ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა. როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, პანდემიით (COVID-19) გამოწვეულმა ეკონომიკური განვითარების ტენდენციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც საგადასახადო, ასევე სხვა შემოსულობების ნაწილი და შემოსავლების ზუსტი პროგნოზირება გაართულა.

ფაქტია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, შემცირებულია. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის მაჩვენებლები მოგვიანებით შეიცვალა და თუ შესადარებლად საბოლოო გეგმიურ პარამეტრებს გამოვიყენებთ, მომავალი წლის საპროგნოზო პარამეტრები, ზოგ შემთხვევაში, გაზრდილია.

ცხრილი 1. ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯვითი ნაწილის საპროგნოზო მაჩვენებლების შედარება ცვლილებამდელ და ცვლილების შემდგომ პარამეტრებთან

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, მიმდინარე წლის საბოლოო გეგმასთან მიმართებით, 3%-ით იზრდება, ხოლო საწყის მაჩვენებელთან მიმართებით, 12, 84%-ით იკლებს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ამ შემთხვევაში, ორივე მონაცემთან მიმართებით, კლება ფიქსირდება, შესაბამისად, 12,84%-ით და 5,52%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს ბათუმის მერია ნაკლები თანხის დახარჯვას გეგმავს, შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია.

ცხრილი 2. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ 2019 წელს შრომის ანაზღაურებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 509 მომუშავე იღებდა (ფაქტი), ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით კი მომუშავეთა რიცხოვნობა გაიზარდა და 2 572 ადამიანი შეადგინა. მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისისა, საბოლოო გეგმის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა კვლავ იმატებს და 2 585-ს აღწევს. ზრდის ტენდენცია გრძელდება მომავალ წელსაც. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებას 2 622 ადამიანი მიიღებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ასეულობით პირი, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობენ. მათი შრომის ანაზღაურება მოიაზრება მუხლში [1] „საქონელი და მომსახურება“, რომლის საპროგნოზო მაჩვენებელიც, როგორც ვხედავთ, 2020 წლის პირვანდელ პარამეტრთან შედარებით ნაკლებია, თუმცა საბოლოო გეგმასთან მიმართებით, იზრდება.

მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა რვა მიმართულებით დაიხარჯება. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, თუმცა ეს კლება სასესხო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის განსაზღვრული ხარჯის რადიკალურმა შემცირებამ გამოიწვია. 2020 წლის დასაწყისში, ამ მიზნით, ბიუჯეტში 26 952 500 ლარი იყო გათვალისწინებული. მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა, სასესხო ვალდებულებებისთვის ბიუჯეტში 2 306 200 ლარი დარჩა. მომავალი წლის ბიუჯეტში კი ამ ხარჯისთვის 3 315 400 ლარი გაითვალისწინეს. რაც შეეხება მიმართულებებს, თანხები ასე გადანაწილდა:

ცხრილი 3. ასიგნებები, ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო, არაერთი მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა, მიმდინარე წელს ბათუმის მერიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური მიმართულებით, ხარჯები შეამცირა. მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი ოდნავ აღემატება 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებამდე დაგეგმილ პარამეტრს. აღნიშნული თანხიდან, ჯანდაცვის მიმართულებით - 4 092 600 ლარის, ხოლო სოციალური უზრუნველყოფისთვის 10 700 600 ლარი დაიხარჯება.

საგრძნობლად იზრდება დასუფთავების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განსაზღვრული ხარჯი. აქედან ნახევარზე მეტი დასუფთავებას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ ამ მიმართულებით გამოცხადებულ ყველა ტენდერს შპს „სანდასუფთავება“ იგებს. ეს ორგანიზაცია ბათუმის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაარსდა და მას თითქმის არც ერთ ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. დღემდე მის მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 88 მლნ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა.

ოდნავ გაზრდილია მუნიციპალური უფასო სასადილოს ხარჯის საპროგნოზო მაჩვენებელი. წელს ამ მიზნით 4 536 200 ლარია დაგეგმილი, ხოლო მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 799 200 ლარს შეადგენს. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“. 2021 წელს ეს ორგანიზაცია ბიუჯეტიდან 2 532 800 ლარს მიიღებს, საიდანაც 1 629 600 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, ხოლო 888 700 ლარი - საქონელსა და მომსახურებას. 2020 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნული ხარჯი გაზრდილია. იმ პროგრამების ჯამური ხარჯი კი, რომლებსაც ბათუმის მერია გეგმავს და „მუნიციპალური სერვისების სააგენტომ“ უნდა განახორციელოს, 2021 წელს 6 242 200 ლარი იქნება, 2020 წლის გეგმით კი იმავე ღონისძიებების ხარჯის მოცულობა 5 704 300 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს მერია დაფინანსებას უმცირებს ღამის დროებით თავშესაფარს, რომლისთვის დაგეგმილმა ხარჯმაც 2020 წელს 302 600 ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელმა - 298 400 ლარია.

მნიშვნელოვანი მოცულობის თანხა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე დაიხარჯება. ამ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ განახორციელებს. აღნიშნულ ღონისძიებებზე დასახარჯი თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 412 900 ლარია, ხოლო მიმდინარე წლის გეგმა 49 521 300 ლარს შეადგენს. საკუთრივ ორგანიზაციისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 1 412 800 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1 258 000 ლარი - შრომის ანაზღაურებას, ხოლო 167 000 ლარის საქონელსა და მომსახურებას მოხმარდება.

[1] წარმოადგენს მოცემული მუხლის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. „საქონელი და მომსახურება“ სრულად ხელშეკრულებით დასაქმებულთა ანაზღაურებას არ წარმოადგენს და ასევე მოიცავს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობისათვის აუცილებელ პროდუქციას, მაგალითად როგორიცაა საკანცელარიო ნაწარმი და სხვ.

თეგები: