მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულებს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, 170 საწოლზე გათვლილ მრავალპროფილურ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. COVID-19 -ით ინფიცირებულ პაციენტებს ათი სამედიცინო პერსონალი, მათ შორის, ცხრა ადგილობრივი და ერთი მოწვეული სპეციალისტი ემსახურება. მანამდე პაციენტებს კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდნენ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კორპუსის ემერჯენსის ნაწილში კოვიდ -19-ით ინფიცირების სავარაუდო შემთხვევების მიღება/დიაგნოსტირება მიმდინარე წლის 14 აპრილიდან დაიწყო.

„ფაქტ-მეტრისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ახალმა მრავალპროფილურმა საავადმყოფომ ფუნქციონირება საბოლოო პროცედურების გავლის გარეშე დაიწყო, კერძოდ, ტექნიკურ ზედამხედველს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.

შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლი განსაზღვრავს. მასში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ხარისხი, მოცულობა, ღირებულება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა შემსყიდველის უფლებამოსილი პირის, ტექნიკური ზედამხედველის მიერ დასტურდება. ამავე მუხლის სხვა პუნქტით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე შესრულებული სამუშაოების აქტის წარმოდგენა, არა უგვიანეს სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული პერიოდების დასრულებამდეა სავალდებულო. საბოლოო დასრულება სამმხრივად (შემსყიდველი, მიმწოდებელი და ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი) დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება.

თუ ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი სამუშაოებს წუნით შეაფასებს, მის აღმოფხვრამდე სამუშაო შესრულებულად არ ჩაითვლება.

ვინაიდან ასეთი დოკუმენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული არ არის, „ფაქტ-მეტრმა“აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურად მიმართა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გამოითხოვა. მისი არარსებობის შემთხვევაში კი ვთხოვეთ, განემარტათ, ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო, რის საფუძველზე შევიდა ექსპლუატაციაში.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი განცხადება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა. პასუხი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს არ შეიცავს, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არსებობს. უწყებამ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N184 დადგენილების შესაბამისად, შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მობილიზება მოხდა საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისათვის. ამ დადგენილებაში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 აპრილის N256 დადგენილებით, შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც აჭარის ა/რ მთავრობას ეთხოვა, რომ შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ გამოყენების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს, ხოლო შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ახალი ლიცენზიის/ნებართვის მიღებამდე, უკვე არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე საქმიანობის წარმოების უფლება მიეცა.

,,საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19 შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N01-306/ო ბრძანებით შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ COVID-19-ის დიაგნოზის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე საწოლფონდის სრულად მობილიზების უზრუნველყოფა დაევალა.

ახალი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო კომპანიებმა, ჩუქების ფორმით, გარკვეული სამედიცინო აპარატურა/ინვენტარი გადასცეს, რომლის ჯამური ღირებულება 1 024 208,4 ლარს შეადგენს. აპარატურა დროებით სარგებლობაში ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს გადაეცა.

მოწოდებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და ,,ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა“ დამტკიცდა. პროგრამის ფარგლებში ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა/ფუნქციონირებისათვის 2 670 500 ლარია გათვალისწინებული.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია დიასამიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ობიექტის კოვიდცენტრად გამოყენება გარკვეულ კითხვებს აჩენს. „ჩვენ არაერთი კითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მათ პანდემიის მართვის პროცესში მიიღეს. „მედალფა“ კერძო კლინიკაა და მისმა პერსონალმა, სანამ კოვიდით ინფიცირებულებს იღებდნენ, ყველაფერი კვალიფიციურად გააკეთა. მაგრამ ამ „მედალფას“ უნდა განეგრძო მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში და ხელისუფლება ვალდებული იყო, ალტერნატიული კლინიკა სწორად შეერჩია. დაუსრულებელი საავადმყოფო რომ სასწრაფოდ აღჭურვეს, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მაგალითად, კოვიდინფიცირებულ პაციენტს რომ თანმხლები დაავადებები აღმოაჩნდეს და სხვა სპეციალისტის ჩარევა გახდეს საჭირო, რას იზამენ, ინფიცირებულ პაციენტს გადაიყვანენ სხვა დაწესებულებაში, თუ ვიწრო სპეციალობის ექიმს მოიწვევენ, რომელიც შევა ინფიცირებულ პაციენტთან და მერე წავა და გააგრძელებს მუშაობას სხვა პაციენტებთან? ხომ არის ეს მაღალი რისკი და ხომ გვქონდა ჩვენ პერსონალის ინფიცირების შემთხვევები? ამიტომ გვაქვს კითხვები, რატომ მოხდა ასე სასწრაფოდ ამ საავადმყოფოს ამუშავება, რატომ არ შეირჩა ამ მიზნით, ვთქვათ, ინფექციური საავადმყოფო, რომელშიც შეიძლებოდა შესაბამისი ფართის გამოყოფა იზოლირებულად“.

საკითხზე დამატებითი კომენტარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ. უწყება ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიების მქონე პაციენტების მკურნალობა/მართვას ახორციელებს, მათ შორის - აივ ინფექციით, C ჰეპატიტით, ტუბერკულოზით, სეზონური ვირუსული და ნაწლავური ინფექციებით დაავადებულების.

სამინისტრო განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, აღნიშნულ მომსახურებას პაციენტები დისტანციურად იღებდნენ. ვინაიდან რეგიონში კოვიდით ინფიცირებულთა ზრდის მოლოდინი არსებობდა, გადაწყდა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში ოცდაშვიდ საწოლზე გათვლილი რეანიმაციული განყოფილება მოწყობილიყო. ინფექციურ საავადმყოფოში კი ამ მიმართულებით მხოლოდ სამი პაციენტის მართვა იქნებოდა შესაძლებელი.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხმოცი საწოლია მოწყობილი . როგორც იცით, ნაწილობრივ გაიხსნა საზღვრები, რამაც განაპირობა კორონავირუსის შემთხვევათა მატება და ამჟამად [6 აგვისტოს მდგომარეობით] ბათუმში 20 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ასევე გაზრდილია სეზონური ვირუსული და ნაწლავური ინფექციების შემთხვევები, რომელთა უდიდესი ნაწილის მართვა ინფექციურ საავადმყოფოში მიმდინარეობს. ვფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში კოვიდცენტრის განთავსება, რამაც უზრუნველყო მოსახლეობისთვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისის სრულად მიწოდება“ ,- გვაცნობეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.

ინფორმაციისთვის, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, შპს „სტადიონმა“ [1] ელექტრონული ტენდერი (SPA150026614) 2015 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარი იყო. პროექტის განხორციელების პერიოდად 2015-2018 წლები განისაზღვრა. გამარჯვებულად შპს „საბა კონსტრაქშენი“ დასახელდა, რომელმაც შემსყიდველს პროექტის განხორციელება ყველაზე დაბალ ფასად - 22 172 764 ლარად შესთავაზა. სამუშაოები 2018 წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა დადგენილ ვადაში ვერ დასრულდა და ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც პროექტის დასრულების ვადად 2018 წლის 31 აგვისტო განისაზღვრა.

სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ ოთხჯერ გახანგრძლივდა, ბოლო ცვლილებით, 2018 წლის 31 დეკემბრამდე. სახელშეკრულებო ღირებულებაც გაიზარდა და 24 384 751 ლარს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული, შემსყიდველმა მიმწოდებელ კომპანიას ჯამში 22 741 274 ლარი გადაურიცხა.

რადგან ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს სამუშაოები არ შეუფასებია, ჩვენთვის უცნობია, არსებობს, თუ - არა ხარვეზები ხარისხის, მოცულობის ან/და ღირებულების თვალსაზრისით და სამუშაოები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეესაბამება, თუ - არა. შესაბამისად, ობიექტის უსაფრთხოება ექსპერტის მიერ დადასტურებული არ არის.

თეგები: