სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ ოთხი სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, გამარტივებული შესყიდვების, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და საგარანტიო ვადების, ქვეკონტრაქტორებისა და საავანსო ანგარიშსწორების საკითხებთან დაკავშირებით.
აუდიტის მიგნებებს შორის ყურადღებას იქცევს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. აღნიშნული მიზნით, კონკურსი 2018 წლის 11 ივლისს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ის გარეშე, 423 700 ლარით განისაზღვრა. კონკურსში მხოლოდ შპს „არტსტუდიო-პროექტი“ მონაწილეობდა, რომელთანაც 454 300-ლარიანი (დღგ-ის ჩათვლით) ხელშეკრულება გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 2018 წლის 21 სექტემბერს, ხოლო 21 დეკემბერს შემსყიდველმა კომპანიას მთლიანი ღირებულება ავანსის სახით გადაუხადა. ამისთვის მხარეებს კონტრაქტში ცვლილების შეტანა დასჭირდათ. კერძოდ: ცვლილების თანახმად, კომპანიას, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შესაბამისი ავანსის მოთხოვნასთან ერთად, წინასწარი გადახდის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია უნდა წარედგინა.
თვითონ შემსყიდველმა უწყებამ კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამინისტროს უფლებამოსილი პირის განმარტებით, ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ელექტრონული მიმოწერა პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე არ იძებნება. რაც შეეხება სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტას, ლიმიტის შევსების გამო, რამდენჯერმე გაასუფთავეს და ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება.
აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში იმავე პერიოდში განხორციელებული ანალოგიური/მსგავსი შინაარსის შესყიდვები მოიძია. აღმოჩნდა, რომ სხვა ლოკაციებზე (გომისმთა, უშგულის თემის სოფლები, ქალაქი თელავი) იმავე ტიპის დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაში შემსყიდველმა უწყებებმა თითქმის 100 ათასი ლარით ნაკლები გადაიხადეს.
კიდევ ერთი კონკურსი, რომელიც მაჭახელას ხეობაში, ეთნოსოფლის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) საფუძველზე, საინფორმაციო ცენტრისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ცენტრის კეთილმოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვას ითვალისწინებდა, 2019 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ის გარეშე, 110 100 ლარი იყო. ფასები სამმა საპროექტო ორგანიზაციამ წარადგინა. სამინისტრომ არჩევანი კვლავ „არტსტუდიო-პროექტის“ მიერ შეთავაზებულ ფასზე გააკეთა, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციას შედარებით დაბალი ფასი ჰქონდა წარდგენილი. აუდიტორთა ჯგუფი მიუთითებს, რომ არც საკონკურსო ოქმით და არც შესაბამისი მოხსენებითი ბარათით არ ირკვევა, რა მეთოდებითა და რის საფუძველზე განისაზღვრა სავარაუდო ღირებულება. 118 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ხელშეკრულება „არტსტუდიო-პროექტთან“ გაფორმდა. აუდიტორებმა ტერიტორია დაათვალიერეს და მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ხარვეზები გამოავლინეს. კერძოდ: რელიეფური მდგომარეობის გათვალისწინებით, საინფორმაციო ცენტრს მისასვლელი სამანქანე გზა არ აქვს. ასევე, სამშენებლო ობიექტზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, არასწორად იყო მითითებული საპროექტო შენობა-ნაგებობის დასმის წერტილები. აუდიტორთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხარვეზები, დაგეგმვის ეტაპზე, კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო ვერ გამოვლინდა. საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დაზუსტება, რამაც პროექტის განხორციელების შეფერხება გამოიწვია.
აუდიტის კვლევის ობიექტი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევისა და ტურისტული განვითარების კონცეფციის ფარგლებში, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესყიდვა. კერძოდ, საუბარია ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე. ამ მიზნით, კონკურსი 2020 წლის 25 აგვისტოს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 279 000 ლარით (დღგ-ის გარეშე) განისაზღვრა. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად ნაკლები გამოცდილებისა და მაღალი ფასის პრეტენდენტი გამოაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ მან უკეთესი ხედვა და ესკიზური პროექტი წარადგინა. პრეტენდენტების მიერ შეთავაზებულ ფასებს შორის სხვაობამ 42 194 ლარი შეადგინა. აღნიშნულ კონკურსში სამინისტრომ ორგანიზაციის გამოცდილებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის კოეფიციენტად 0.1 მიუთითა. აუდიტის სამსახური წერს, რომ მანამდე, სხვა ანალოგიური შინაარსის შესყიდვებში, კოეფიციენტი 0.2 იყო. აუდიტორთა ჯგუფის დასკვნით, საკონკურსო კომისიის მიერ ხარისხის შეფასების კოეფიციენტების განსხვავებულად განსაზღვრამ კონკურსში უფრო ნაკლები გამოცდილებისა და მაღალი ფასისი პრეტენდენტის გამარჯვება განაპირობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებულ სისუსტეებზე მიუთითებს და არაეკონომიური ხარჯის გაწევის რისკს წარმოშობს.
ინფორმაციისთვის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2021 წელს სამინისტრომ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ერთი არ შედგა, მეორე კი უარყოფითი შედეგით დასრულდა. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია.
„ფაქტ-მეტრმა“ ბათუმის ახალი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შესახებაც არაერთხელ დაწერა. კერძოდ, 2020 წელს, როცა კოვიდინფიცირებულებისთვის კლინიკებში ადგილი არ იყო, ობიექტმა ფუნქციონირება საბოლოო პროცედურების გარეშე დაიწყო. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ რამდენიმე კვლევა ელექტრონული ტენდერებისა და გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
აღნიშნული საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც მოხვდა. აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში აპრილში ცვლილება შევიდა და საავადმყოფოს აღჭურვის, ფუნქციონირებისა და რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფის პროგრამა დაემატა. პროგრამის ბიუჯეტი 2 670 500 ლარით განისაზღვრა. სამედიცინო დაწესებულებისთვის 11 ერთეული აპარატურის შეძენა გადაწყდა. სამინისტრომ აუდიტორთა ჯგუფს განუმარტა, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვა სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაიქირავა სპეციალისტი, რომელიც შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობდა.
ინტერესთა გამოხატვისა და ფასთა მოძიებაზე შეტყობინება 21 კომპანიას გაეგზავნა, საიდანაც საპასუხო შეტყობინება მხოლოდ 12-მა კომპანიამ დააბრუნა. აუდიტორთა ჯგუფმა მოიკვლია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რიგ საქონელში, დაუსაბუთებლად, დაქირავებული სპეციალისტის მიერ, რეკომენდებულია შესაძლოზე მაღალი ფასის გადახდა. მაგალითად: ენდოსკოპიური სისტემისთვის რეკომენდებულია 66 000 ევროს გახარჯვა, თუმცა სხვა კომპანია სამინისტროს იმავე სპეციფიკის საქონელს 56 350 აშშ დოლარად სთავაზობდა. მსგავსი გარემოება დაფიქსირდა სხვა აპარატურასთან დაკავშირებითაც.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს შესაბამისი დრო ჰქონდა, სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ეფექტიანი მოსამზადებელი პროცედურები არ დაიწყო. შემსყიდველმა აღნიშნული გარემოება იმით ახსნა, რომ 2020 წლის 14 მაისამდე სპეციალისტი ვერ დაიქირავა. შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აუდიტორმა დაადგინა, რომ სამინისტროსთვის აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ცნობილი იყო ორმოცდაათი დღით ადრე. თუმცა მან პროცესი დროულად არ დაიწყო და არაეკონომიური ხარჯი გასწია. გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაშიც კი, სამინისტროს 126 730 ლარით ნაკლები საბიუჯეტო დანახარჯის გაწევა შეეძლო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეისწავლა, ობიექტები ადგილზე დაათვალიერა და სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოავლინა. შემსყიდველ ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, რომ შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადები მოქმედებს, გონივრულ ვადებში ხარვეზები არ აღმოუჩენიათ და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებიათ.
შესაბამისობის აუდიტმა აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები, ჯამში 32 124 809 ლარი, მოიცვა.