ირაკლი ღარიბაშვილი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან
ვერდიქტი: ტყუილი
რეზიუმე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 31 აგვისტოს განცხადებიდან საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ საქართველო ევროკავშირიდან მისაღები 150 მლნ-იანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს - 75 მლნ ევროს ოდენობით, აღარ მიიღებს. თუმცა საინტერესოა პრემიერისეული დასაბუთება, თითქოს მთავრობამ ვალის შემცირების სურვილიდან გამომდინარე, საკრედიტო რესურსის ათვისებაზე თავად თქვა უარი. სინამდვილეში, ხელისუფლებამ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს განცხადების გაკეთება და ისე წარმოაჩინა, თითქოს იმ დახმარების მიღებაზე, რომლის გამოყოფასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, არც არავინ აპირებდა, თავად აცხადებს უარს.
1. პრეისტორია
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დასახმარებლად გაფართოების და სამეზობლოს ქვეყნებისათვის მაკროფინანსური დახმარება [1] გამოეყო. აღნიშნული გადაწყვეტილებით უშუალოდ საქართველოსთვის გამოყოფილმა რესურსმა 150 მლნ ევრო შეადგინა. აღნიშნული რესურსიდან პირველი ტრანში - 75 მლნ ევროს ოდენობით, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისთანავე, თითქმის უპირობოდ [2] იქნა გამოყოფილი და ის საქართველომ უკვე აითვისა.
ასათვისებელი რესურსის მეორე ნაწილის, ასევე 75 მლნ ევროს, გამოყოფის წინაპირობად კი, ჯერ კიდევ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, გაცილებით მკაცრი კრიტერიუმები იქნა დადგენილი. კერძოდ, სხვა ნაკლებად პრობლემურ და შედარებით მარტივად დაკმაყოფილებად პირობებთან ერთად, მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობად მემორანდუმში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, ძალიან კონკრეტული მახასიათებლები იქნა მითითებული.
სასამართლო სისტემის ნაწილში არსებული მოთხოვნები, მოგვიანებით ე.წ „შარლ მიშელის დოკუმენტში“ აისახა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში იქნა მომზადებული.
მემორანდუმით გათვალისწინებული მეორე ტრანშის ჩამორიცხვაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა საკითხი, შეესაბამებოდა, თუ - არა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ხსენებული დოკუმენტების სულისკვეთებას და მემორანდუმში არსებული წინაპირობები იყო, თუ - არა შესრულებული, რაც საბოლოოდ გადაწყვეტდა, მიიღებდა, თუ - არა საქართველო შეთანხმებულ 75 მლნ-იან ტრანშს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით, მოცემული მიმართულება პრობლემური არ იყო და ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეწყვეტის საფრთხე არ არსებობდა.
არსებული შიშები/ეჭვები „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებამ გააძლიერა. მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები დასავლელი პარტნიორების მოლოდინებთან თავსებადი არ იყო, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებებმა გააძლიერა, საიდანაც ნათლად იკვეთებოდა, რომ პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ გასვლა შეთანხმებიდან და თავად შეთანხმების ანულირება, არ აღიარეს. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, საკითხის კომენტირებისას, განაცხადა: „შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაშია, მიუხედავად იმისა, თუ „ქართული ოცნება“ არ გრძნობს თავს ვალდებულად შეასრულოს შეთანხმება... ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიით“. 24 აგვისტოს კი შარლ მიშელმა ტვიტერზე გავრცელებული პოსტით ხელისუფლებას შეახსენა, რომ „მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ“.
შესაბამისად, იკითხებოდა, რომ ევროკავშირიდან მისაღები დახმარების წინაპირობების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინები არ უნდა არსებულიყო (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). თუმცა, ამის მიუხედავად, 24 აგვისტოსვე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებდა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, დახმარებას მიიღებდა.
2. რატომ არ ან ვერ მივიღეთ 75 მლნ ევრო და რას ნიშნავს მოვლენათა მსგავსი განვითარება
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თავისთავად კითხვის მართებულობა შეფასდეს. იმის მიუხედავად, რომ შეღავათიანი სესხის მეტად ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე[3], დახმარებაზე უარის თქმა, ეკონომიკური თვალსაზრისით ალოგიკური ჩანს. სინამდვილეში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თავისთავად 75 მლნ-იან ტრანშზე მნიშვნელოვანი ის რეფორმებია, რომელთა განხორციელებაც მისი მიღების წინაპირობად იქნა მითითებული. მოცემულ საკითხში „ქართული ოცნების“ ერთადერთი „წარმატება“ სწორედ ისრების გადატანაა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე (ფინანსური მხარე). თუ დავუშვებთ, რომ ღარიბაშვილის მიერ დასახელებული არგუმენტი, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ „ევროკავშირის სესხი“ ვალიდურია, ბუნებრივად რჩება კითხვა, რამ შეგვიშალა ხელი რეფორმების განხორციელებაში. აშკარაა, რომ საქართველოს მხრიდან, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები არაჯეროვნად შესრულდა.
2020 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება, სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ 2017 და 2019 წლებში მიღებული ორი პაკეტის შესაბამისად, იღებდა შემდეგ ვალდებულებებს:
ა) გააძლიერებს გამჭვირვალობას და დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევის კრიტერიუმებს პირველადი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნებით, ერთიანობისა და კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით;
ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
გ) თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში ამჟამად არსებული წესების ფარგლებში დანიშვნების განხორციელებისგან;
დ) მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც განახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას 2019 წლის ივნისიდან, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესის შემუშავებით.
შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი თავი კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას ეთმობა. სასამართლოსთან დაკავშირებული პუნქტები, 2020 წელს ხელმოწერილი მუხლების იდენტურია „ბ“ პუნქტის შინაარსთან მიმართებით, კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მისაღები კანონპროექტის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ ის ჯერ კიდევ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერამდე შესრულდა და ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო.
კანონპროექტი („საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე), პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, დაჩქარებული წესით და ერთხმად (86 ხმით) მიიღო. ხაზგასასმელია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერამდე და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო. კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კრიტიკული პოზიციები დააფიქსირეს. გამოთქმული კრიტიკა, ძირითადად, ცვლილებების მიღების დაჩქარებულ პროცესს, ამ პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის საკითხებს და თავად ცვლილებების ფრაგმენტულობას ეხებოდა. 7 აპრილს ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებებისკენ მიმართულ ინიციატივას, თუმცა კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე, კანონმდებლობის ნაჩქარევად შეცვლის გამო, იმედგაცრუებულია. ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება, თუ - არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ. საყურადღებოა, რომ სწორედ ზემოხსენებული კრიტიკის შემდეგ, 8 აპრილს პარლამენტმა უკვე მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიას საბოლოო რევიზიისთვის გადაუგზავნა.
28 აპრილს ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებს, რადგან ამ ცვლილებებში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციაა ასახული. ამის მიუხედავად, კომისიას მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ, არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის მიღებაზეც საქართველომ დამატებით უნდა იმსჯელოს. ამის გათვალისწინებით, ვენეციის კომისიამ 3 საკვანძო რეკომენდაცია გასცა. მათი შეფასებით, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება. ამასთან, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ შემთხვევებზე. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ 1 აპრილს მიღებულმა კანონპროექტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ძველი კანონმდებლობის პირობებში დაწყებულ კონკურსში, ახალი კონკურსანტების მხრიდან დამატებით განცხადებების მიღების შესაძლებლობა გააჩინა, ვენეციის კომისიამ კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობის თავიდან ასარიდებლად, პროცედურის ჩატარების თავიდან დაწყებაზე მიუთითა.
21 მაისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა, შეეჩერებინათ. მათ, ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება, მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. 24 მაისს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნები, 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ შეესაბამება. მიუხედავად მოწოდებებისა, 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე წევრი აირჩია. 17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა და მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
აღნიშნულს აშშ-ის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 19 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. მოგვიანებით, 24 ივნისს აშშ-ის საელჩომ „ტვიტერზე“ მარკერით მონიშნული 19 აპრილის შეთანხმების ის პუნქტები გამოაქვეყნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას ეხებოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს.
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, 12 ივლისს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა იმ დრომდე უნდა შეჩერებულიყო, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდებოდა. 28 აპრილს ვენეციის კომისია კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, საჭირო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის ხელახლა ჩატარება. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რეკომენდაციები მმართველ გუნდს არ შეუსრულებია. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებები პირდაპირი მიუთითებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას გულისხმობდა და შესაბამისად, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა ამ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ 19 აპრილის შეთანხმებამდე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებად მიიჩნევს, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შინაარსსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება (აღნიშნულთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ ვრცელი ანალიზი).
განსაკუთრებულად შემაშფოთებელი აღმოჩნდა 29 ივლისს, მმართველი პარტიის მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების ფაქტი. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების გაუქმებას დასავლეთიდან, ბუნებრივია, უმწვავესი რეაქციები მოჰყვა და ჩვეულებრივ, დიპლომატიური განცხადებების ტონი უაღრესად მკაცრმა რიტორიკამ ჩაანაცვლა. ამერიკის საელჩოს განცხადებით, „ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას“.
ბუნებრივია, მიმდინარე მოვლენები ერთბაშად, წინაპირობების გარეშე არ დამდგარა. კერძოდ, მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობამ არაერთხელ გადადგა წინააღმდეგობრივი ნაბიჯები, რომლებიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევდა. ეს იყო ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების მიზნით ხალხმრავალი ოფისის შტურმით აღება, ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება თუ სხვა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, ყველა ზომა უნდა მიიღონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნები ჩნდება არა მარტო მთავრობის ქმედებების მიზნებზე თუ გონივრულობაზე, არამედ კონსტიტუციურ ჩანაწერთან შესაბამისობაზეც. რეალურად, ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლების განცხადებიდან გამომდინარე, რეალურად ქვეყანაში შეიქმნა პირობები იმისათვის, რომ საქართველოს მაკროფინანსური დახმარება ვერ მიეღო, რაც ქვეყნის მიერ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს საფრთხეს უქმნის. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლისთვის, საქართველომ ევროკავშირში შესვლის ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს.
[1] გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი, დაბალი (0.125%) საპროცენტო განაკვეთით
[2] საქართველოსა და IMF-ს შორის შეთანხმებული ვალდებულებების დაკმაყოფილების პირობით. მსგავსი ტექნიკური ხასიათის ვალდებულებების დაკმაყოფილება თითქმის არასდროს ყოფილა პრობლემური საკითხი
[3] სესხის წლიური საპროცენტო განაკვვეთი 0.125%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 15 წელს.