრო მასშტაბური იქნებოდა.
გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთში
წყარო: Bank of Russia
ყველაზე პრობლემური რუსეთისთვის მაინც ტექნოლოგიური ინდუსტრია რჩება. რუსეთს კონკურენტუნარიანი სმარტფონის, ლეპტოპის, ტელევიზორისა თუ საოჯახო ტექნიკის წარმოება დამოუკიდებლად არც ომამდე შეეძლო და არც ახლა შეუძლია. უფრო მეტიც, ჩიპების და სხვა ელექტრომოწყობილობების მიწოდების შეწყვეტის გამო, სამხედრო წარმოებაც შეფერხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2023 წელს ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ წარმოება ფრონტზე მიღებულ დანაკარგს მაინც ვერ ანაცვლებს. ავტოწარმოებაც 2021 წელთან შედარებით 67%-ით დაეცა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მინიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა.
რუსეთისთვის ერთგვარ მაშველ რგოლად აზია აქცია. ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ენერგომატარებლების შესყიდვა გაზარდეს, ოღონდ მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღების სანაცვლოდ. თუ 2022 წლის იანვარში ევროკავშირსა და ბრიტანეთში რუსეთი დღიურად 4.6 მლნ ბარელ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდდა, 2023 წლის იანვარში ეს მოცულობა 71%-ით 1.6 მლნ ბარელამდე შემცირდა, ჩინეთსა და ინდოეთში კი პირიქით - 1.8 მლნ ბარელიდან 3.9 მლნ ბარელამდე გაიზარდა. ნავთობისგან განსხვავებით, უფრო რთული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება აღმოჩნდა და 2022 წელს მისი ექსპორტი 25.1%-ით - 184 მლრდ მ3-მდე შემცირდა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა არასრულ 15 თვეში 44 მლრდ დოლარით - 643 მლრდ-დან 599 მლრდ-მდე შემცირდა. მაგრამ ეს ყველაფერი არა, დარჩენილი თანხის ნახევარი - 300 მლრდ დოლარი შეერთებულ შტატებს აქვს გაყინული და მისი უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს. რეზერვების პირდაპირი დანიშნულება კი საგარეო შოკების არიდება ან მათი მინიმიზაციაა.
გლობალურ მსოფლიოში ბოლომდე ჩაკეტილი ეკონომიკა არ არსებობს. 100%-ით იზოლირებული ჩრდილოეთ კორეაც კი არ არის. მკაცრ სანქციებს, რომ დროის მცირე მონაკვეთში გავლენა არ ექნებოდა, დაშვების დონეზეც კი მცდარია. თეორიულად, გრძელვადიან პერიოდში მართლაც შეიძლება ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს, მაგრამ არა 1 წელიწადში. რუსეთის შემთხვევაში ფაქტის დონეზე ცნობილია, რომ 2022 წელს მისი ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა. ეკონომიკის ვარდნა და ეკონომიკის ზრდა ურთიერთსაპირისპირო მოვლენებია და იმის მტკიცება, რომ ერთსა და იმავე წელს ეკონომიკის ვარდნის შედეგად ეკონომიკა გაიზარდა, აზრს მოკლებულია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შეფასებით, სანქციებს უფრო მეტი ნეგატიური გავლენა ექნებოდა, მათ უკვალოდ მაინც არ ჩაუვლიათ. არამართებულია საკითხის ისე დაყენებაც, რომ თითქოს სანქციებმა რუსეთი კი აზარალა, მაგრამ დასავლეთი უფრო მეტად დააზარალა. დასავლეთში ეკონომიკის ზრდის ტემპი ნამდვილად შენელდა, მაგრამ წინსვლის შენელება და უკუსვლა ასევე სხვადასხვა ცნებებია. საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მტკიცება - თითქოს სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა გაძლიერდა, დეზინფორმაციაა.