აჭარაში ყველაზე დიდი კოვიდმიმღები ცენტრი ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომელიც მიმდინარე წლის 14 აპრილიდან კოვიდსიტუაციის მართვის პროცესში სასწრაფოდ ჩაერთო, ხოლო კოვიდპაციენტებს 1 ივლისიდან იღებს. კლინიკამ ფუნქციონირება, სავალდებულო საბოლოო პროცედურების გავლის გარეშე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. ახალ საავადმყოფოს, ამ ბრძანებით, საწოლფონდის სრულად მობილიზება დაევალა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა.

მას შემდეგ, რაც რეგიონში კოვიდეპიდემია გართულდა და ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საწოლფონდის რაოდენობა გაზარდა და ეპიდსიტუაციის მართვაში არაერთი კლინიკა ჩართო. თუმცა ყველაზე მეტ პაციენტს კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფო იღებს, სადაც საწოლფონდი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვის მიზნით, აპრილიდან დღემდე, გამარტივებული წესით - 2 238 000 ლარის, ხოლო ელექტრონული ტენდერით, 150 000 ლარის ავეჯი და სამედიცინო მოწყობილობა შეიძინა.

საკუთარი ხარჯებით სხვადასხვა სახის აუცილებელ სახმარ ნივთებს, ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სხვა მოწყობილობებს თვითონ რესპუბლიკური საავადმყოფოც ყიდულობს. ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, კლინიკაში საწოლფონდის რაოდენობა პერმანენტულად იზრდება. ირკვევა, რომ საავადმყოფოს დამატებითი ფართების ათვისება დასჭირდა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს წერილით მიმართა. მასში ნათქვამია, რომ ცხელების ცენტრი პირველი დონის ინტენსიურ დაწესებულებად გადაკეთდა. შესაბამისად, დამონტაჟდა ხელოვნური სუნთქვის აპარატურა, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური არაინვაზიური სუნთქვის ნიღაბი ე.წ. სიპაპის ნიღაბი.

ამავე წერილის თანახმად, ზემოხსენებულ ფართში დაჩქარებულად დამონტაჟდა მეორეული მოხმარების ხელოვნური სუნთქვის აპარატურა, რომელსაც არ ახლდა ინდივიდუალური არაინვაზიური სუნთქვის ნიღაბი და თუ მას მოკლე ვადებში არ შეისყიდიან, შესაძლოა, პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს და შედეგი ლეტალური აღმოჩნდეს.

ამასთანავე, რესპუბლიკური საავადმყოფო სააგენტოს მიმართავს, რომ აუცილებელია სამედიცინო პროგრამის შესყიდვა, რომლის მეშვეობითაც დაიზოგება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის დრო და დოკუმენტაციის წარმოების ხარისხი გაუმჯობესდება.

რესპუბლიკურ საავადმყოფო COVID-19-ის დადასტურებული სიმპტომების პაციენტებს იღებს დაუყოვნებელი და გეგმიური ინტერვენციის ავადმყოფთა შესასვლელიდან და ხდება ტრიაჟი, [1] რეგისტრაცია, ანამნეზის შეკრება, ანალიზის აღება და მოცდის რეჟიმში მათი განთავსება EMERGENCY-ს დარბაზში, რომელშიც ოცი საწოლია. ეს მოიცავს ობსერვაციის დიდ დარბაზს - თერთმეტი, მცირე დარბაზს - ხუთი და შოკის ორ დარბაზს - ოთხი საწოლით. აღნიშნული საწოლფონდი გაერთიანდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მოგვიანებით საწოლფონდი გაიზარდა და ორმოცდახუთი საწოლით განისაზღვრა. აქედან ოცდახუთი განთავსებულია მეორე სართულზე, ხოლო ოცი - პირველ სართულზე. გარდა კრიტიკული დეპარტამენტისა, საწოლების რაოდენობა სხვა განყოფილებებშიც გაიზარდა და დღეის მდგომარეობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საწოლფონდი 230-ს აღწევს.

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ აღნიშნულ კლინიკაში, ყოველდღიურად 100-130 კოვიდდადასტურებული პაციენტი შედის. აქედან 30-40 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს, ხოლო 100-მდე პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობას თვითიზოლაციაში გადის, ბინაზე ან კოვიდსასტუმროში.

აქედან გამომდინარე, როგორც კლინიკის ადმინისტრაცია მიუთითებს, აღინიშნება მედპერსონალის სიმცირე, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მათი პერიოდულად დაინფიცირებაა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ასევე, ზოგ შემთხვევაში, კლინიკაში არსებული სამედიცინო პროგრამის მიზეზით, გართულებულია სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის სრული დაცვით. როგორც ირკვევა, აღნიშნული პროგრამა გათვლილი იყო მხოლოდ ოთხმოც პაციენტზე.

რეგიონში მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები მართლაც მაღალია. თუმცა გამოჯანმრთელებისთანავე ისინი თავიანთ სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან. მიუხედავად ამისა, კოვიდსასტუმროებსა და ოჯახში პაციენტების მართვას მეტი პერსონალი სჭირდება. ამიტომ ეპიდსიტუაციის მართვაში ჩაერთნენ სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი კურსის სტუდენტები და ბაკალავრები, ასევე მომიჯნავე, ვიწრო სპეციალობების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რესურსები საკმარისი იქნება გარკვეულ ეტაპამდე და შესაძლოა, სისტემა მაინც გადაიტვირთოს.

რაც შეხება კოვიდსასტუმროებს, როგორც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, იქ განთავსებული პაციენტებისთვის გამოყოფილია ბრიგადები. ოც პაციენტზე განსაზღვრულია ერთი ბრიგადა ექიმისა და ექთნის შემადგენლობით და არც ერთი ინფიცირებული უყურადღებოდ არ რჩება.

„ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ უყურადღებო პაციენტი კოვიდსასტუმროში ნამდვილად არ გვყავს. ჩვენ გვყავს აქ სხვადასხვა სირთულის პაციენტები: მსუბუქი და უსიმპტომო, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება და ეს პაციენტები მიიჩნევენ, რომ ყურადღების მიღმა არიან, თუმცა მათ არ სჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ჩარევა; გვყავს უფრო მეტად საყურადღებო პაციენტები, რომლებსაც სამედიცინო პერსონალი მეტი სიხშირით ნახულობს. შესაბამისად, მათთან ჩარევა უფრო ინტენსიურია. ისინი დიაგნოსტიკურ კვლევებზეც გადაგვყავს. ადგილზე ხდება ლაბორატორიული კვლევების მიწოდება და დანიშნულების მიღებაც. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა არის ძალიან მოქნილი. გარდა აღნიშნული ხაზისა, არის ონლაინმეთვალყურეობა და ოჯახის ექიმის პროტოკოლი, რომელიც აქტიურად მუშაობს. მესამე დონე არის სტაციონარი, სადაც უკვე შედარებით რთული პაციენტების რეფერირება ხდება“.

აღსანიშნავია, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ, რეგიონში სულ 1000 საწოლია მობილიზებული და პერიოდულად, კოვიდშემთხვევების ზრდასთან ერთად, საწოლფონდიც იზრდება.

1. კლასიფიკაცია მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია