სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ, რომელიც ხშირად ავრცელებს რუსეთის მხარდამჭერ დეზინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომზე, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აშშ-ის მიერ მთვარეზე ასტრონავტების წარმატებულ მისიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პოსტს, სადაც ამერიკელებს „აფერისტებს“ უწოდებს, თან ფოტოც ერთვის, რომელიც თითქოს აპოლო 11-ის ისტორიული მისიის ამსახველი ტრანსლაციის დროს ეთერში ძაღლის გამოჩენას ასახავს.

ამერიკელი კოსმონავტის პირველი ნაბიჯი და მისი ნაკვალევი მთვარეზე 1969 წლის 20 ივლისს ფოტოზე იქნა აღბეჭდილი. თუმცა, მას შემდეგ ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ნილ არმსტრონგის მთვარეზე ყოფნა შეთხზული იყო.

სოციალურ ქსელში „მთვარეზე მყოფი ძაღლის“ ვიდეორგოლი, სავარაუდოდ, 2017 წლიდან ვრცელდება. 2023 წლის 9 იანვარს ის Twitter-ზე მეცნიერმა ქლიფორდ ალან პიქოვერმაც გამოაქვეყნა, რომელმაც ვიდეორგოლის წყაროდ სოციალური ქსელი Reddit მიუთითა. თუმცა, მეცნიერმა ამავე პოსტს NASA-ს მიერ გადაღებული ორიგინალი ფოტოც დაურთო.

სინამდვილეში, აპოლო 11-ის ექსპედიციის ფარგლებში, მთვარეზე ადამიანის გავლის ამსახველ ვიდეოში, რომელიც NASA-ს ოფიციალურ YouTube გვერდზეა ატვირთული, მსგავსი კადრი არსად ფიქსირდება. ამდენად, „მთვარეზე მყოფი ძაღლის“ გამოსახულებას აპოლო 11-თან არაფერი აქვს საერთო.

NASA-ს ვებგვერდის მიხედვით, აღნიშნული ფოტო, რომლის დამუშავებული ვერსიაც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება, აპოლო 17-ის ექსპედიციის დროსაა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში „აპოლო 11-ის“ ექსპედიცია და მთვარეზე პირველი ადამიანის - ნილ არმსტრონგის - გავლა კოსმოსის ათვისების სფეროში ამერიკის საბჭოთა კავშირზე გამარჯვებადაა შეფასებული. არმსტრონგისა და მისი თანამგზავრის, ბაზ ოლდრინის მთვარეზე ყოფნას, მსოფლიოს მასშტაბით, 600 მილიონი ადამიანი ტელეეკრანებისა და რადიოს მეშვეობით თვალყურს ადევნებდა.

არმსტრონგმა ცნობილი სიტყვები - „ადამიანისთვის ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი, კაცობრიობისთვის კი - უზარმაზარი ნახტომი“, - სწორედ მაშინ წარმოთქვა, როცა მთვარეზე ფეხი პირველად დადგა.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.