ანალიზი

28 ნოემბერს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელდა პოსტი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის ერთობლიობას წარმოადგენს. მასალა ასევე გავრცელდა ისეთ საჯარო Facebook-ჯგუფებში, როგორებიცაა: „კორონა მაფია“, „საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!“, „Photo-Fact GEORGIA“, „იტალიის ცის ქვეშ – L'ANIMA GEORGIANA“,“საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ“. პოსტში მოყვანილი არცერთი მტკიცებულება რაიმე სანდო წყაროს არ ემყარება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მტკიცება: СOVID-19-ის პანდემია მსოფლიო ფინანსური ელიტების, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

შეთქმულების თეორეტიკოსები კორონავირუსის პანდემიის გარშემო სხვადასხვა სახის კონსპირაციას ხშირად ავრცელებენ. ერთ-ერთი კონსპირაციის თანახმად, კორონავირუსი გავლენიანი, მდიდარი პიროვნებების და მსოფლიო ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციაა მსოფლიო მმართველობის დამყარების მიზნით.

კონსპირაცია, ხშირად, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებულ სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების პროგრამას ეფუძნება. შეთქმულების თეორეტიკოსთა თქმით, აღნიშნული დოკუმენტი გლობალური მმართველობის დამყარებისთვის წინასწარგაწერილ გეგმას წარმოადგენს, კორონავირუსი კი მიზნის მიღწევის პროცესში ამ გეგმის ავტორთა საშუალებაა. სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების დოკუმენტის მიზანი 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებაა. გეგმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) თანამშრომლობით შეიქმნა და 2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ბანკი 15 თვის განმავლობაში 150-160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს, რათა ადამიანთა მოწყვლად ჯგუფებს პანდემიისგან მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. აღნიშნული დახმარება არის ფინანსური სახის და ბენეფიციარ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას.

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი შეთქმულების თეორეტიკოსთა სამიზნე ხშირად გამხდარა. ხშირ შემთხვევაში, კონსპირაცია სათავეს იღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული გეგმიდან, რომელსაც „დიდი გადატვირთვა“ ეწოდება. თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გეგმა ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარგაწერილ სცენარს არ წარმოადგენს. სინამდვილეში, მისი მიზანია, იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. „დიდი გადატვირთვის“ გეგმის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სახელმწიფოთა ეკონომიკის სამინისტროები, ბიზნესმენები, და ყველა, ვინც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მშენებლობაში მონაწილეობს. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ზომებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ საერთაშორისო კრიზისს გაუმკლავდება.

მტკიცება: COVID-19 ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც ბუნებაში არსებულ ბუნებრივ ვირუსებს არ გააჩნიათ. COVID-19 ჯერ ვერც ერთ ცხოველში ვერ აღმოაჩინეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ პანდემიის დასაწყისიდანვე მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათ გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მეცნიერების მტკიცებით, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის, განაცხადების თანახმად, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში.

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია - აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

მტკიცება: კოვიდპანდემია არის AGENDA 2030 ნაწილი, რომლიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს მსოფლიო მმართველობის დასამყარებლად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული კონსპირაცია „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამას“ („პროგრამა 2030“) ეფუძნება. რეალურად, “პროგრამა 2030” არის გაეროს მიერ ჩამოყალიბებული საერთო გლობალური ხედვა მსოფლიოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. პროგრამა განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2015 წლის შემდეგ. მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25-27 სემქტემბერს ნიუ-იორკში გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის შემდეგ მიზნები უნდა იქნას მიღწეული:

ნათელია, რომ „პროგრამა 2030“ კონცენტირებულია მსოფლიო კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე სიღარიბის აღმოფხვრით, ხარისხიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბებით, ეკოლოგიური პრობლემების შემსუბუქებით, ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაზრდით და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებით. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ერთიანი მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ამასთანავე, „პროგრამა 2030“ არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი. მათი შესრულება სახელმწიფოების ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მტკიცება, რომ „პროგრამა 2030“ არის გაეროს მიერ ჩამოყალიბებული დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად და რომ ორგანიზაცია კორონავირუსს სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის იყენებს, არის ყალბი ამბავი. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისი „პროგრამა 2030“-ის მნიშვნელობას და საჭიროებას კიდევ უფრო აძლიერებს.

მტკიცება: PCR ტესტები, რეალურად, COVID-19-ის ვირუსის არსებობას ვერ ადგენენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა. PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. მედიცინაში PCR მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ამერიკელ კ. მიულისს (1983) ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. შესაბამისად, მტკიცება, რომ PCR ტესტები კორონავირუსის არსებობას ვერ ადგენენ არანაირ დასაბუთებულ კვლევას არ ემყარება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: ნიღბები ვერ გვიცავენ COVID-19-სგან და მათ ვარგისიანობაზე არანაირი მეცნიერული მტკიცებულება, თვით მსოფლიო ჯანდაცვის საინფორმაციო გვერდზეც კი, არ არსებობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის პანდემიის გავრცელებასთან ერთად არაერთი სახის დეზინფორმაცია გავრცელდა პირბადის ეფექტურობასთან დაკავშირებით. დაუსაბუთებელი მოსაზრებების თანახმად, კორონავირუსისგან დასაცავად პირბადეები არ უნდა გამოვიყენოთ და მისი ტარება კორონავირუსით ინფიცირების ალბათობას ზრდის. აღნიშნული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

სინამდვილეში, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. CDC საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. ჯანმოს თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს. მისი განცხადებით, ჯერჯერობით, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი არ არსებობს, ერთადერთი იარაღი პირბადეა.

СOVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს, პირბადის გამოყენება კი ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტისშემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია. ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება.

პირბადის მოხმარების აუცილებლობასა და მისი გამოყენების სწორ წესებზე შეგიძლიათ, იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)

მტკიცება: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აუკრძალა იტალიელებს და ესპანელებს COVID-19-ით გარდაცვლილების გაკვეთა და გამოკვლევა, რათა არ დაედგინათ რეალურად რითი იღუპებოდნენ ინფიცირებულები

ვერტიდქტი: ყალბი ამბავი

სინამდვილეში, ჯანმოს სახელმძღვანელოში ნათლად არის მითითებული, რომ გარდაცვლილის სხეულის გაკვეთა მაშინაც კი დასაშვებია, თუ არსებობს ვარაუდი, ან დადასტურებული ცნობა, რომ პირი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია რეკომენდაციები იმ პერსონალისთვის, რომელმაც გაკვეთის პროცედურა უნდა ჩაატაროს. მითითებების თანახმად, პერსონალმა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვას, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო დაინფიცირება. მაგალითად, პერსონალი ყველა საჭირო ნივთით შესაბამისად უნდა იყოს ეკიპირებული. პროცედურა ადეკვატურად ვენტილირებულ ოთახში უნდა ჩატარდეს. საუკეთესო ვარიანტი ბუნებრივი ვენტილაციის გამოყენებაა. მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ოთახში უარყოფითი წნევა უნდა შეიქმნას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰაერის ნაკადის გაკონტროლება. უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესაბამისი განათება. გვამის გაკვეთის პროცედურაში ჩართული პერსონალის რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს მითითებებს არ აქვს იძულების სახე და ორგანიზაცია მის წევრებს რეკომენდაციების დაცვას არ ავალდებულებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯანმომ იტალიელებს ან ესპანელებს კორონავირუსით გარდაცვლილების გაკვეთა და გამოკვლევა აუკრძალა, არანაირ დადასტურებულ ცნობას არ ემყარება და არის ყალბი ამბავი.

მტკიცება: არსებობს ნივთიერება, რომლის გამოყენებითაც ბოლივიაში კოვიდპაციენტებში სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბოლივიაში გამოყენებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ნივთიერებასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია, სავარაუდოდ, ქლორის დიოქსიდს ეხება. Washington post-ის თანახმად, ივლისში ბოლივიის ქალაქებში მოსახლეობამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ქლორის დიოქსიდის მიღება დაიწყო. ბოლივიაში ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მკაცრად მოუწოდა შორს დაეჭირათ თავი აღნიშნული შენაერთისგან და არ გამოეყენებინათ ის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი. მიუხედავად ამისა, ბოლივიის მთავრობა ქლორის დიოქსიდის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების დამტკიცებაზე მუშაობდა. ივლისში ქვეყანაში ქლორის დიოქსიდით მოწამვლის და გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა.

რეალურად, ქლორის დიოქსიდი (ClO2) არის ქიმიური ნაერთი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც მათეთრებელი საშუალება. შემდგომი დამუშავების შემდეგ ქლორის დიოქსიდს ფართოდ იყენებენ კვების ინდუსტრიაში, დეზინფექციისთვის, ჭრილობის დამუშავებისთვის. ქლორის დიოქსიდთან დაკავშირებული პოტენციური რისკები მოიცავს ჯანმრთელობის პრობლემებს, ფეთქებადობას და ცეცხლის გაჩენას. ამ ნაერთს ხშირად ცრუ რეკლამას უკეთებენ, როგორც ფართო სპექტრის დაავადებების წამალს. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თანახმად, ქლორის დიოქსიდის მიღება, როგორც სამკურნალო საშუალება, არავითარ შემთხვევაშია არ შეიძლება. ამ ქმედებით, მომხმარებლებმა შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან.

ჯორჯიის შტატის საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის განხადებით, დაუშვებელია ადამიანის მიერ ქლორის დიოქსიდის მიღება/დალევა. აღნიშნული ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებას; დეჰიდრატაციას, რამაც შესაძლოა თავის მხრივ განავითაროს სიცოცხლისთვის საშიში დაბალი არტერიული წნევა; ღვიძლის მწვავე უკმარისობას; ძლიერ ღებინებასა და მწვავე დიარეას. პან-ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ ყველანაირ პროდუქტის მიღებას, რომელიც შეიცავს ქლორის დიოქსიდს ან მსგავსი თვისებების მქონე სხვა ნივთიერებას.

უახლესი მონაცემებით, ბოლივიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არის 144,622. აქედან, 8,952 - გარდაიცვალა, 121,472 - გამოჯანმრთელდა, 14,198 კი ამჟამად ებრძვის კორონავირუსს.

მტკიცება: СOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე არატრადიციული ტექნოლოგიით მუშაობენ და ვაქცინა ადამიანის გენეტიკის შეცვლაზეა გათვლილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

СOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკის შეცვლაზეა გათვლილი, ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა გულისხმობს ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგნიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მითუმეტეს, მას ვერ შეცვლის. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: