ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ანალიზი
6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ facebook-გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლასა და მის დაკავებასთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა. გავრცელებულ განცხადებაში, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მოტივის საკუთარ ანალიზს გვთავაზობს და სააკაშვილის ჩამოსვლის ყველაზე რეალურ მიზეზად ხელისუფლების გადატრიალების გეგმას ასახელებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ „სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა, ყველა შემთხვევაში, წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის [1] გამოყენებით დაშლიდა მათ, მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას, და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა“.
„სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად“, - წერს ღარიბაშვილი.
გარდა ამისა, გადატრიალების გეგმის რეალურობის ხაზგასასმელად, პრემიერ-მინისტრი 2003 წლის მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა.
„ფაქტ-მეტრი“ ხელისუფლების გადატრიალების გეგმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს.
ხელისუფლების გადატრიალება, იგივე „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს (სსკ მ.315). გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ყოველგვარი ხელშესახები მტკიცებულების გარეშე აკეთებს მძიმე ბრალდებას, მაშინ, როცა ხელისუფლების გადატრიალების გეგმასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ დაწყებულა, მისი განცხადება ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტებელი კამპანიის მორიგ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზეა ცნობილი დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ამასთან, სააკაშვილი ბრალდებულია „იმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის, მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორც 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო.
ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების უსაფუძვლობაზე მიანიშნებს ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპონენტების წინააღმდეგ მძიმე ბრალდებები აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა დღემდე არავის დაკისრებია. „ფაქტ-მეტრი“ ასეთი საქმეებიდან რამდენიმეს შეგახსენებთ.
ე.წ. „საბურავების“ საქმე
აღნიშნულის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ე.წ. „საბურავების“ საქმე. 2014 წლის 7 აპრილს, გაზეთ Prime Time-თან ინტერვიუში, იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევრომაიდანის სცენარს“ ამუშავებდა და არსებობდა ინფორმაცია, რომ ამ მიზნით საბურავების მომარაგება უკვე დაწყებული იყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „ზონდერჯგუფების“ ჩამოყალიბება იგეგმებოდა და ეს ჯგუფები ქვეყანაში აურზაურის გამოწვევას შეეცდებოდნენ.
ამის შემდგომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით წარიმართა, რაც ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გულისხმობს.
თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომვე განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, იურიდიული პირის, პოლიტიკური პარტიის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ე.წ. „საბურავების საქმის“ მსვლელობის დეტალები, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ან საერთოდ გრძელდება, თუ - არა ის.
გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმის აღძვრის დაანონსება
ჯერ კიდევ 2013 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მიმართ საქმის აღძვრა დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, ბოკერიამ საქართველოს ბიუჯეტიდან
„ნაციონალური მოძრაობის“ პიარისთვის, ლობისტებზე, მხოლოდ 2012 წელს, 16 მილიონი ლარი დახარჯა. მისივე თქმით, ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნებოდა.
გიგა ბოკერია პროკურატურაში, მოწმის სახით, არაერთხელ დაიბარეს, თუმცა, საჯაროდ გავრცელებული ბრალდებების მიუხედავად, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
აღსანიშნავია, რომ საქმეს, რომელიც ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.
ბრალდებები ამბოხზე „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით
უახლოესი წარსულიდან საყურადღებო იყო მმართველი გუნდის ბრალდებები ოპონენტების წინააღმდეგ „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით. ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ დრომდე ახსენებენ ამბოხს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და სხვა მძიმე ბრალდებებს 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას. მიუხედავად ამისა, ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისა და ხელში ჩაგდების (სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით) ბრალდებით ამ დრომდე არავინაა მიცემული პასუხისგებაში.
ირაკლი კობახიძე „ხელისუფლების აყირავების“ გეგმაზე
„ხელისუფლების აყირავების“ კიდევ ერთ მცდელობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 4 ივნისს, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი მტკიცებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს, გიორგი გახარიას, არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.
მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის მიერ აღწერილი გადატრიალების გეგმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, გავრცელებულ ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა.
გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოველგვარი დამაჯერებელი საფუძვლის გარეშე, საჯაროდ ავრცელებს ბრალდებას, რაზეც გამოძიებაც არაა დაწყებული; ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ გუნდს აქამდე არაერთხელ მიუმართავს ოპონენტების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და კონსპირაციის გამოყენებით დისკრედიტაციისთვის, „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა. ჩვენი მეთოდოლოგიიდან პოლიტიკოსების განცხადებების შეფასებისთვის განკუთვნილი ვერდიქტები, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არ მიესადაგება, ვინაიდან ეს განცხადება წარმოადგენს კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები/ბრალდებები ხელისუფლების გადატრიალების გეგმასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრის“ მიერ შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი.