ირაკლი ღარიბაშვილი: მე არ ვიკადრებ, რომ მოსახლეობას ტყუილი ველაპარაკო
ვერდიქტი: საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: „ფაქტ-მეტრმა“ წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის 171 განცხადება გადაამოწმა, საიდანაც უარყოფითი ვერდიქტით 60 განცხადება შეფასდა - გადამოწმებული განცხადებების 35%. შესაბამისად, პრემიერის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე არ ვიკადრებ, რომ მოსახლეობას ტყუილი ველაპარაკო“.
„ფაქტ-მეტრს“ წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის 171 განცხადება აქვს გადამოწმებული, საიდანაც სიმართლე არის 42, მეტწილად სიმართლე - 25, ნახევრად სიმართლე - 30, მეტწილად მცდარი -21, მცდარი -18, ტყუილი - 16, ვერდიქტის გარეშე - 6, ყალბი ამბავი -1, მანიპულირება - 4. სტატისტიკის მიხედვით, უარყოფითი ვერდიქტით პრემიერის 60 განცხადებაა შეფასებული.
ქვემოთ გაგაცნობთ პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც „ფაქტ-მეტრმა“ უარყოფითი ვერდიქტით შეაფასა.
პრემიერი აგვისტოს ბოლოს გვარწმუნებდა, რომ ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზით, ეპიდსიტუაცია დამშვიდდებოდა, „ფაქტ-მეტრმა“ გაცხადება ტყუილად შეაფასა.
აგვისტოს ბოლოს, 7 დღის (25-31 აგვისტო) საშუალო მაჩვენებლით COVID-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3,827 იყო, გასული 7 დღის (19-25 ოქტომბერი) მონაცემებით ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი საშუალოდ 4,195-ია. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 14 დღის და ბოლო 7 დღის მაჩვენებელი 9%-ს აღემატება, ეს მაჩვენებელი აგვისტოს ბოლოსთვის დაახლოებით 10% იყო. ანუ დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
რაც შეეხება ვაქცინირებულთა რაოდენობას, სრულად ვაქცინირებულია 925,169 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.4% ს შეადგენს. აგვისტოს ბოლოს ქვეყანაში 1,184,306 აცრა იყო ჩატარებული და სულ მცირე 1 დოზით აცრილი 790,542 ადამიანი იყო, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.7%-ია. შესაბამისად, ეპიდსიტუაცია დამშვიდებული ნამდვილად არ არის.
პრემიერის შემდეგი განცხადება - „სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება დაგეგმა“ - ყალბი ამბავია.
ხელისუფლების გადატრიალება, იგივე „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს (სსკ მ.315). გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ყოველგვარი ხელშესახები მტკიცებულების გარეშე აკეთებს მძიმე ბრალდებას, მაშინ, როცა ხელისუფლების გადატრიალების გეგმასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ დაწყებულა, მისი განცხადება ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტებელი კამპანიის მორიგ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების უსაფუძვლობაზე მიანიშნებს ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპონენტების წინააღმდეგ მძიმე ბრალდებები აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა დღემდე არავის დაკისრებია.
მცდარია პრემიერის განცხადება - „პოლიცია წყლის ჭავლის ან მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ.“
2021 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილს სააკაშვილის დაპატიმრებას კიდევ ერთხელ, Facebook-პოსტით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ.“
საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ „პოლიციის შესახებ“ კანონის მიხედვით, განსაზღვრულია იმ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც სამართალდამცავებს შეუძლიათ. მხუთავი აირი აღნიშნულ ჩამონათვალში არ ხვდება და შესაბამისად, მისი მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენება კანონდარღვევა იქნება.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გავრცელებული განცხადება შეცვალა და სიტყვები „მხუთავი აირი“, ცრემლსადენი გაზით ჩაანაცვლა.
ტყუილით შეფასდა პრემიერის კიდევ ერთი განცხადება - „არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და კატასტროფული შეცდომა იყო, თუმცა ყველა მოძალადე იქნა დასჯილი“.
5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისას, 55 ადამიანის ცემისა და 2 ოფისის დარბევასთან დაკავშირებით, 30-ზე მეტი პირია დაკავებული. თუმცა, მიუხედავად „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა აშკარა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალის არსებობისა, მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედებების წინასწარ დაანონსების მიუხედავად, მათ აღსაკვეთად სახელმწიფომ ქმედითი ზომები არ მიიღო, კერძოდ, მშვიდობიანი მოქალაქეების მოძალადეებისგან დასაცავად, ადგილზე შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო ძალა არ წარმოადგინა.
ასევე ტყუილია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება -„გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 31 აგვისტოს განცხადებიდან საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ საქართველო ევროკავშირიდან მისაღები 150 მლნ-იანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს - 75 მლნ ევროს ოდენობით, აღარ მიიღებს. თუმცა საინტერესოა პრემიერისეული დასაბუთება, თითქოს მთავრობამ ვალის შემცირების სურვილიდან გამომდინარე, საკრედიტო რესურსის ათვისებაზე თავად თქვა უარი. სინამდვილეში, ხელისუფლებამ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს განცხადების გაკეთება და ისე წარმოაჩინა, თითქოს იმ დახმარების მიღებაზე, რომლის გამოყოფასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, არც არავინ აპირებდა, თავად აცხადებს უარს.
მანიპულირებაა პრემიერის კიდევ ერთი განცხადება -„ ქართული ოცნების მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასით გაიზარდა“.
2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 11.7 ათასით გაიზარდა, რაც 2020 წელს მიგრაციული ნაკადების შემცირებით იყო განპირობებული, რაც თავის მხრივ, COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება. თუ პანდემიის ეფექტს გამოვრიცხავთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 2013 წლის 1 იანვართან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა 1.5 ათასით არის შემცირებული. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება -„მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, „ფაქტ-მეტრმა სიცრუედ შეაფასა.
ჩვენ მუნიციპალიტეტების მერების თანამდებობრივი სარგოები გავაანალიზეთ. როგორც გაირკვა, მერის ანაზღაურება 1800-2000 ლარს, როგორც პრემიერი აცხადებს, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ შეადგენს.
ზოგ მუნიციპალიტეტში მერის ანაზღაურება 2000 ლარს მხოლოდ მცირედით აღემატება, თუმცა არის მუნიციპალიტეტები, სადაც მერების თანამდებობრივი სარგო 2000 ლარზე მნიშვნელოვნად მეტია (მაგ: რუსთავი - 3618, ბათუმი - 3528, მარნეული - 3690, ბოლნისი - 3120, თელავი - 3100, ოზურგეთი - 3000 და ა.შ.).
ტყუილია პრემიერის კიდევ ერთი განცხადება - „მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას არცერთი თეთრი სესხი არ აუღია“.
საქართველოს 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, სამთავრობო ვალი 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც პირველ ექვს თვეში ახალი კრედიტის სახით 3.53 მლრდ არის ჩამორიცხული. მთავრობის ვალის ზომა მშპ-თან მიმართებით კი 54.6%-ზეა განსაზღვრული.
ამავდროულად, 2021 წლის 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელი მოაწერა 474 მილიონ ევროიან სასესხო-საგრანტო ხელშეკრულებას, საიდანაც მხოლოდ 33 მილიონი ევრო გახლდათ გრანტი, ხოლო დანარჩენი - 441 მილიონი კი, სესხი. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი ევრო, რომლის რატიფიცირება პარლამენტმა 2021 წლის 25 ივნისს მოახდინა. სესხით 2022-2025 წლებში მიკრო და მცირე ბიზნესის გრანტები, სესხის პროცენტის სუბსიდია და ბიზნესების გაციფრულებაა გათვალისწინებული.
„ფაქტ-მეტრმა“ ასევე ტყუილით შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება -„სამწუხაროდ, 2012 წლამდე ამერიკის და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მოგვისმენია“.
საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ტყუილია პრემიერის განცხადება - „[ლგბტქ+თემის შესახებ] არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის“.
მიუხედავად ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა (ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა), სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით, რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
საქართველოში მცხოვრები ლგბტქ+ ადამიანები კვლავ არაერთ სისტემურ პრობლემას აწყდებიან, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია საზოგადოებაში მათ წინააღმდეგ ფესვგადგმული სტიგმითა და გავრცელებული სტერეოტიპებით, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს ზედაპირული მიდგომებით.
სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას და სხვადასხვა სიძულვილის ჯგუფის რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა უფლებებით სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით.
მცდარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება - „ყურძენი თქვენს დროს[ნაციონალების] ღირდა 30 თეთრი, ჩვენს დროს ღირს 1,1.5, 2 ლარი“.
საანგარიშო პერიოდში, რქაწითლის (მასობრივი მოხმარების ყურძნის) ფასი ერთი ლარი - სუბსიდიის ჩათვლით, მხოლოდ 2012, 2013, 2014 წლებში იყო, ყველა დანარჩენ წელს ყურძნის ფასი ლარზე ნაკლები იყო. შესაბამისად, ყურძენი (რქაწითელი) დასახელებულ წლებში, ლარზე მეტი არ ღირდა. არც „ნაციონალების“ მმართველობის წლებში (2008-2012) ყოფილა ყურძნის ღირებულება 0.30 ლარი. თუმცა, საფერავის ღირებულება (სუბსიდიის ჩათვლით), „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თითქმის მუდმივად ლარს აღემატება (გარდა 2015-2016 წლებისა). ლოგიკურია, განცხადების გაკეთებისას პრემიერს მხედველობაში მასობრივი მოხმარების ყურძნის ფასი ჰქონოდა. აღნიშნულ ფაქტი გავითვალისწინეთ და პრემიერის განცხადება შევაფასეთ, როგორც მცდარი.
ტყუილია პრემიერის კიდევ ერთი განცხადება -„ქვეყნის მასშტაბური განახლება იწყება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი პროგრამა დააანონსა, რომლის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. პრემიერმა დაანონსებულ პროექტს ქვეყნის მასშტაბური განახლების დასაწყისი უწოდა.
როგორც ვიცით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები რეგიონული ფონდიდან ფინანსდება, რომლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში 300-450 მლნ ლარს შორის მერყეობს. დაანონსებული პროგრამის ბიუჯეტი დასახელებულ მონაცემს მცირედით აღემატება (იმ შემთხვევაში, თუ 500 მლნ ლარის ათვისება ერთ წელიწადში მოხდება). აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ 500 მლნ ლარის 63 მუნიციპალიტეტში დახარჯვა, რაც ყოველწლიურად ისედაც თითქმის იხარჯება, ქვეყნის განსაკუთრებულ და მასშტაბურ განახლებას ვერ გამოიწვევს. ამის დასტურად ისიც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ 2013 წლიდან დღემდე რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის ფონდიდან 3 მილიარდ ლარამდე უკვე დაიხარჯა და „მასშტაბური განახლება“ არ მომხდარა.