17 ნოემბერს პრორუსულმა გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „კათოლიკე არქიეპისკოპოსი ამხელს: კოვიდის პანდემია „დიდი გადატვირთვის“ მოსამზადებლად მოიგონეს“. სტატიაში არქიეპისკოპოს კარლო მარია ვიგანოს მიერ დონალდ ტრამპისთვის მიწერილი წერილია მოცემული, სადაც ის ახალ კორონავირუსს ბოროტი ძალების იარაღად მოიხსენიებს და „გლობალური ელიტების“ მიერ „დიდი გადატვირთვის“ საშუალებად მიიჩნევს. სტატია რუსული ონლაინ გამოცემა katyusha.org–ის მიერ 9 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით არის მომზადებული. აღნიშნული ონლაინ გამოცემა ანტიდასავლურ შეხედულებებს და კონსპირაციებს ხშირად ავრცელებს. გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი დამატებით შეთქმულების თეორიას ავითარებს, რომლის თანახმადაც კორონავირუსის საყოველთაო პანდემიის ერთ-ერთი შემქმნელი „სატანისტურ ვატიკანში“ მყოფი რომის პაპია, რომელსაც მსოფლიო ბატონობის მოპოვება სურს. იგივე სტატია ქართულმა ონლაინ გამოცემა tvm.ge-მაც გამოაქვეყნა. მასალა ასევე საჯარო Facebook-ჯგუფებსა და გვერდებზე გავრცელდა: „პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !“, „კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия“, „სტალინი“, „პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, „ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე", „გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო!“, „რუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21“, „'მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია“, „Info Rustavi ინფო რუსთავი“ , „კახა კალაძე თბილისის მერი“. სტატიაში მოცემული მტკიცებები კორონავირუსის პანდემიის შესახებ არანაირ დასაბუთებულ ფაქტებს არ ეფუძნება. მასალას შეთქმულების თეორიის გავრცელების გზით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მტკიცება, რომლის თანახმადაც, გლობალურმა ელიტებმა მსოფლიო ტოტალური მმართველობის დასაწესებლად გეგმა სახელწოდებით «დიდი გადატვირთვა» შეიმუშავეს, შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენს.

კონსპირაცია სათავეს იღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული გეგმიდან, რომელსაც „დიდი გადატვირთვა“ ეწოდება. თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გეგმა ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარგაწერილ სცენარს არ წარმოადგენს, როგორც ამას სტატიაში ამტკიცებენ. სინამდვილეში, მისი მიზანია, იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. „დიდი გადატვირთვის“ გეგმის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სახელმწიფოთა ეკონომიკის სამინისტროები, ბიზნესმენები, და ყველა, ვინც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მშენებლობაში მონაწილეობს. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ზომებს ახალი სოციალური კონტრაქტის შესაქმნელად, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ საერთაშორისო კრიზისს გაუმკლავდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის კლაუს შვაბის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. პანდემიამ არასტაბილური საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების საშიშროება გააჩინა. სწორედ ამ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების გზებს გვათავზობენ კალუს შვაბი და ტიერი მალერეტი თავიანთ წიგნში - „COVID-19: დიდი გადატვირთვა“. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ თავში განხილულია, თუ რა გავლენას მოახდენს კორონავირუსის პანდემია მაკრო დონეზე, იგულისხმება: ეკონომიკის, პოლიტიკის, ეკოლოგიის, სოციალური და ტექნოლოგიების სფეროები. მეორე თავში საუბარია პანდემიის ეფექტებზე მიკრო დონეზე: კონკრეტულ კომპანიებსა და სამრეწველო საქმიანობაზე. ხოლო მესამე თავში ავტორები გვთავაზობენ ჰიპოთეზებს პანდემიის შესაძლო შედეგების შესახებ ინდივიდუალურ დონეზე. წიგნი აღწერს, თუ როგორ დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკური და სოციალური სისტემა და მკითხველს აწვდის ინფორმაციას უფრო მეტად ინკლუზიური, მდგრადი და სტაბილური მსოფლიოს ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, “დიდი გადატვირთვა” არ არის საიდუმლოდ შემუშავებული გეგმა. მის მიზანს არ წარმოადგენს მსოფლიო ელიტების მიერ გლობალური მმართველობის დამყარება. რეალურად, “დიდი გადატვირთვა” მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებული გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავს რეკომენდაციებისა და პრაქტიკული რჩევების მიცემას ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ კრიზისს განიცდიან.

მტკიცება, რომ “ღონისძიება 201” ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინასწარ შემუშავებულ გეგმას წარმოადგენს არის ყალბი ამბავი.

სინამდვილეში, „ღონისძიება 201“, რომელიც 2019 წლის 18 ოქტომბერს ნიუ-იორკში, სასტუმრო პიერში (The Pierre hotel) გაიმართა სიმულაციური, სცენარზე დაფუძნებული დისკუსიების სერიას წარმოადგენს. ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ღონისძიება, მიზნად შესაძლო გლობალურ გამოწვევებთან და მსოფლიო კრიზისებთან გასამკლავებლად გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების და მომზადების დონის გაზრდას ისახავდა. ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრმა კითხვაზე - იყო, თუ - არა, აღნიშნული სიმულაცია მიმდინარე პანდემიის წინასწარმეტყველება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, მათ შექმნეს პანდემიის გამოგონილი სცენარი, თუმცა ეს არ იყო მოვლენების წინასწარი პროგნოზი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ღონისძიება 201“ არ არის ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ ჩატარებულ პირველი სიმულაციური სწავლება. მსგავსი სახის ღონისძიებებს ცენტრი 2001 წლიდან ატარებს. მაგალითად, 2001 წელს ღონისძიება სახელწოდებით „Dark Winter“ გაიმართა, 2005 წელს - „Atlantic Storm“, 2018 წელს კი ცენტრმა პანდემიის სიმულაციური ღონისძიება სახელწოდებით „Clade X“ მოაწყო.

ამდენად, სიმულაციური თამაშების ინტერპრეტაციით კორონავირუსის წინასწარ დაგეგმილ პანდემიად გამოცხადება შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სიმულაცია ტარდება - მათ შორის საქართველოშიც და ყოველთვის არსებობს შანსი, რომ რაც სიმულაციაში ხდება, რეალობაშიც განმეორდეს. წერილის ავტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამგვარი სიმულაციების მანიპულაციურად ახსნაა და კონსპირაციული თეორიებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამადეც წერდა.

მტკიცება, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის საყოველთაო პანდემიის ერთ-ერთი შემქმნელი „სატანისტურ ვატიკანში“ მყოფი რომის პაპია, რომელსაც მსოფლიო ბატონობის მოპოვება სურს, შეთქმულების თეორიის ნაწილია.

კორონავირუსის პანდემის ფართოდ გავრცელების შემდეგ შეთქმულების თეორეტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა სახის კონსპირაციების გავრცელება. მათი სამიზნეები ხშირ შემთხვევაში ცნობილი, გავლენიანი პირები არიან, რომელთაც „გლობალურ ელიტებად“ მოიხსენიებენ და კორონავირუსს მათ მიერ მსოფლიო გლობალური მმართველობის დასამყარებელ იარაღად განიხილავენ. ამჯერად, შეთქმულების თეორეტიკოსთა სამიზნე რომის პაპი პრანცისკე აღმოჩნა. რუსული ონლაინ გამოცემა katyusha.org ხშირად აქვეყნებს დეინფორმაზიას რომის პაპზე, რითიც მისი რეპუტაციის შელახვას და ამავე დროს კათოლიკური ეკლესიის დაკნინებას ცდილობს. კორონავირუსის შექმნისა და გავრცელების რომის პაპისთვის დაბრალებაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ახალი ტიპის კორონავირუსი (COVID-19) პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, სწრაფი ტემპით გავრცელდა და მთელს მსოფლიოს მოედო. უახლესი მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 61 მილიონს გადააჭარბა, ამ დროისთვის (27 ნოემბერი, 2020) კორონავირუსით გარდაცვალების 1,440,605 შემთხვევაა დადასტურებული.

შესაბამისად, ქართულ გამოცემაში „საქართველო და მსოფლიო“ კორონავირუსის პანდემიის შესახებ მოყვანილი მტკიცებულებები დასაბუთებულ მოსაზრებას არ ემყარება. კორონავირუსი მსოფლიო ელიტების მიერ გლობალური მმართველობის დასამყარებლად ხელოვნურად შექმნილ ვირუსს არ წარმოადგენს. „დიდი გადატვირთვის“ გეგმის და „ღონისძიება 201“-ის კორონავირუსის წინასწარშექმნილ სცენარად გაშუქება, შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: