მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მოდის, მუნიციპალიტეტების მერიები თუ შესაბამისი სამსახურები საახალწლო დღესასწაულისთვის მზადებას იმ დროს იწყებენ, როცა ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ვეღარ ესწრება. ამ შემთხვევაში კი გამარტივებული შესყიდვის წესს მიმართავენ.
ამჯერადაც ასე მოხდა და №2198 განკარგულება, რომელიც საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას ეხება, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 ნოემბერს გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს 62 მუნიციპალიტეტში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება: კონცერტები, საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვა, თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, ფოიერვერკი და სხვა. ასევე მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და ფოტოგადაღების ზონები. ღონისძიებები გათვლილია ყველა ასაკის მოქალაქის ინტერესებზე. დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ვინაიდან განკარგულება ახალ წლამდე ერთი თვით ადრე გამოიცა, მუნიციპალიტეტებმა, ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენების თხოვნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართეს და თანხმობა მიიღეს.
ცხრილი 1. მთავრობის განკარგულების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების (რომლებზეც თანხმობა გაცემულია) ღირებულება მუნიციპალიტეტების მიხედვით
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
*დღევანდელი ინფორმაციით, განცხადება გახმობილია
2022 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოცდაათმა მუნიციპალიტეტმა უკვე მიმართა და თანხმობა მიიღო. როგორც ცხრილიდან ჩანს, საახალწლო დეკორაციებისა და ღონისძიებების ღირებულება 34 000 ლარიდან იწყება და 350 000 ლარს აჭარბებს. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების საზეიმო განწყობის შესაქმნელად, თვითმმართველი ორგანო 358 553 ლარს დახარჯავს. ჯამში, ქვეყნის ოცდაათ მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიებებისთვის 4 790 200 ლარზე მეტი უნდა გაიხარჯოს. და ეს მხოლოდ ზემოთ ნახსენები განკარგულების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს მოიცავს. ჩამონათვალში არ შედის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა მუნიციპალიტეტები, სადაც, ასევე, სოლიდური თანხები ელექტრონული ტენდერების გამოცხადების გარეშე იხარჯება. მაგალითად, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საშობაო ნაძვის ხეში 968 387 ლარს შპს „აჭარგანათებას“ გადაუხდის. შესყიდვა (CMR220135802) გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა.
გარდა ამისა, საახალწლოდ მუნიციპალიტეტები, გადაუდებელი აუცილებლობისა და ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, გამარტივებული წესით შეისყიდიან სხვადასხვა მომსახურებას, საახალწლო დეკორაციებსა თუ განათებებს. კერძოდ, ამ ეტაპზე განიხილება საკითხი მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის 290 022-ლარიანი მომსახურების (საახალწლო განათებებით ქალაქის გაფორმება) გამარტივებული წესით შესყიდვის ნებართვის თაობაზე (SMP220003709). როგორც მუნიციპალიტეტი განმარტავს, მის მიერ გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ახლის გამოცხადებას კი ვეღარ ასწრებს.
განხილვის ეტაპზეა ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის განცხადება, რომლითაც ის, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, მუსიკალურ ჯგუფ „მიქსტურასთან“ ხელშეკრულების გაფორმებას გამარტივებული შესყიდვის წესით გეგმავს (SMP220003674). ღირებულება 18 180 ლარია.
კიდევ ერთი თხოვნა გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენების ნებართვაზე, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განიხილავს (SMP220006383), ეკუთვნის ხონის მუნიციპალიტეტს, რომელსაც 20 000 ლარად საახალწლო დეკორაციებისა და აქსესუარების შეზღუდულ ვადებში შესყიდვა სურს.
საინტერესოა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თხოვნა, რომლითაც ის 21 დეკემბერს დაგეგმილ საახალწლო ნაძვის ხის ანთების ზეიმზე „გიორგი გაბუნიას ღამის შოუს“ მიწვევას გეგმავს. შემსყიდველი მიმწოდებლისთვის 40 000-ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებას პირდაპირი წესით აპირებს. შესყიდვა (SMP220003629) ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. მუნიციპალიტეტი განმარტავს, რომ მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გიორგი გაბუნიას მიწვევა ახალგაზრდების სურვილია. სააგენტოს ხელმძღვანელმა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
როგორც ჩანს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მართლაც გრანდიოზული ზეიმი აქვს დაგეგმილი, რადგან გამარტივებული წესით აპირებს 110 000-ლარიანი შესყიდვის (SMP220003750) განხორციელებას. მანამდე გამოცხადებული ორი ელექტრონული ტენდერი არ შედგა და მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომ ნაძვის ხე, მოსართავი და დამხმარე მასალები სასწრაფოდ უნდა შეიძინოს. მოთხოვნა განხილვის ეტაპზეა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კი, როგორც ჩანს, სოფო ბედია მოსწონს. სწორედ მის მიწვევას აპირებს მუნიციპალიტეტის მერია 3 750 ლარად (SMP220003626). ამ შემთხვევაშიც, სააგენტოს ხელმძღვანელმა საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
ამ და სხვა არაერთ თხოვნას შორის, ყურადღებას იქცევს კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცის „ვიზით კახეთის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი წერილი. ორგანიზაცია საახალწლო შოუს ჩატარებას გეგმავს (SMP220003617) და ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, გამარტივებული წესით შესყიდვის ნებართვას ითხოვს. 16 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა „ღამის შოუს ბენდმა“ უნდა მიიღოს. ამსთვის 32 000 ლარია განსაზღვრული. საინტერესოა, რომ პროექტის მედიამხარდამჭერებად მითითებული არიან ტელეკომპანიები: „იმედი“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“; რადიოკომპანიები: „არ დაიდარდო“, „იმედი“, „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „დარდიმანდი“; ჟურნალები: „სარკე“, „თბილისელები“, „გზა“; გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ და საინფორმაციო სააგენტო „იქს ნიუსი“. სააგენტოს თავმჯდომარემ ორგანიზაციისგან გარკვეული დაზუსტებები მოითხოვა. თანხმობა ჯერ არ გაცემულა.
ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის თხოვნა განიხილება, მათ შორის: ბათუმის სპორტული ცენტრის (SMP220003666), რომლის ღირებულებაც 53 000 ლარია; მარნეულის მუნიციპალიტეტის (SMP220003567) - 197 100 ლარი; ფოთის მუნიციპალიტეტის (SMP220003742) - 380658 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (SMP220003715) - 25 000 ლარის და სხვა.