Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, სერბეთისა და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული, თითქოს, ჯერ ციხეში მოწამლეს და მოკლეს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ჰააგის სასამართლომ ის გაამართლა. Facebook-მომხმარებელი იმასაც ამტკიცებს, რომ მილოშევიჩის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.
მოწამლეს თუ არა მილოშევიჩი ჰააგის ციხეში?
მილოშევიჩი 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში ისე გარდაიცვალა, რომ ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. სერბი დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ ვრცელდებოდა სპეკულაციები მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ - გარდაცვლილის ოჯახი სასამართლოს მილოშევიჩის მკვლელობაში ადანაშაულებდა, რადგან მათ პატიმრის რუსეთში სამკურნალოდ გადაყვანის ნება არ დართეს. ყოფილი სერბი ლიდერის ადვოკატის ინფორმაციით, მილოშევიჩმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე რუსეთში წერილი გაგზავნა, სადაც ის ვარაუდობდა, რომ მოწამლეს.
თუმცა, გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის მოხსენებაში მილოშევიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მისი განზრახ მკვლელობა, კერძოდ, მოწამვლის გზით არ მომხდარა - „ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან ვერ იქნა ნაპოვნი რაიმე მტკიცებულება, რაც მილოშევიჩის მკვლელობას, კერძოდ, მოწამვლის გზით მკვლელობას დაადასტურებდა“, - ვკითხულობთ მოხსენებაში. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მილოშევიჩს სათანადოდ მკურნალობდნენ. ჰოლანდიელი პროკურორების მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნით დასტურდება, რომ მილოშევიჩი გულის შეტევით გარდაიცვალა - ტოქსიკოლოგიური კვლევების მიხედვით, მას მოწამვლის კვალი არ აღენიშნებოდა. არც აუტოფსიის შედეგებმა და სისხლის ანალიზმა აჩვენა მედიკამენტების ის კონცენტრაცია სხეულში, რასაც შესაძლოა სიკვდილი გამოეწვია. გაეროს ტრიბუნალის დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ მილოშევიჩი მედიკამენტების მიღებაზე ხშირად ამბობდა უარს და თვითმკურნალობას მიმართავდა.
ჰააგის სასამართლოს მილოშევიჩი არ გაუმართლებია
ყოფილი სერბი დიქტატორი პირველი სახელმწიფო მეთაური იყო, რომელიც ომის დანაშაულისთვის გასამართლდა. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის თანახმად, მას საერთო ჯამში ბრალი ედება 66 ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში 90-იანი წლების დასაწყისში ხორვატიის ომში, ბოსნიის სამოქალაქო ომში და 1998-1999 წლებში კოსოვოს კონფლიქტში.
მილოშევიჩი კატეგორიულად უარყოფდა ყველა ბრალდებას და აცხადებდა, რომ 90-იან წლებში ბოსნიის ომის დროს ჩადენილ მასობრივ მკვლელობებსა და გაუპატიურებებზე პასუხისმგებელი არ იყო. ის უარს აცხადებდა ადვოკატის მომსახურებაზეც და პროცესებზე საკუთარ თავს თვითონ იცავდა.
დღეს სერბი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ისევ არსებობს რწმენა, რომ დაუმთავრებელი სასამართლო პროცესი და გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობა საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ მილოშევიჩი არ იყო პასუხისმგებელი მასობრივ დანაშაულებზე. მტკიცებები იმის შესახებ, რომ მილოშევიჩი გაეროს სასამართლომ გაამართლა, სერბეთში რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლის RT-ის ვებსაიტზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფართოდ გავრცელდა. გამოცემა ჟურნალისტის, ენდი ვილკოქსონის სტატიას ციტირებდა, რომელიც მილოშევიჩის მხარდამჭერ ვებგვერდზე იყო განთავსებული. სტატია თავის მხრივ, ბოსნიელ სერბთა ლიდერის რადოვან კარაჟიჩის სასამართლო პროცესის 2500 გვერდიან ვერდიქტს ეფუძნებოდა, რომელიც გენოციდის, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო გაასამართლეს. მტკიცების თანახმად, მილოშევიჩის უდანაშაულობის შესახებ სწორედ კარაჟიჩის საქმის განაჩენში იყო ნათქვამი.
რეალურად, რუსული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანი იყო - კარაჟიჩის საქმეში მილოშევიჩისთვის არც ბრალია წაყენებული და შესაბამისად, განაჩენიც არ არის გამოტანილი, რადგან აღნიშნული კარაჟიჩის ინდივიდუალურ საქმეს წარმოადგენდა. ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა მილოშევიჩის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შემდეგნაირად უპასუხა: „კარაჟიჩის საქმეში, 3460-ე პუნქტში (გვერდი 1303) ვკითხულობთ, რომ კარაჟიჩის საქმეში არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სლობოდან მილოშევიჩი „საერთო გეგმას“ [არასერბების ეთნიკური წმენდის შედეგად საერთო ტერიტორიის შექმნა] ეთანხმებოდა. თუმცა, ამავე აბზაცში ვკითხულობთ, რომ „მილოშევიჩმა კონფლიქტის დროს ბოსნიელ სერბებს დახმარება გაუწია პერსონალის, საკვებისა და იარაღის სახით“.
ბოსნიელ სერბთა პრეზიდენტის, კარაჟიჩის საქმეში მილოშევიჩის ბრალეულობა ნამდვილად არ დასტურდება, თუმცა ფაქტი, რომ კარაჟიჩის საქმეში მილოშევიჩის მიერ საერთო კრიმინალურ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება, მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე გავლენას არ ახდენს. კარაჟიჩის საქმე ეხებოდა მხოლოდ კარაჟიჩს - რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი გენოციდის მოწყობასა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში - და მას არავითარი გავლენა არ აქვს მილოშევიჩის ინდივიდუალურ სასამართლო საქმესთან. მილოშევიჩი ჰააგის ციხეში მისი სასამართლო პროცესის დასრულებამდე ორი თვეზე ნაკლებ ვადაში გარდაიცვალა, რის გამოც მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოესწრო. შესაბამისად, მიუხედავად მტკიცებულებების არსებობისა, სერბი დიქტატორის საქმის განხილვა შეჩერდა ისე, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მილოშევიჩის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. საქმეზე ჩვენება მისცა 295 მოწმემ და სასამართლოს 5000 ნივთმტკიცება წარედგინა - „ეს ასახავს სიუხვეს იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც შენახულია“ - განაცხადა პროკურორმა დელ პონტემ და აღნიშნა, რომ ICTY-ის (International Criminal Tribunal for the Former Yugoslavia) თანახმად, პროკურატურის საქმე შეიცავდა საკმარის მტკიცებულებებს იმისთვის, რომ სამოცდაექვსივე ბრალდება დაემტკიცებინათ.
ამდენად, მტკიცება, რომ მილოშევიჩი სიკვდილის შემდეგ გაამართლეს, მცდარია. 2006 წელს სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილმა ხელი შეუშალა სასამართლო პროცესის დასრულებასა და განაჩენის გამოტანას. ამასთან, გავრცელებული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მილოშევიჩი ჰააგის ციხეში მოწამლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ICTY-ის დასკვნის თანახმად, ის ბუნებრივი სიკვდილით, გულის შეტევით გარდაიცვალა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.