Facebook-მომხმარებელმა ლილუ ლილუ-მ 5-წუთიანი რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და აკადემიკოსი ვლადისლავ გონჩარუკი საუბრობს. ვიდეოში გონჩარუკი კორონავირუსის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რეალურად კორონავირუსის სიკვდილიანობის მიზეზი არა თავად ვირუსი, არამედ პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის შემცველი სადეზინფექციო ხსნარია, რომლითაც დეზინფექციას ატარებენ. შესაბამისად, ვიდეოზე დაყრდნობით, ლილუ ლილუ ამტკიცებს, რომ ადამიანებს არა კორონავირუსი, არამედ „ქიმიური პნევმონია ემართებათ“. რეალურად, ვიდეოში გავრცელებული მტკიცება, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის მიზეზი ადამიანების ფილტვების სადეზინფექციო ხსნარით ქიმიური ინტოქსიკაციაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

ვიდეოში ვლადისლავ გონჩარუკი ამბობს, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მიზეზი პაციენტების ფილტვების ქიმიური ინტოქსიკაციაა, რასაც პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები იწვევს. მისი თქმით, რომ არა კონკრეტული ტოქსიკური ხსნარები, ადამიანებისთვის კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი (PHMG) მთელი რიგი სადეზინფექციო ხსნარის შემადგენლობაში ნამდვილად შედის და აქამდე არაერთგზის გავრცელებული დეზინფორმაციები სადეზინფექციო ხსნარის ტოქსიკურობისა და ფილტვების დაზიანების შესახებ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) ხშირად სწორედ ამ ნივთიერების არსებობას ემყარება.

პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის ფოსფატი (PHMG) არის პოლიმერული გუანიდინის ოჯახის წევრი, რომელიც, როგორც ბიოციდი მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება, მისი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედებების გამო. ის გამოირჩევა შედარებით დაბალი ტოქსიკურობით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

PHMG-ს ნაერთი ასევე გამოიყენებოდა, როგორც ჰაერის დამატენიანებელი/გამწმენდი სადეზინფექციო საშუალება. თუმცა, რამდენიმე ექსპერიმენტულმა გამოკვლევამ - ტენიანობის საშუალებით PHMG–ს ზემოქმედებასა და ფილტვების მძიმე დაზიანებებს შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოავლინა (იხილეთ ბმული 1; ბმული 2). პოლიჰექსამეთილენი ჩასუნთქვისას, როდესაც ის გამოყენებულია როგორც ჰაერის გამწმენდი/დამატენიანებელი აეროზოლი, ტოქსიკურ ეფექტს ავლენს და ფილტვებს აზიანებს. ხელის სადეზინფექციო ხსნარში გამოყენებული PHMG-ის კონცენტრაციის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ, მტკიცებულებები არ მოიპოვება.

ხელის სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ საშუალებებში ხშირად გამოიყენება პოლიჰექსამეთილენ ბიგუანიდი (PHMB). ანტისეპტიკებში არსებული PHMB-ს კონცენტრაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მისი გამოყენება რეკომენდებულია.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ კორონავირუსი სადეზინფექციო ხსნარების არგამოყენების შემთხვევაში ჩვეულებრივი გრიპი იქნებოდა, ასევე არასწორია. აღსანიშნავია, რომ გრიპის და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე, ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. უფრო დეტალურად, ვრცლად გრიპისა და COVID-19-ის განსხვავების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.