ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც წინა წლისგან განსხვავებით, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან - 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ე.წ. „საახალწლო ქალაქი“ მოეწყობა. აღნიშნულ ლოკაციებზე, 15 დღის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, ვორქშოფები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფორმანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები. სტუმრების განწყობას თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად აამაღლებს.

ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები: დეკორირებული ნაძვის ხე, მოცულობითი ვარსკვლავები, ელფები თაღით და გირლანდით, მოცულობითი მანათობელი ანბანი, თოვლის ბაბუას სახლი, წიგნის მოცულობითი ინსტალაცია, ღია კინოთეატრი, ინსტალაცია „სანტას გადაფრენა“, სინთეტიკური ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და სხვა.

დღესასწაულის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“ გაიმართება.

31 დეკემბერს, დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის - სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები, ორკესტრი. გაჟღერდება ცნობილი ქართული სასიმღერო კომპოზიციების ახლებურად გაორკესტრებული ვერსიები.

საახალწლო ღონისძიებები ჯამში 3.5 მლნ დაჯდება, საიდანაც საახალწლო ქალაქის გახსნის და დახურვის ღონისძიებები და გალა კონცერტი 1.2 მლნ ლარი, საბავშვო კონცერტები - 470 500 ლარი, საახალწლო ქალაქის მუსიკალური პროგრამა და საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები - 1.7 მლნ ლარი, თბილისის საშობაო ბაზარი 256 000 ლარი დაჯდება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომსახურებას თბილისის მერია გამარტივებული შესყიდვის წესით ყიდულობს. მათი განმარტებით, ღონისძიებების დაჩქარებული წესით შესყიდვა ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ განაპირობა. მერიის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რთული იყო ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა, რადგან არ იყო ცნობილი დღესასწაულზე რა რეგულაციები შეიძლებოდა ამოქმედებულიყო.

აქვე შეგახსენებთ წინა წლების საახალწლო ღონისძიებების ხარჯებს.

როგორც გვახსოვს, 2020 წლის საახალწლო ნაძვის ხე მილიონი ლარი დაჯდა. მისმა ფორმამ და ფასმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მომდევნო - 2021 წელს, თბილისის მერიამ „მილიონიანი“ ნაძვის ხის გალამაზება გადაწყვიტა და ტოტები და წიწვები დაუმატა, რაზეც 103 850 ლარი დაიხარჯა. სულ მიმდინარე წლის საახალწლო ღონისძიებების ხარჯი შედარებით მოკრძალებული იყო და ჯამში 615 640 ლარი შეადგინა.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წელს მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხეზე მილიონი ლარი დაიხარჯა, სულ საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები ჯამში 3.6 მლნ ლარი დაჯდა. 2019 წლის საახალწლო ხარჯი 2 მლნ ლარზე მეტი, 2018 წელს კი ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქს 3 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში დედაქალაქის საახალწლო აქსესუარებზე და ღონისძიებებზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. შედარებით ნაკლებხარჯიანი მიმდინარე წლის ახალი წელი იყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე და იმ პერიოდში არსებული შეზღუდვების გამო, თბილისის მერიამ მხოლოდ საახალწლო აქსესუარები შეიძინა და დედაქალაქში სხვა საახალწლო ღონისძიებები არ გამართულა.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი