ირაკლი ღარიბაშვილი: მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო [სააკაშვილი] რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ - მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი
რეზიუმე: საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ „პოლიციის შესახებ“ კანონის მიხედვით, განსაზღვრულია იმ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც სამართალდამცავებს შეუძლიათ. მხუთავი აირი აღნიშნულ ჩამონათვალში არ ხვდება და შესაბამისად, მისი მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენება კანონდარღვევა იქნება.
ანალიზი:
2021 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილს სააკაშვილის დაპატიმრებას კიდევ ერთხელ, Facebook-პოსტით გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მოტივის საკუთარ ანალიზს გვთავაზობს და სააკაშვილის ჩამოსვლის ყველაზე რეალურ მიზეზად, მის მიერ ხელისუფლების გადატრიალების სურვილს ასახელებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ „სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა, ყველა შემთხვევაში, წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ, მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას, და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა“.
მოქალაქეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს. „პოლიციის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
ამავე კანონის 33-ე მუხლში, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით - (ბრძანება №1006) „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის“ შესახებ, ის სპეციალური საშუალებებია განსაზღვრული, რომელთა გამოყენებაც სამართალდამცავებს შეუძლიათ. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე.
ჩამონათვალიდან ჩანს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები მხუთავი აირი, პოლიციის მიერ გამოსაყენებელ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალში არ არის. შესაბამისად, მისი განცხადება არის მცდარი.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გავრცელებული განცხადება შეცვალა და სიტყვები „მხუთავი აირი“, ცრემლსადენი გაზით ჩაანაცვლა (იხ. ფოტო 1 და ფოტო 2).
ფოტო 1: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების თავდაპირველი ვერსია.
წყარო: ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-გვერდი.
ფოტო 2. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შესწორებული ვერსია
წყარო: ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-გვერდი.