ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების გადასახდელები 2022 წლის ბიუჯეტში 39 567 800 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა, ძირითადად, შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე უნდა დაიხარჯოს. მუნიციპალურ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა მომავალ წელს 2 387 ადამიანს შეადგენს. მათი შრომის ანაზღაურებისთვის 22 566 800 ლარია გათვალისწინებული. 2021 წლის საბოლოო გეგმის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობა 2 392 ადამიანს შეადგენს, რაც, მომავალი წლის გეგმასთან შედარებით, 5 ერთეულით მეტია. მიუხედავად ამისა, 2022 წელს მერია ა(ა)იპ-ებში შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მოცულობას 2 562 020 ლარით ზრდის.
ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ ცამეტი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფინანსდება. აქედან ხუთს საკუთარი შემოსავლები საერთოდ არ გააჩნია.
ცხრილი 1. ბათუმის მერიის ორგანიზაციების დაფინანსება (ლ), 2021-2022 წლები
წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი
შენიშვნა: შესადარებლად აღებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმა.
ცხრილი 1-დან ჩანს, რომ შრომის ანაზღაურების გარდა, იზრდება მუნიციპალური ორგანიზაციების საქონლისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობაც. 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმით, აღნიშნული მაჩვენებელი 18 388 000 ლარს შეადგენს, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმით, 18 741 100 ლარია. შეგახსენებთ, რომ ცხრილში მოცემულია შტატით დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა. შტატგარეშე ანუ შრომითი ხელშეკრულებით ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურება კი გათვალისწინებულია სწორედ მუხლში „საქონელი და მომსახურება“. მათი რაოდენობა 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დათვალა. ორგანიზაციის მიერ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბათუმის ა(ა)იპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო 530 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვისაც, ყოველთვიურად, ჯამში 322 ათას ლარამდე იხარჯებოდა, რაც წელიწადში, დაახლოებით, 3 864 000 ლარს შეადგენს.
„ფაქტ-მეტრმა“ ბათუმის მუნიციპალური ორგანიზაციების ხარჯებისა და საქმიანობის შესახებ სტატია არაერთხელ გამოაქვეყნა. იხ. სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4. ჩვენ ვწერდით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის შესახებაც, რომელიც ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ შექმნა და რომლის მიმართაც ბათუმელების ნაწილს, ოპოზიციასა და არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას სერიოზული პრეტენზიები აქვს. განსაკუთრებით - უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავენ, რომ ის საზედამხედველო ფუნქციას არასათანადოდ ასრულებს. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურება ეზრდებათ, ისევე როგორც დანარჩენ თერთმეტ ა(ა)იპ-ში მომუშავე ადამიანს. ერთადერთი ა(ა)პ ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომლის თანამშრომლების ანაზღაურების თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, ორგანიზაციისთვის მხოლოდ საქონელი და მომსახურების ხარჯია გამოყოფილი.