დეზინფორმაცია ანტისეპტიკური ხსნარებისა და პირბადეების შესახებ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სოციალურ ქსელში პანდემიის ფონზე ანტისეპტიკურ ხსნარებსა და პირბადეებთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაციის შემცველი ვიდეო მასალა ვრცელდება. პოსტის ავტორის თანახმად, სადეზინფექციო ანტისეპტიკები და პირბადეები ფილტვების შეშუპების გამომწვევი ნივთიერებით, სახელად „პოლი-გეკსა-მეთილენ-გუანიდინით“ არის გაჟღენთილი. „და მერე აბრალებენ კორონამ გამოიწვიაო. ნუთუ ვერ ხვდებით რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება?! ეს დივერსია და ფარული ომია კაცობრიობის წინააღმდეგ!“,- წერს Facebook-მომხმარებელი საკუთარ პოსტში.
რა არის პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი?
ქიმიური ნივთიერება პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი -Polyhexamethylene guanidine (PHMG), რომელზეც პოსტშია საუბარი, გუანიდინის წარმოებული სადეზინფექციო საშუალებაა. ანტიმიკრობული ნაერთი კლინიკური გამოყენებისათვის მწვავე და ქრონიკული დაინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად გამოიყენება. ქიმიური ნივთიერება რეზისტენტული ბაქტერიული შტამების განვითარებას უშლის ხელს.
სამედიცინო სახის ნიღბებისა და პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის კავშირის შესახებ გავრცელებული მტკიცება, თითქოს, პირბადეები სწორედ აღნიშნული ნივთიერებითაა გაჟღენთილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
სამედიცინო პირბადეები არანაქსოვი ქსოვილისგან დამზადებული მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე პროდუქტია. მათ დასამზადებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული მასალა პოლიმერი პოლიპროპილენია. პოლიპროპილენს პლასტმასის სტრუქტურა აქვს. მას პირბადეების დამზადების პროცესში მცირე დიამეტრის მქონე ბოჭკოების მისაღებად ადნობენ. აღნიშნული ბოჭკოები მცირე ნაწილაკებს იჭერენ და პირბადის გარეთ ან შიგნით არ ატარებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის და კონტროლის ცენტრის თანა-დირექტორის სეტო ვინგ ჰონგის თანახმად, პირბადეები იმგვარადაა დამზადებული, რომ მის შიდა და გარე მხარეს სხვადასხვა ფუნქცია აქვს. პირბადის ფერადი მხარე (ლურჯი) არის წყალგაუმტარი, ხოლო თეთრი მხარე არის შემწოვი, ამიტომ როდესაც ადამიანი ახველებს, სწორედ ეს თეთრი მხარე შეიწოვს ნაწილაკებს და მათი გავრცელების დონეს ზღუდავს. სამედიცინო პირბადეები სტერილიზდება, მანამ, სანამ გასაყიდად შეიფუთება. თუმცა სტერილიზაცია არა პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის ქიმიური ნივთიერების საშუალებით, არამედ ნივთიერება ეთილენის ოქსიდით ხდება. ეთილენის ოქსიდი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც სამედიცინო და სტომატოლოგიური აღჭურვილობის სტერილიზაციის დროს ფართოდ გამოიყენება. მას ვირუსების, ბაქტერიების, სოკოებისა და სპორების განადგურება შეუძლია.
რაც შეეხება, პოლიჰექსამეთილენ გუანიდინსა და ანტისეპტიკურ საშუალებებს, მათ შორის კავშირი, იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ აღნიშნული ნივთიერება კლინიკური გამოყენებისთვის სადეზინფექციო საშუალებად არის დამტკიცებული, რეალურ საფუძველს ემყარება. თუმცა ეს კავშირი პოსტში მანიპულაციურად და ანტისეპტიკური საშუალებების უარყოფითად წარმოსაჩენადაა გამოყენებული.
ანტისეპტიკური საშუალებები არის ანტიმიკრობული ნივთიერებების ერთობლიობა, რომლებიც ცოცხალ ქსოვილებზე/კანზე ინფექციის ან სეფსისის შესაჩერებლად გამოიყენება. ანტისეპტიკური საშუალებები ანტიბიოტიკებისგან იმით განსხვავდება, რომ მათი გამოყენებისას ბაქტერიების განადგურება ორგანიზმისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოქმნის. ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი მოხმარებისაა და შესაბამისად, მალამოს, ხსნარის ან ფხვნილის სახით არის წარმოდგენილი. დღეისათვის, ნივთიერება პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი ანტისეპტიკურ საშუალებებში ხშირად გამოიყენება. სამედიცინო კვლევები ცხადყოფს, რომ ნივთიერება საკმაოდ ეფექტურია კანზე, ცხვირის ეპითელიუმსა და ჭრილობებზე არსებული ბაქტერიების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაში. 2005 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, გარეგან გამღიზიანებელზე ალერგიული მგრძნობელობა იმ მომხმარებლებისა, რომლებმაც აღნიშნული ნივთიერების შემცველი პროდუქტი მოიხმარეს (სადაც ნივთიერების კონცენტრაცია დასაშვებ დოზას 2.5-5%-ით აჭარბებდა კიდეც), დროებით უმნიშვნელოდ (0.5%-ით) გაიზარდა. მეტიც, 2011-2013 წლებში PHMB-ზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ნივთიერების გამოყენების შემდეგ ჯანმრთელობისთვის საზიანო, სერიოზული სახის გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა. დიდი ბრიტანეთში არსებული კვლევებისა და განვითარების ევროპული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებზე ტოქსიკურად არ მოქმედებს. 2010 წელს ლონდონში შეკრებილმა ექიმების მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა ბაქტერიებისგან ჭრილობების ეფექტური გათავისუფლების შესახებ დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ნივთიერებად სწორედ PHMB დასახელდა. დოკუმენტის თანახმად, PHMB კლინიკურად უსაფრთხოა. იგი მიზანმიმართულად მოქმედებს ბაქტერიულ უჯრედებზე. ტოქსიკურობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელის გამო, ის მედიცინაში, მათ შორის ანტისეპტიკური საშუალებების დასამზადებლად, აქტიურად გამოიყენება.
ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები, რომ პირბადეები პოლიჰექსამეთილენ გუანიდინითაა გაჟღენთილი და ანტისეპტიკები, ამ ნივთიერების შემცველობის გამო, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით კი პანდემიის ფონზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველია.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.