მიმდინარე გამოცემის თემები:

• ევროკომისიის გადაწყვეტილებას დეზინფორმაციის ტალღა მოჰყვა

• ევროპისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია, მაგრამ არსებობს ალტერნატივები - ამტკიცებს პრორუსული დეზინფორმაცია

• „ნაციზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ მთავრდება

• კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

• ეკონომიკური სანქციების შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივები

• დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში

(13-19 ივნისი)

ევროკომისიის გადაწყვეტილებას დეზინფორმაციის ტალღა მოჰყვა

17 ივნისი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის, (ცნობილი როგორც ასოცირებული ტრიო), ისტორიული მნიშვნელობის დღე იყო. ევროკომისიმ ამ სამი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის შესახებ თავისი მოსაზრებები გამოაცხადა.

ევროკავშირის კომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაშინ როდესაც საქართველოსთვის მან მხოლოდ ევროპული პერსპექტივის რეკომენდაცია გასცა და წარადგინა იმ სამუშაოების სია, რომელიც საჭირო იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ძირითადი თემა გახდა.

დეზინფორმაცია მთავარი ფოკუსით უკრაინის კანდიდატის სტატუსზე:

• ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფის - Alt-Info-ს - მიხედვით, რუსეთი უკრაინაში ომს იგებს და ევროპა უკრაინას კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, რათა აიძულოს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა. პრორუსული გამოცემა ასევე ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საკითხავია, ქვეყნის რომელი ნაწილი შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ის აუცილებლად დაკარგავს ტერიტორიებს და მისი საზღვრები შეიცვლება. Alt-Info ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ვერცერთი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას. Alt-Info მიანიშნებდა, რომ უკრაინას უზარმაზარი დანაკარგების გამო კატასტროფა ელის. უფრო მეტიც, Alt-Info-ს ინფორმაციით, უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან და ერთმანეთის გარდა, ისინი დასავლეთსაც ადანაშაულებენ.

• Alt-Info-მ ისიც კი მოახერხა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დასავლეთის მხრიდან ომის გახანგრძლივების „სურვილს“ დაუკავშირა. პრორუსული პლატფორმის თანახმად, ევროპამ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რათა უკრაინამ კიდევ რამდენიმე თვით იბრძოლოს და განადგურდეს. Alt-Info-მ დაასკვნა, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა მიიღო ამორალური გადაწყვეტილება, რადგან, ამით ისინი ომს ახანგრძლივებენ და უკრაინას მოლაპარაკების წარმოებაში უშლიან ხელს.

დეზინფორმაცია მთავარი ფოკუსით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე:

საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოში ომის გავრცელების რისკის შიში პროპაგანდისტულ არსენალში კვლავ მთავარ იარაღად რჩება. GRASS-ის Disinfo Brief-ის წინა ნომერში აღვწერდით რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური წარუმატებლობის გასამართლებლად ახალი განტევების ვაცი იპოვა - ევროკავშირი. იმ პერიოდში, „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტთან საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუციის გამო რიტორიკულ ომში იყო. თუმცა, ამჯერად, „ქართული ოცნების“ ლიდერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და საკუთარი პასუხისმგებლობის ასარიდებლად ახალ სიმაღლეებს მიაღწიეს. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე (და ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ) განაცხადა, რომ „თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ომით განისაზღვრება, მაშინ ჩვენ არ გვინდა ომი“. პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის და რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა, საქართველოს ომი რომ დაეწყო. თუმცა, მან განაცხადა, რომ არ იქნება არავითარი ომი და რევოლუცია, რომელიც ორკესტრირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის არმიღება და მეორე ფრონტის გახსნის საკითხები ერთმანეთთან დააკავშირეს. მათი თქმით, საქართველო დაისაჯა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან აქ არ დაიწყო ომი, არ დაწესდა სანქციები რუსეთის მიმართ და არ გაიხსნა მეორე ფრონტი.

იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება კამპანიურად ავრცელებს მსგავს მესიჯებს, თითქმის ყველა ძირითადმა დეზინფორმაციულმა და პროპაგანდისტულმა წყარომ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, გამოეყენებინა ეს ნოყიერი ნიადაგი და გაემეორებინათ და განევრცოთ ეს მავნე გზავნილები. ქართულ პროპაგანდისტულ ჯგუფებში მსგავსი ნარატივები ყველაზე გავრცელებადი გახდა:

• შვიდი პროპაგანდისტული პოსტი თითქმის 4,700 ინტერაქციითა და 19,000 ნახვით ამტკიცებდა, რომ დასავლეთი/უკრაინა/ქართული ოპოზიციური პარტიები ცდილობენ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.

• გამოვლინდა თოთხმეტი პროპაგანდისტული პოსტი (17 ივნისიდან 19 ივნისამდე) თითქმის 8,500 ინტერაქციითა და თითქმის 50,000 ნახვით, სადაც ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის არ გახსნის გამო ვერ მიიღო.

ზოგიერთმა წყარომ განავითარა შეთქმულების თეორია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ომში არჩართვის გამო არ მიენიჭა. შეთქმულების თეორიის მიხედვით, ამ უარით ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, დაძაბულობის შექმნას და, შედეგად, ომის პროვოცირებას საქართველოში და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. ასევე იყო გზავნილი, რომ დასავლეთმა დასაჯა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების გამო.

ზოგიერთმა პროპაგანდისტულმა აქტორმა მადლობა გადაუხადა პრემიერ ღარიბაშვილს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის არგახსნისთვის და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველო დასაჯა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით, რაც ყველაზე მნიშნელოვანია, რუსული ბომბები არ ცვივა საქართველოს თავზე.

ევროპისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია, მაგრამ არსებობს ალტერნატივები - ამტკიცებს პრორუსული დეზინფორმაცია

მას შემდეგ, რაც დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული წყაროები ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ შესაძლებლობას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას უკავშრებდნენ, რაზეც საქართველომ არაერთხელ თქვა უარი და, შესაბამისად, დაისაჯა კიდეც (პროპაგანდისტული საშუალებების მიხედვით), პროპაგანდისტული წყაროები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ უარყო საქართველო. თუმცა, სანაცვლოდ, პროპაგანდისტული არხები საქართველოს მომავალი საგარეო პოლიტიკური კურსის გარკვეული „სახელმძღვანელოებს“ გვთავაზობენ (ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი):

• მაგალითად, Isari.ge აცხადებდა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სისულელეა, რადგან ევროატლანტიკური სივრცე უკრაინელების ხელით რუსეთთან მარიონეტულ ომს აწარმოებს.

• ზოგიერთი Facebook-ანგარიში ევროკომისიის გადაწყვეტილებით კმაყოფილიც კი იყო. როგორც მათ გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადეს, საქართველო აღარ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს უკრაინას და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე შეურაცხყოფები მოითმინოს. ანალოგიური ნარატივი გააძლიერა ანტიდასავლურმა ონლაინ მედიამ – MarshalPress-მაც, სადაც ნათქვამია, რომ ევროკომისიისგან უარის თქმით, საქართველოს შესაძლებლობა გაეხნა, განამტკიცოს სუვერენიტეტი. MarshalPress-მა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების დროა და საქართველოს რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობის განახლება შესთავაზა, რაც საქართველოს ეკონომიკას მეტ მოგებას მოუტანს. MarshalPress-მა განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი მლიქვნელი წევრი ქვეყანა უკვე მიმართავს ამ პრაქტიკას, მაგრამ ბრიუსელის დაბალი რანგის მოხელეების დირექტივებმა საქართველოს ხელი შეუშალა და ახლა მთავრობას მიეცა შანსი, ქვეყნის ინტერესები ევროპისაზე მაღლა დააყენოს.

• ზოგიერთი აქტორი ამტკიცებდა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინის ჩარევების გამო ვერ მიიღო. კერძოდ, Facebook-ჯგუფში - „პროტესტი“ - ნათქვამია, რომ არახამიამ (მაღალი რანგის დეპუტატი და წამყვანი მომლაპარაკებელი რუსეთთან) აღიარა, რომ უკრაინა აშშ-სა და ევროპასთან ბიძინა ივანიშვილის (ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ამჟამად, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ოლიგარქი) სანქცირების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. დეზინფორმაციის მიხედვით, უკრაინამ მოითხოვა კიდეც, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, რათა ქვეყანაში ქაოსი გამოეწვიათ და ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა და ხელისუფლების დასამხობად გზა გახსნოდა. პრორუსი „ექსპერტი“ სოსო მანჯავიძე ამტკიცებდა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას შეურაცხყოფას აყენებს. ეს გზავნილები მიზნად ისახავს იმ იდეის წინ წამოწევას, რომ საქართველომ უკრაინის მთავრობისთვის ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

• „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მალხაზ თოფურიამ, პარტიასთან დაკავშირებული ტელევიზიის - „ობიექტივის“ - ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე კონსტიტუციის ერთ მუხლშია ჩაწერილი და ამ ორი ორგანიზაციის ერთმანეთთან გათანაბრება შეცდომაა. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ანტიდასავლური განცხადებების მიუხედავად, პრორუსული პარტია საჯაროდ უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა მუდმივად ავრცელებს NATO-ს საწინააღმდეგო ნარატივებს. თოფურიამ მოითხოვა კონსტიტუციიდან NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფების შესახებ არსებული მუხლის ამოღება საქართველოს ისტორიის იმ პერიოდების გახსენებით, როდესაც ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებას არ ცდილობდა.

• Alt-info-ს სტუმარი აცხადებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ უნდა თქვას უარი NATO-ზე და საქართველომ რუსეთთან რეალური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს (სავარაუდოდ, რაიმე სახის გარიგებაზე). მან ასევე განიხილა სცენარი, როდესაც უკრაინაზე რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად მოუწევს და განაცხადა, რომ საქართველომ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. Alt-Info-მ ასევე გააჟღერა ანტიუკრაინული და ანტიამერიკული რიტორიკა.

„ნაციზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ მთავრდება

რუსული პროპაგანდა გამოგონილი მტრის სახელით ქარის წისქვილებთან ბრძოლას განაგრძობს, რათა რუსეთის მოსახლეობა და რუსეთის მომხრეები მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით მის სამეზობლოში, საერთო მიზნის ირგვლივ გააერთიანოს. კერძოდ, პრორუსული წყაროები ნაციზმს, მეორე მსოფლიო ომის დაუვიწყარ მტერს, მტრის ხატის შესაქმნელად იყენებენ:

• პრორუსულმა გამოცემებმა „საქართველო და მსოფლიო“, „ნიუსფრონტი“ და „დალმა News” რუსეთის მარიონეტული ორგანიზაციის, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის ინტერვიუ გამოაქვეყნეს, რომელშიც რცხილაძე მიმდინარე ომში რუსეთის უპირატესობას უსვამს ხაზს. ინტერვიუში ყურადღება გამახვილებული იყო აზოვის ბატალიონის წევრებზე, ამჟამად ომის ტყვეებზე, რომლებიც ინტერვიუერისა და რესპოდენტის თქმით, ნაცისტური იდეოლოგიისადმი ერთგულებასა და ტყვეების მკვლელობას აღიარებდნენ. რცხილაძემ აღნიშნა ისიც, რომ აზოვის ბატალიონის წევრების გარდა, ომის დანაშაულებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებიც ჩადიან. მანვე კიდევ ერთხელ გააჟღერა ცნობილი გზავნილი, რომ უკრაინის საარტილერიო დაბომბვების სამიზნე დონბასის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობაა და რომ ის, ამ პრაქტიკას ერთგულად აგრძელებს, რათა მაქსიმალურად დააზიანოს რეგიონი ამ ტერიტორიებისა და შესაბამისად, მისი დაბომბვის შესაძლებლობის დაკარგვამდე.

• გადამდგარმა გენერალმა და 2020 წლის პარლამენტში პრორუსული პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ საავტორო გადაცემაში „ვის უნდა მშვიდობა“ გადამდგარ ლეიტენანტთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად მიმდინარე ომი მიმოიხილა. ყოფილი მაღალჩინოსნებისა თუ ე.წ. ექსპერტების მოწვევა დეზინფორმაციული ნარატივების გასათეთრებლად და საზოგადოების თვალში სანდოობის მოსაპოვებლად ტელეკომპანია „ობიექტივში“ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. გენერალმა შარვაშიძემ საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს დაწინაურებული პოზიცია უკავია და წარმატებულად ახორციელებს უკრაინის დენაციფიკაციის ამოცანას, თითქოს უკრაინას მართლაც ნაცისტები მართავდნენ და უკრაინელებს მათგან გათავისუფლება სჭირდებოდათ. შარვაშიძემ ასევე რუსეთის წამოწყებული არაპროვოცირებული ომის გასამართლებელი პოზიციაც გააჟღერა, რომ თითქოს რუსეთი უკრაინაში ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა და აღნიშნა, რომ ომის დასრულების აუცილებელ წინაპირობას უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია წარმოადგენს.

კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

უკრაინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასში მიწის ყოველი გოჯისთვის სასიკვდილო ბრძოლაში არიან ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალებმა მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ შეძლო, რუსული პროპაგანდა ტრიუმფალური ტონით გაორმაგდა. კრემლის მარიონეტები ახლა დარწმუნებულნი არიან თავიანთ გარდაუვალ გამარჯვებაში და ცდილობენ, რომ ამ „აქსიომაში“ საზოგადოებაც დაარწმუნონ. გზავნილს, რომ უკრაინა ომს აგებს, 6,000-ზე მეტი ინტერაქცია დაუგროვდა. „ალტ-ინფო“, ამ მხრივ, საკმაოდ აქტიური იყო. სხვა რუსმა მარიონეტებმა კი უკრაინის წინააღმდეგ მცირე მასშტაბის აქცია მოაწყვეს, დაგმეს კიევის ხელმძღვანელობა და მხარი დაუჭირეს სიმბოლო "Z-ს".

• პრორუსული არხი „ალტ-ინფოს“ ცნობით, უკრაინის გადაწყვეტილება, ეწარმოებინა სრულმასშტაბიან ომი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, იყო არაგონივრული და არაპრაგმატული, რადგან უკრაინას რუსეთისთვის წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, მეტ ტერიტორიას და ინდუსტრიულ პოტენციალს არ დაკარგავდა. „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, ამის ნაცვლად უკრაინამ ზელენსკის მთავრობის პირადი კეთილდღეობისთვის და NATO-ში გაწევრიანების აბსტრაქტული პერსპექტივისთვის ბრძოლა აირჩია. გარდა ამისა, „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ უკრაინამ თითქმის ამოწურა თავისი სამხედრო და სამობილიზაციო პოტენციალი, შესაბამისად, აგებს ომს და კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს - არა მხოლოდ დონეცკს, ლუგანსკს და ხერსონს, არამედ ხარკოვსაც.

• „ალტ-ინფო“ ბრძოლის ველს შემდეგნაირად აღწერს: რუსეთს საარტილერიო თვალსაზრისით დიდი უპირატესობა აქვს და, შესაბამისად, რუსული ძალების შესაძლებლობები უკრაინისას მნიშვნელოვნად აღემატება. რუსები ანადგურებენ უკრაინულ პოზიციებს, კლავენ უკრაინელ ჯარისკაცებს და იკავებენ ახალ ტერიტორიებს.

• პრორუსულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა - Isari.ge-მ, გაავრცელა გზავნილი, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და გადაწყვიტა ეთქვა ის, რაც "ქართველმა ხალხმა არ იცის" - კერძოდ, დროებითი ადმინისტრაციები, რუსული რუბლი და რუსული სატელევიზიო გადაცემები უკვე მოქმედებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადგილობრივები რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რიგში დგანან. ეს გზავნილი მიზნად ისახავდა საზოგადოებაში იმ იმედის ჩაკვლას, რომ უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და ცდილობდა საზოგადოების დაერწმუნებინა, რომ ანექსიის პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობით მიმდინარეობს. Isari.ge-მ ნარატივის გასაძლიერებლად დაამატა, რომ ზოგიერთი უკრაინელი ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მიწოდებულ საქონელს, მათ შორის საქართველოდან მიწოდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას, შავ ბაზარზე ყიდის. ასევე, Isari.ge-მ დასავლეთის შეურაცხყოფის მიზნით განაცხადა, რომ პირადად პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა გუნდმა დასავლეთისგან 200 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რათა რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური დასუსტებისა და საბოლოოდ მისი დამარცხების მიზნით ომი გააგრძელონ.

• პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“, „ნიუს-ფრონტი“ და Dalma News გულბაათ რცხილაძეზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში შემობრუნების მოწმენი ვართ. მათი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში გადამწყვეტ უპირატესობას აღწევენ, იკავებენ მნიშვნელოვან ტერიტორიას, რაც რუსეთის სტრატეგიულ გამარჯვებას უტოლდება. რცხილაძემ დასძინა, რომ რუსეთი, მინიმუმ, შეინარჩუნებს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოსკოვის ერთგულია. მაგრამ, მისი თქმით, თუ უკრაინა არ დაიწყებს მოლაპარაკებებს და არ აღიარებს ახალ რეალობას და საზღვრის კონფიგურაციას, რუსეთის იმ რეგიონებში შეჭრის პროვოცირება შეიძლება მოხდეს, სადაც ადგილობრივებს არ სურთ რუსეთთან ინტეგრირება. რცხილაძემ განიხილა უკრაინის მიერ მოლაპარაკებებზე უარის თქმის შესაძლებლობა. მისი თქმით, ეს გამოიწვევს რუსეთის შემდგომ წინსვლას და უკრაინაში პარტიზანული ომის დაწყებას, რომელიც მიზანიც რუსეთის დასუსტებისთვის დაძაბულობის მუდმივი კერის შექმნა იქნება.

• Facebook-ის ზოგიერთმა ქართველმა მომხმარებელმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის პოზიციების სიღრმეში არსებულ სამიზნეებს დასავლეთისთვის შეუდარებელი კინჟალის რაკეტებით ანადგურებს. შესაბამისად, საქართველოში „ომის წამქეზებლები“ მხარს უჭერენ იმ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში სისხლისღვრამდე მიგვიყვანს, რადგან არათუ საქართველო, დასავლეთიც კი ვერ აკავებს რუსეთის დახვეწილ იარაღს.

• "პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამტკიცებდა, რომ დასავლეთი ცდილობდა ბელორუსში ქაოსის გაღვივებას, მაგრამ ვერ მოახერხა და ახლა, ომიდან 100 დღის შემდეგ, უკვე ნათელია, რომ რუსეთს უკრაინაზე გადამწყვეტი უპირატესობა აქვს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი რუსეთის შიგნით აჯანყების წაქეზებისა და ხელისუფლების დასამხობად რუსული არმიისთვის ძალის გამოცლას, მისი ეკონომიკის ჩამოშლას და ნეგატიური სოციალური სიტუაციის შექმნას გეგმავდა, მისი გეგმები მარცხით დასრულდა და ევრაზიაში კიდევ ერთი გეოპოლიტიკური კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული.

• ცნობილმა სახემ და დეზინფორმატორმა ლალი მოროშკინამ ანტიდასავლურ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ ომი წააგო; მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული.

• პრორუსულმა “საქართველომ და მსოფლიომ” და Split Space News-მა შეარჩიეს სტატიები დასავლური მედიიდან და ოფიციალური პირების გამოსვლები დაამახინჯეს, რათა გაევრცელებინათ ნარატივი, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობისკენ უბიძგებს.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

რუსული არტილერიისა და ავიაციის გარდა, კრემლისტური პროპაგანდის სამიზნე უკრაინელი ლტოლვილები არიან:

• გულბაათ რცხილაძემ შეთხზა თეორია, თითქოს რუსეთსა და დასავლეთს შორის „მდუმარე შეთანხმება“ არსებობს (რაც შესაძლოა ნავთობზე მოჩვენებითი ემბარგოს დაწესების მიზეზიც იყოს), რომლის თანახმადაც, რუსეთი მთლიანად არ გაანადგურებს უკრაინულ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ ევროპაში უკრაინელ ლტოლვილთა ტალღა არ გაიზარდოს. რცხილაძემ დაასკვნა, რომ ფარული შეთანხმების ფარგლებში, რუსეთი კიევს არ დაბომბავს, რადგან ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების ნაკადი არ გაიზარდოს, სანაცვლოდ კი ევროპა აიღებს პასუხისმგებლობას უკრაინას შეზღუდული სამხედრო დახმარება გაუწიოს.

• პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებდა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა არ აწუხებთ, მაშინ როდესაც ქართველი ხალხი უკრაინის ბედით შეძრწუნებულია. თავისი არგუმენტის დასამტკიცებლად, სტატიის ავტორმა განაცხადა, რომ უკრაინელი ახალგაზრდები საქართველოში საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ, სადაც ყვიროდნენ, ლუდს სვამდნენ ისე, თითქოს მარიუპოლში თუ სევეროდონეცკში არაფერი ხდებოდა.

• თბილისში მცხოვრებ უკრაინელებს რომ მიმდინარე ომი არ ადარდებთ, რასაც ამტკიცებს მათ მიერ ჩამოხსნილი უკრაინის დროშები, „ექსპერტმა“ მიხეილ ჟღენტმა „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში გაიმეორა.

ეკონომიკური სანქციების შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივები

კრემლის პროპაგანდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ეფექტურობას კვლავ უარყოფს და იმეორებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მისსავე ეკონომიკას უთხრის ძირს.

ეკონომიკური სანქციების გავლენასა და მის ეფექტურობასთან დაკავშირებით უკვე კარგად ნაცნობი პროპაგანდისტული ნარატივების გარდა, ახალი გზავნილებიც გამოჩნდა:

● „ალტ-ინფოს“ მტიცების თანახმად, ევროპამ რუსეთს სანქციები დაუწესა, თუმცაღა თავად დაშლის პროცესშია, მის მიერ დაწესებული სანქციებიდან კი რუსეთი და შეერთებული შტატები იღებენ სარგებელს.

● ამასთან, ალტ-ინფო იმასაც ამტკიცებდა, რომ საქართველო დასავლეთს ვერ დაეყრდნობა და ეს უბრალოდ ილუზიაა, რადგან უკრაინაც კი არ არის დასავლეთზე დამოკიდებული. „ალტ-ინფოს“ თანახმად, დასავლური სახელმწიფოები რუსეთთან ფარული ვაჭრობით სარგებლის მოპოვებას ცდილობენ, ამიტომ საქართველომაც იგივე უნდა გააკეთოს.

● პრორუსული ტელეკომპანია „ობიექტივის“ მტკიცებით, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს თავს კარგად ართმევს, ხოლო დასავლეთმა სანქციების პოლიტიკა არასწორად გათვალა; შედეგად, დასავლეთი განიცდის ბუმერანგის ეფექტს, ხოლო რუსეთი, პირიქით, შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან სარგებელს იღებს. როგორც ტელეკომპანია „ობიექტივი“ ამტკიცებს, ეკონომიკური სანქციების შედეგად, აშშ დოლარიც უფასურდება, რადგან დოლარი, რუბლისგან განსხვავებით, ოქროთი არ არის გამყარებული.

● ამავე ნარატივს ავრცელებს პრორუსული „საქართველო და მსოფლიოც”, ამტკიცებს რა, რომ სანქციებმა დასავლეთის კომპანიებსა და მოსახლეობას ბევრად უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა, ვიდრე რუსეთის ეკონომიკასა და რუს მოსახლეობას.

● ანტიდასავლურმა გამოცემა „საერთო გაზეთმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ დასავლეთმა საქართველო იმის გამო დასაჯა, რომ ქვეყანა ორმხრივ სანქციებს არ მიუერთდა, მეორე ფრონტი არ გახსნა და სტაბილურობა შეინარჩუნა. ამავდროულად, „საერთო გაზეთი“ კიდევ ერთ ყალბ მტკიცებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის „სასჯელი“ ევროპარლამენტისა და შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის „სანქცირებასა და მისი ფინანსური აქტივების 400 მილიონი დოლარის გაყინვაში აისახა”. საერთო გაზეთმა აქედან დაასკვნა, რომ დასავლეთი „კრედიტ სუისს” ივანიშვილის წინააღმდეგ კამპანიაში უჭერს მხარს.

● ამავე მტკიცებას ავრცელებდა დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომ, თითქოს, დასავლეთმა საქართველო სტაბილურობის შენარჩუნების, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესებისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თავიდან აცილების გამო დასაჯა.

● „ალტ-ინფოსა“ და „ალტ-ინფოს“ მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა ვერ გაანადგურა, სანაცვლოდ, უკრაინის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

● „ალტ-ინფომ“ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა დასავლეთისა და ევროპის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი უკვე მოიგო, ხოლო აშშ-ს პუტინის აგრესიის შეჩერება არ შეუძლია. გარდა ამისა, „ალტ-ინფომ“ არსებულ სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ქვეყნები შიმშილის ზღვარზე მიიყვანა.

● „სპუტნიკ-საქართველომ“ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით მორიგი ქვენარატივი გაავრცელა, განაცხადა რა, რომ ბაზრებზე ხორბლის დეფიციტი არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, ევროპელი პოლიტიკოსები პანდემიის შეზღუდვებით და ანტირუსული სანქციებით გამოწვეული მიწოდების შეფერხებითა და ლოჯისტიკური პრობლემების შექმნით არსებული საკითხის გამწვავებას ცდილობენ.

● კიდევ ერთი პრორუსული გამოცემა Isari.ge, რომელიც ომის შესახებ მოვლენებს რუსეთის სასარგებლოდ მიზანმიმართულად ამახინჯებდა, ამტკიცებდა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენოს, რადგან, ამ სანქციებმა უკვე რუსეთის ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. კერძოდ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების უმნიშვნელოდ წარმოჩენის მიზნით, Isari.ge ასევე ამტკიცებდა, რომ ნავთობზე ევროკავშირის ნაწილობრივი ემბარგოს შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა, რამაც რუსეთის ეკონომიკაში აშშ დოლარის შემოდინება გაზარდა. მეტიც, პრორუსული სტატიების ცნობილი ავტორი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, ამტკიცებდა, რომ რუსეთი სანქციებს კარგად უმკლავდებოდა და დასავლეთს მის წინდაუხედაობაში ადანაშაულებდა, მიუთითებდა რა კუბის, ირანისა და საბჭოთა კავშირის, როგორც სანქციებისთვის გამკლავების წარმატებულ შემთხვევებზე. Isari.ge ერთ-ერთ სტატიაში იმასაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიის, ბუნებრივი რესურსების, სამეცნიერო პოტენციალისა და სხვა ფაქტორების გამო მისი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირება შეუძლებელია.

● კრემლის მიერ დაფინანსებულმა „ნიუს-ფრონტმა“ პირველ ხუთ თვეში მოსკოვის საბიუჯეტო პარამეტრებსა და მისი მაკროეკონომიკურ სტაბილურობას გაუსვა ხაზი და დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობას შეუძლია ეკონომიკური და ფინანსური სექტორების სტაბილურობას შეუწყოს ხელი.

● „ალტ-ინფოს“ ეთერში მიხეილ ჟღენტი ამტკიცებდა, რომ ევროპა სექტემბერ-ოქტომბრის სანქციების შედეგებს, განსაკუთრებით, გაზსა და ხორბალზე დაწესებულ ემბარგოს, ვერ აიტანს. მისი თქმით, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუმინეთის ლიდერები კიევს ეწვივნენ, რათა უკრაინას მოლაპარაკება და ტერიტორიების დათმობა სთხოვონ, რაც ევროპას სანქციებით გამოწვეულ შედეგებს შეუმსუბუქებს და ამ ზამთარს გადაარჩენს.

● „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მახარაძემ განაცხადა, რომ ევროკომისია სხვა სანქციების პაკეტზე არ მუშაობს, რადგან შემდგომი სანქციების დაწესება სულ უფრო რთულდება. მისი თქმით, ევროპამ რუსეთის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთი მხოლოდ დისკომფორტს და არა მძიმე ზარალს განიცდის. ეს გზავნილი დასავლეთის, როგორც სუსტი ძალის წარმოჩენას ემსახურებოდა, რომელმაც, თითქოს, ყველა რესურსი ამოწურა, მაშინ, როდესაც ძლევამოსილმა რუსეთმა შედარებით უვნებლად მოახერხა სიტუაციიდან გამოსვლა.

● „ნიუს-ფრონტი“ ქართველ ფიზიკოსს, ლევან ჭოტორლიშვილს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი სანქციებს მიიღებს თავისი ქვეყნისადმი ლოიალური მიდგომის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი საქართველოს რადიკალური ქმედებებისა და ომისკენ უბიძგებს, რათა ნავთობი და გაზი იაფად შეიძინოს.

● პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მხარი დაუჭირა იმის გამო, რომ ივანიშვილმა, თითქოს, პერსონალური სანქციების წნეხს, ანტირუსულ სანქციებთან მიერთებისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას გაუძლო.

დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

• რუსული პროპაგანდისტული საშუალებები აფხაზეთში ავრცელებდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის განმადიდებელი ასო „Z“-ს საკრალურ მნიშვნელობას.

• მათ ასევე ხაზი გაუსვეს აფხაზეთში დონბასის დასახმარებლად ერთიანი შტაბის მუშაობის მნიშვნელობას.

• სხვა წყაროებმა მხარი დაუჭირეს უკრაინელი ფაშისტებისგან დონბასის დაცვაში აფხაზი მებრძოლების მიერ გაწეულ სამუშაოს.

• ასევე, გავრცელდა ინფორმაცია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დროს უკრაინელი სამხედროების ტექნიკისა და სამიზნეების განადგურების შესახებ. გარდა ამისა, „სპუტნიკ-აფხაზეთი“ იტყობინება, რომ T-62 ძირითადმა საბრძოლო ტანკებმა "სპეციალური ოპერაციის" ტემპი დააჩქარეს.

• „სპუტნიკ-აფხაზეთის“ პრესცენტრში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რათა უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ კონტექსტში განეხილათ აფხაზეთის უსაფრთხოება. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლონ საინფორმაციო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ და როგორ შექმნან ალტერნატიული ონლაინ პლატფორმები ისეთი დასავლური პლატფორმების ჩანაცვლებისთვის, როგორიცაა Wikipedia, Instagram, YouTube და ა.შ.

• რუსეთის მხსნელად წარმოსაჩენად და მისი შემოჭრის გასამართლებლად, ზოგიერთი წყარო ამტკიცებდა, რომ რუსეთი იძულებული გახდა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჩაეტარებინა, რადგან ნაცისტური საფრთხე უსაფრთხოების პრობლემას აფხაზეთსაც კი უქმნიდა.

• საინტერესოა, რომ „სპუტნიკ-აფხაზეთი“ სხვა პროპაგანდისტულ გზავნილებსაც შეეხო და აცხადებდა, რომ ევროპა რამდენიმე კრიზისის ზღვარზეა, განსაკუთრებით მიგრაციის, მაგრამ ასევე ეკონომიკური, სოციალური, უმუშევრობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური და ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზე.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ

გზავნილები იმის შესახებ, რომ დასავლური სამხედრო დახმარება მხოლოდ ომის გახანგრძლივებისთვისაა გამოსადეგი, კვლავ ტენდენციად რჩება:

• „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ როგორც უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი, ისე 2008 წლის ომი, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა და საქართველოს ტერიტორიაზე გააჩაღა, გლობალური ომებია. მოწვეული სტუმრის თქმით, ზელენსკის ქმედება არ ჯდება საერთაშორისო ურთიერთობების არცერთ თეორიაში, რადგან პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ მოქმედებს, არამედ მას ომის გახანგრძლივება და უკრაინის მიღმა ესკალაცია სურს და სწორედ ამიტომ ითხოვს უკრაინა დასავლურ იარაღს.

• ასევე, Isari.ge-მ უკრაინის სამხედრო დახმარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ომის გაფართოების რისკს დაუკავშირა. პრორუსული გამოცემა წერდა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს უკრაინელების ხელით აწარმოებს. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მარცხი იქნება. Isari.ge-ს ცნობით, მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად დასავლეთი აგზავნის როგორც იარაღს, ასევე ამერიკულ, ევროპულ და ახლო აღმოსავლელ „ბოევიკებს.“ Isari.ge აღნიშნა, რომ NATO და რუსეთი პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე არიან და იგულისხმა, რომ დასავლეთმა თავი უნდა შეიკავოს სამხედრო დახმარების გაწევისგან, რათა რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების რისკი შეამციროს.

• „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადეს, რომ დასავლეთი უკრაინას ომის დასასრულებლად საჭირო დახმარებას არ უწევს, რადგან მას სურს ომი გაახანგრძლივოს და რუსეთი უკრაინელების ხელით დაასუსტოს.

• პრორუსული „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ მასთან დაკავშირებული ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატები და დასავლეთი ომს ახანგრძლივებენ, რათა მოსკოვი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევით დაასუსტონ, მაგრამ რუსეთს არ ეწურება არც იარაღი და არც ცოცხალი ძალა. თარხან-მოურავის თქმით, არსებული ვითარება მოლაპარაკებებით მოგვარდებოდა, დასავლეთს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება რომ შეეწყვიტა.

• „ალტ-ინფომ“ აღნიშნა, რომ უკრაინას არ აქვს ნატოს აღჭურვილობის ტექნიკური ბაზა; აქედან გამომდინარე, დაასკვნა, რომ დასავლეთის მიერ მოწოდებული სამხედრო მანქანების უმეტესობა ერთჯერადი გამოყენებისაა; ანუ უკრაინა მათ ვერ შეაკეთებს. „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, აშშ და გერმანია არ აწვდიან უკრაინას მოწინავე Abrams-ისა და Leopard-ის ტანკებს ორი მიზეზის გამო: 1. უკრაინელები ვერ შეძლებენ დასავლური ტანკების შეკეთებას და 2. როცა ინტერნეტში დამწვარი Abrams-ისა და Leoprad-ის ტანკების ფოტოები გავრცელდება, ამერიკული და გერმანული შეიარაღების რეპუტაცია შეილახება. „ალტ-ინფომ“ ასევე განიხილა ჯაველინების როლი და ხაზი გაუსვა მათ ეფექტურობას ომის პირველ ეტაპზე, როდესაც უკრაინელები რუსულ კოლონებს ჩასაფრებებს უწყობდნენ. თუმცა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯაველინები მიმდინარე საარტილერიო ბრძოლებში პრაქტიკულად გამოუსადეგარია. „ალტ-ინფომ“ გააგრძელა ნიჰილიზმის გაღვივება და განაცხადა, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიუხედავად დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მთელი ძალის გამოყენებისა, კრემლი მოწინააღმდეგეს მაინც მარტივად უმკლავდება.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ აშშ-ის სამხედრო დახმარება უსარგებლოდ წარმოაჩინა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის გამოყოფილი თანხები იფლანგება. კერძოდ, „სპუტნიკი“ წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა 700 მილიონი დოლარი დახარჯა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, არც კიევი და არც ვაშინგტონი არ იყვნენ კმაყოფილი. „სპუტნიკის“ ცნობით, აშშ-მა აღიარა, რომ დახმარების პაკეტი საკმარისად ეფექტური არ იყო, აშშ-მა უკრაინელებისთვის 286 გვერდის ინსტრუქციის თარგმნით თავი არ შეიწუხა, სათადარიგო ნაწილები არასაკმარისი იყო და უკრაინელმა ჯარისკაცებმა მხოლოდ ორდღიანი წვრთნა გაიარეს.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ ასევე გაავრცელა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას დეზინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინიდან რკინიგზითა და ავტომობილებით მარცვლეულის ექსპორტი იარაღის მიწოდების სანაცვლოდ დაიწყო.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

• კრემლის მომხრე აქტორები Facebook-სა და Instagram-ზე რუსული პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას აგრძელებენ. მათი დეზინფორმაცია, რომელიც „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ფოკუსირებულია აშშ-ის დემონიზებაზე, ევროპელებისთვის უკრაინის მნიშვნელობის დაკნინებასა და უკრაინის დაცინვაზე. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ამტკიცებდა, რომ „ამერიკელი კონგრესმენი პოლ მასარო რუსეთის განადგურების მოწოდებით გამოვიდა“. Facebook-ზე კიდევ ერთი პოსტი ამტკიცებდა, რომ ევროპელებს არა მხოლოდ არ აინტერესებთ რა ხდება უკრაინაში, არამედ ფიქრობენ, რომ „უკრაინა აფრიკაში მდებარეობს.“ პრორუსულმა წყაროებმა დეზინფორმაციის გასავრცელებლად "მიკერძოებულ დასავლელ ჟურნალისტებსა და ექსპერტებზე“ დაყრდნობის კარგად გამოცდილი პროპაგანდის ტექნიკა გამოიყენეს და სკოტ რიტერის - "ამერიკელი სამხედრო ექსპერტის" ინტერვიუ გაავრცელეს. რიტერის მცდარი მტკიცების თანახმად, უკრაინამ პრეზიდენტ ზელენსკის მმართველობისას ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა „გარდა ულტრამემარჯვენეებისა და ნაცისტებისა“. მაგრამ კრემლის პროპაგანდას არც კიევის დაცინვა არ ავიწყდება. გაავრცელეს პრეზიდენტ ზელენსკის ყალბი ციტატა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „მსოფლიოს სურს უკრაინელებისგან ისწავლოს როგორ იბრძოლონ და როგორ გაიქცნენ [ბრძოლის ველიდან]“.