გიგა ბოკერია: 3 პოლიციელის მიმართ დაიწყო მხოლოდ გამოძიება, სულ რამდენიმე თვე იყვნენ დაკავებულები, როგორც კი ჩაწყნარდა ვითარება, გაუშვეს. ხოლო ამ ადამიანებს [პროტესტის მონაწილეებს] დევნიდნენ უმძიმესი მუხლებით. სახელმწიფო გადატრიალებას ახსენებდნენ.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: როგორც ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ამ დრომდე, სისხლისსამართლებრივი დევნა შსს-ს 3 თანამშრომლის მიმართ არის დაწყებული. მათგან მხოლოდ ერთს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, რომელიც მოგვიანებით გირაოთი შეეცვალა.
რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავდაპირველად, ცალკეული დემონსტრანტების მიმართ, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წარიმართა. მოგვიანებით, პროკურატურამ კვალიფიკაცია დააზუსტა და განმარტა, რომ ცალკეული პირების მიმართ შსს-ში გამოძიება ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისა და ხელში ჩაგდების კვალიფიკაციით ( 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით ) გაგრძელდებოდა. თუმცა, მიუხედავად პროკურატურის მხრიდან კვალიფიკაციის შეცვლაზე საუბრისა, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
5 ივნისს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ, „მთავარი“ არხის ეთერში, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე საუბრისას აღნიშნა: „3 პოლიციელის მიმართ დაიწყო მხოლოდ გამოძიება, სულ რამდენიმე თვე იყვნენ დაკავებულები, როგორც კი ჩაწყნარდა ვითარება, გაუშვეს. ხოლო ამ ადამიანებს [პროტესტის მონაწილეებს] დევნიდნენ უმძიმესი მუხლებით.. სახელმწიფო გადატრიალებას ახსენებდნენ“.
„ფაქტ-მეტრი“ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და გადაამოწმა, „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით, რამდენი პოლიციელი და აქციის მონაწილე დააკავეს და რა ბრალდებით.
ანტისაოკუპაციო აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებზე გამოძიება ორმა უწყებამ პარალელურად დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - აქციის მონაწილეების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან აქციის დაშლის დროს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო შემთხვევებზე.
როგორც ცნობილია, 20-21 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ამ დრომდე, სისხლისსამართლებრივი დევნა შსს-ს 3 თანამშრომლის მიმართ დაიწყო. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, გულისხმობს.
ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის ბრალის წარდგენის შესახებ პროკურატურამ განცხადება 2019 წლის 16 ივლისს გაავრცელა. განცხადების თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები აქციის ორ მონაწილეს მიაყენა.
რაც შეეხება დანარჩენ 2 პოლიციელს, მათი ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე ფიზიკურად ძალადობაში გამოიხატა (ბმული 1; ბმული 2).
სასამართლომ აღნიშნული სამი პოლიციელიდან მხოლოდ ერთს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მოგვიანებით, გირაოთი შეუცვალა.
რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეებს, შსს-ს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა აქციის 17 მონაწილის მიმართ დაიწყო. ასევე, ბრალი წარედგინათ პოლიტიკოსებს - ნიკანორ მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს. თითქმის ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით, 8 ბრალდებულის მიმართ, პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.
თავდაპირველად, ცალკეული დემონსტრანტების მიმართ, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წარიმართა (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, მაქსიმალური სასჯელით - 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). მოგვიანებით, პროკურატურამ კვალიფიკაცია დააზუსტა და განმარტა, რომ ცალკეული პირების მიმართ შსს-ში გამოძიება ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისა და ხელში ჩაგდების კვალიფიკაციით გაგრძელდებოდა (კერძოდ, 315-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე). მიუხედავად კვალიფიკაციის შეცვლაზე საუბრისა, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.
იმის ფონზე, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ დრომდე ახსენებენ ამბოხს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და სხვა მძიმე ბრალდებებს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით; ხოლო, მეორე მხრივ, სსკ-ის 315-ე მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ მუხლზე მითითება და კვალიფიკაციის დამძიმებაზე საუბარი - ანტისაოკუპაციო აქციის, მათი მონაწილეებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზანს ემსახურებოდა.