ირაკლი კობახიძე: „მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი
ეუთო/ოდირის არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელოს თანახმად, სტანდარტული სადამკვირვებლო მისია მუშაობას არჩევნებამდე 6-8 კვირით ადრე იწყებს, რათა საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე სრულფასოვანი დაკვირვება შეძლოს. მისიის მუშაობის დაწყებას წინ უძღვის მისი ჩამოყალიბება/დაკომპლექტება. კერძოდ, მიმღები ქვეყნის ოფიციალური მოწვევის შემდეგ, ეუთო/ოდირი თითოეულ წევრ სახელმწიფოს ვერბალური ნოტით მიმართავს და სთხოვს არჩევნებზე გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მივლენას, რაც, თავისთავად, გარკვეულ დროს საჭიროებს. ეს ნიშნავს, რომ მოსაწვევი წერილი ეუთო/ოდირს, სულ მცირე, ისეთ დროს უნდა გაეგზავნოს, რომ 8 კვირით ადრე მისიას მუშაობის დაწყება შეეძლოს. დოკუმენტშიც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ „ეფექტიანი, სანდო და პროფესიონალური დაკვირვების უზრუნველსაყოფად, მიმღებმა ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს ეუთო/ოდირის მუშაობას, რათა მან საკუთარი მოვალეობების დროულად შესრულება შეძლოს“.
გარდა ამისა, საქართველოში წინა წლებში არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეუთო/ოდირს მოსაწვევი წერილი რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტის ბრძანებით არჩევნების ოფიციალურ დანიშვნამდეც კი, ეგზავნებოდა, ხოლო მისია, სულ მცირე, 5 თვით ადრე იხსნებოდა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
ანალიზი
2025 წლის 11 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირისთვის წერილის გაგზავნა დაგვიანებულად არ მიაჩნია და ეს ვადა სრულიად საკმარისია მისიის დაკომპლექტებისთვის. ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება მისიის არგამოგზავნის თაობაზე მან „ზედმეტ ბიუროკრატიას“ დაუკავშირა. მისივე თქმით, მისიის მოწვევისთვის, „ქართული ოცნება“ კანდიდატების რეგისტრაციის ვადების ამოწურვას ელოდებოდა.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება, „ქართულმა ოცნებამ“ კი, არჩევნებზე დასაკვირვებლად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ეუთო/ოდირი) მოწვევის წერილით 6 სექტემბერს მიმართა.
ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე დაკვირვების პროცედურა და მეთოდოლოგია დეტალურად არის გაწერილი შესაბამის სახელმძღვანელოში (მე-6 გამოცემა, 2010წ.). უნდა აღნიშნოს, რომ სახელმძღვანელო არ განსაზღვრავს კონკრეტულ ვადებს, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური მოწვევისთვის, თუმცა მასში მითითებულია კონკრეტული პერიოდები, რომლებიც მისიის დაარსებასა და ოპერირების ეტაპებს უკავშირდება.
დოკუმენტში პირდაპირ არის ხაზგასმული: „ეფექტიანი, სანდო და პროფესიონალური დაკვირვების უზრუნველსაყოფად, მიმღებმა ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს ეუთო/ოდირის მუშაობას, რათა მან საკუთარი მოვალეობების დროულად შესრულება შეძლოს“. აღნიშნული, მათ შორის, სადამკვირვებლო მისიის დროულ დაკომპლექტებასა და აკრედიტაციას, საარჩევნო გარემოს შესწავლასა და საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობას გულისხმობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1990 წელს მიღებული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით, ეუთო/ოდირს წევრი/სახელმწიფოებისგან არჩევნებზე დაკვირვების მუდმივმოქმედი მოწვევა (standing invitation) აქვს, რაც ნიშნავს, რომ ფორმალურად, დაკვირვების მიზნებისთვის მას დამატებითი მოწვევა აღარ სჭირდება. თუმცა, ეუთოში ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, „წევრი სახელმწიფოები ოდირს დროულად უგზავნიან წერილობით მოწვევას, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ საკუთარი ვალდებულება და მზაობა, საერთაშორისო დამკვირვებლებს უმასპინძლონ“.
სახელმძღვანელოს თანახმად, ჩვეულებრივ, სტანდარტული სადამკვირვებლო მისია მუშაობას არჩევნებამდე 6-8 კვირით ადრე იწყებს, რათა მოხერხდეს საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა ასპექტის (მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს, კანდიდატებისა და ამომრჩევლების რეგისტრაციის, კამპანიის წარმოების წესების, მედიაგარემოს) გათვალისწინება. არჩევნების დღემდე, სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშსაც აქვეყნებს, წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებისა და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მოსაწვევი წერილი ეუთო/ოდირს, სულ მცირე, ისეთ დროს უნდა გაეგზავნოს, რომ მას წევრი სახელმწიფოების შეტყობინება და მისიის განთავსება დროულად - არჩევნებამდე 6-8 კვირით ადრე - შეეძლოს.
სტანდარტული სადამკვირვებლო მისია ანალიტიკოსთა ძირითადი გუნდისგან, გრძელვადიანი დამკვირვებლებისა და მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან შედგება. მიმღები ქვეყნისგან მოწვევის მიღების შემდეგ, ეუთო/ოდირი თითოეულ წევრ სახელმწიფოს უგზავნის ვერბალურ ნოტას და სთხოვს არჩევნებზე გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მივლენას, რაც, თავისთავად, გარკვეულ დროს საჭიროებს. არჩევნებამდე დაახლოებით 6-8 კვირით ადრე, ეუთო/ოდირი მიმღებ ქვეყანაში აარსებს თავის ოფისებს, სადაც ბაზირებული იქნება 10-დან 15-მდე წევრისგან შემდგარი ძირითადი ჯგუფი. გრძელვადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში მისიის დაარსებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩადიან და არჩევნების დღის შემდეგ, კიდევ ერთი კვირა რჩებიან, გასაჩივრების პროცესისა და დავების გადაწყვეტის მონიტორინგის მიზნით. მოკლევადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში უშუალოდ არჩევნების პერიოდში, ერთი კვირის განმავლობაში, იმყოფებიან.
სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურა ცხადყოფს, რომ ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში საარჩევნო პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ეს უკავშირდება არა „ზედმეტ ბიუროკრატიას“, როგორც ამას ირაკლი კობახიძე აცხადებს, არამედ გონივრულ ვადებს, რომელსაც მისიის დაკომპლექტება, აკრედიტაცია, გრძელვადიანი დამკვირვებლების განლაგება, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი და სხვა პროცედურა მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველომ ეუთო/ოდირს მოწვევის წერილით ჯერ კიდევ აპრილში მიმართა; 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო/ოდირს წერილი 12 თებერვალს გაუგზავნა.
ასევე, თუ გადავხედავთ წინა წლებში საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სამუშაო გრაფიკს, ვნახავთ, რომ ისინი დაგეგმილ არჩევნებამდე, სულ მცირე, 5 კვირით ადრე იწყებდნენ მუშაობას, რაც ნიშნავს, რომ მათი დაკომპლექტება, ხელისუფლების ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, კიდევ უფრო ადრე ხდებოდა.
[1]
ის, რომ სადამკვირვებლო მისიის დაარსებისთვის ერთ თვეზე ნაკლები დრო საკმარისი არ არის, თავად ეუთო/ოდირმა დაადასტურა. კერძოდ, ეუთო/ოდირის დირექტორმა მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ გვიან ეტაპზე ორგანიზაციის მოწვევა „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს“. მისი თქმით, „არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, რომლის გამოყენებაც ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია.
თავის მართლების მიზნით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის მოწვევისთვის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულებას ელოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციაც მიიღებს და პროცესი კონკურენტულ გარემოში წარიმართება.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა - „გირჩმა“, ხოლო ივლისის დასაწყისში კიდევ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ - “ძლიერი საქართველო-ლელო” და „გახარია საქართველოსთვის“ - დაადასტურა. 8 აგვისტოსთვის, არჩევნებისთვის რეგისტრაცია 17-მა პარტიამ, მათ შორის, ზემოხსენებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, გაიარა. ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ არგუმენტს მთლიანად აბათილებს. თუ მმართველი პარტია მართლა ოპოზიციის გადაწყვეტილებას ელოდებოდა, წერილის გაგზავნა უკვე ივლისში, უკიდურეს შემთხვევაში, აგვისტოს დასაწყისში შეიძლებოდა, როდესაც ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეგისტრაცია გაიარეს.
გარდა ამისა, წინა წლების პრაქტიკით დასტურდება, რომ „ქართული ოცნება“ სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად არათუ რეგისტრაციის დასრულებას, არჩევნების ოფიციალურ დანიშვნასაც კი არ ელოდებოდა.
შეეძლო, თუ - არა ეუთო/ოდირს „არასტანდარტული“ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა?
სტანდარტული სადამკვრვებლო მისიის გარდა, ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო ითვალისწინებს განსხვავებული ფორმატისა და მანდატის მქონე მისიების შექმნას, რაც ქვეყნებისა და არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარეობს.
ეუთოში არსებობს შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის (Limited Election Observation Mission) პრაქტიკა, რომელიც მხოლოდ გრძელვადიანი დამკვირვებლების მივლინებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, მოკლევადიანი დამკვირვებლების წარგზავნა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა ან იმის გამო, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები მოსალოდნელი არ არის, ან პირიქით, არჩევნები პოლიტიკური პლურალიზმისა და კონკურენციის არარსებობის პირობებში ტარდება და მოკლევადიანი დაკვირვება დამატებით ღირებულებას არ წარმოადგენს. ამავდროულად, ეუთო/ოდირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მთლიან საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას; სწორედ ამას ემსახურება გრძელვადიანი დამკვირვებლების მივლინების იდეა.
კიდევ ერთი შესაძლებლობა ითვალისწინებს არჩევნების შეფასების მისიას (Election Assessment Mission). სადამკვირვებლო მისიებისგან გასხვავებით, შეფასების მისიები მთელ საარჩევნო პროცესს არ აკვირდებიან, რადგან არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არც ერთი მხრიდან არ არსებობს და ყოვლისმომცველი დაკვირვების საჭიროება არ დგას. ამის მაგივრად, ისინი ყურადღებას ამახვილებენ მცირე ხარვეზებზე, რომლებიც შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდეს. როგორც წესი, არჩევნების შეფასების მისია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში იგზავნება.
დაბოლოს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეუთო/ოდირმა შესაძლოა არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფი (Experts Team) მიავლინოს. ეს მოიცავს შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია არჩევნებზე დაკვირვება სტანდარტული მეთოდოლოგიით, მაგალითად, ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ან როდესაც არჩევნების გზით მხოლოდ ცალკეული ვაკანტური ადგილების შევსება ხდება.
როგორც ვხედავთ, არჩევნების შეფასების მისია და ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს კონტექსტს არ ერგება, ხოლო შეზღუდული სადამკვირვებლო მისია მხოლოდ გრძელვადიან დამკვირვებლებს გულისხმობს, რაც საქართველოში, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნებოდა.
ამდენად, ეუთო/ოდირის დამტკიცებული პროცედურით, საარჩევნო პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების მიზნით, სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბება/დაკომპლექტება ისეთ დროს ხდება, რომ მისიას 6-8 კვირით ადრე მუშაობის დაწყება შეეძლოს. თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ადასტურებს, რომ მოწვევის მიღება, როდესაც არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, შეუძლებელს ხდის საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე დაკვირვებას. ეს კი ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
[1] შენიშვნა: ეუთო/ოდირის ოფიციალური ვებ-გვერდის აღნიშნულ ფოტოანაბეჭდზე გაპარულია ტექნიკური შეცდომა. მისია 26 აგვისტოს გაიხსნა, როგორც ეს ანგარიშშიც არის მითითებული.