ნუკრი დეკანაძე: 2016 წლიდან ბათუმის მერია ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ არ აფინანსებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნუკრი დეკანაძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ 2008 წლიდან ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაშია. ის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. განმცხადებლის მიერ დასახელებული 2016 წლის შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, ორგანიზაციამ, ჯამში, 5 107 700 ლარის დაფინანსება მიიღო, აქედან 4 872 728 ლარი აითვისა. 2016-დან 2020 წლის ჩათვლით პერიოდში, ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ მხოლოდ 2019 წელს იყო თვითდაფინანსებაზე და ყველა ხარჯი საკუთარი სახსრებით დაფარა. რაც შეეხება 2016 – 2018 წლებსა და 2020 წელს მიღებულ დაფინანსებას, თანხა შრომის ანაზღაურებას, საოფისე ხარჯსა და ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს მოხმარდა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ორგანიზაციისთვის 1 200 000 ლარია გათვალისწინებული.
აქედან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება, რომ ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ 2016 წლიდან ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება, არის ტყუილი.
ანალიზი: 2020 წლის 20 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჭარის ა/რ ექვსივე მუნიციპალიტეტში მოქმედ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ა(ა)იპ) ეხება.
კვლევაში საუბარი ბათუმში მოქმედ ცამეტ ა(ა)იპ-ზეცაა, რომლებშიც, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურების ჯამური თანხის მოცულობა გაზრდილია.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ნუკრი დეკანაძე კვლევაში მოყვანილ არგუმენტებს არ დაეთანხმა. კერძოდ, მან განაცხადა: „2016 წლიდან ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ არ აფინანსებს, ის საკუთარი სახსრებით ახორციელებს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას, შრომითი ხარჯების დაფინანსებას, ასევე - ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც“.
„ფაქტ-მეტრმა“ ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ ადმინისტრაციისგან ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა. წერილში ჩვენ დავაკონკრეტეთ, რომ 2016-2020 წლის პერიოდის მიხედვით, მხოლოდ ის ხარჯები გვაინტერესებდა, რომელიც ორგანიზაციამ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით დააფინანსა.
ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“, ჯამურად მიღებული აქვს 5 107 700 ლარი, საიდანაც ორგანიზაციამ 4 872 728 ლარი აითვისა.
წლების მიხედვით თანხა ასე გადანაწილდა:
წყარო: ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4)
როგორც მიღებული პასუხიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 2019 წელი იყო, როცა ორგანიზაციას ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსება არ მიუღია და ის თვითდაფინანსებაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ მიერ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში განხორციელებულ ხარჯებს, 2016, 2017 და 2020 წლებში თანხა როგორც შრომის ანაზღაურებისთვის (მათ შორის, 2016 და 2020 წლებში - შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულების), ისე კომუნალური გადასახადებისა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესყიდვის მიზნით გაიხარჯა. 2018 წელს კი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება მხოლოდ საჰარო საბაგირო გზის დემონტაჟსა და ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებას მოხმარდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ორგანიზაციისთვის გამოყოფილია 1 200 000 ლარი, საიდანაც 392 000 ლარი მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისთვის არის გათვალისწინებული.
ფოტო: epfound.ge