სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოსურათის მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე, კლაუს შვაბი, პლაჟზე ქალის თეთრეულში ჩაცმული გადაადგილდება (ბმული 1, ბმული 2). Facebook-სივრცეში გავრცელებული ამავე ფოტოსურათის აღწერაში კლაუს შვაბს ბრალს ახალი მსოფლიო წესრიგის, „დიდი გადატვირთვისა“ და კორონავირუსის პანდემიის გამო ე.წ. ლოქდაუნების დაწესებაში სდებენ.
იხ. Facebook-პოსტი
აღსანიშნავია, რომ მოცემული ფოტომანიპულაცია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქამდეც გავრცელებულა და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა საკითხი უკვე შეისწავლეს. მაგალითად, ბერძნული ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Elinika Hoaxes-მა დაადგინა, რომ ფოტო, არა კლაუს შვაბს, არამედ ამავე გვარის მქონე ადამიანს, მაქს შვაბს ეკუთვნის, რომელიც ფლორიდაში, აშშ-ში ცხოვრობს.
ფოტო: Elinika Hoaxes
ღია წყაროებში აღნიშნული პირის კიდევ არაერთ სურათს ვხვდებით, სადაც ის სხვებისგან განსხვავებული სამოსით გამოირჩევა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).
ამდენად, ჩვენს მიერ განხილულ სურათზე კლაუს შვაბი გამოსახული არაა და ფოტოსურათის მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარესთან დაკავშირება მანიპულაციაა. „ფაქტ-მეტრმა’ ახალი მსოფლიო წესრიგის, დიდი გადატვირთვისა თუ კლაუს შვაბის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია სხვადასხვა დროს გადაამოწმა. იხილეთ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)
---------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.