დღეისთვის საქართველოში საკმაოდ დიდია იმ გამოუძიებელი საქმეების რაოდენობა, რომელთა მიმართაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესია. უკვე რამდენიმე წელია, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება ისეთი თემები, როგორიცაა ზურაბ ჟვანიას, ბარბარე რაფალიანცის, ფარული მოსმენების, ე.წ. "საბურავების" და ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის საქმეები. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არაერთხელ გამოხატა მზაობა აღნიშნული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, ისინი მაინც დაუსრულებელ გამოძიებებად რჩება.

ფაქტ-მეტრი ხმაურიანი და დღემდე გამოუძიებელი საქმეების ქრონიკას  გთავაზობთ:

ბარბარე რაფალიანცის საქმე 2012

წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებლის გვერდით არსებულ მარანში, ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობას არჩევნებს უკავშირებდა. აღნიშნულ საქმეზე 2012 წლის 30 სექტემბრიდან დღემდე სხვადასხვა განცხადებები კეთდება, თუმცა საქმე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული.

30 სექტემბერი, 2012
  • მანანა ბერიკაშვილი: მიშა სააკაშვილი უნდა დაჯდეს სასამართლოში და ქართველმა ხალხმა გაასამართლოს. ასევე, გიორგი ღვინიაშვილი უნდა გასამართლდეს, ესენი არიან მკვლელები.
30 სექტემბერი, 2012
  • ირაკლი ალასანია: სახეზეა უდიდესი თავგასულობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების და მას ხელს უწყობს აშკარად შინაგან საქმეთა სამინისტროც. აი, ახლაც, ამ ტრაგედიამ შეძრა არა მხოლოდ კახეთი, არამედ მთელი საქართველო... ეს არის შედეგი იმ დაუსჯელობის განცდის, რომელიც აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში. მე აუცილებლად უნდა დავპირდე ამ ოჯახს, რომ ყველა ვინც ამაში დამნაშავეა აგებს პასუხს უმკაცრესად, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ბოლომდე გაირკვეს სიმართლე.
30 ოქტომბერი, 2012
  • შსს: ბარბარე რაფალიანცის საქმე, სამწუხაროდ, კვლავ გაუხსნელია. ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად.
29 ნოემბერი, 2012
  • ირაკლი ღარიბაშვილი: რეალური სურათი სამ კვირაში გაცხადდება.
22 იანვარი, 2013
  • ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, ამ ინციდენტზე არ მომხდარა სწრაფი რეაგირება და საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება ცხელ კვალზე, რის გამოც გამოძიება იმ ეტაპისთვის ჩიხში შევიდა. ახლა გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთა კიდეც სერიოზული და ახალი გარემოებები.
21 თებერვალი, 2013
  • ირაკლი ღარიბაშვილი: გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება.
6 აგვისტო, 2013
  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ სამინისტროში დავინიშნეთ 25 ოქტომბერს, პრაქტიკულად პირველ ნოემბერს შევუდექით საქმიანობას. მანამდე ერთი თვე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება ასრულებდა მოვალეობას. სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო გახსნა, მაგრამ მე არ მიხსნის ეს ვალდებულებას, რომ ეს საქმე იქნას ბოლომდე მიყვანილი. ეს ასეც იქნება, უბრალოდ დროში გაიწელა.
18 სექტემბერი, 2014
  • ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად 25 დღე ჰქონდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი გამოძიება უკვე ჩიხში იყო შესული.
10 იანვარი, 2015
  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი ვერსია, ვინაიდან გამოძიება არ არის დასრულებული, მე არ შემიძლია რაიმე კომენტარი გავაკეთო. თუმცა, გეტყვით, რომ მაქვს ოპერატიულ დონეზე ინფორმაცია და ძალიან მძიმე საქმეა.
21 ნოემბერი, 2015
  • ირაკლი შოთაძე: ...პირველი, რაც ამ საქმის გაცნობისას თვალში მომხვდა, ის არაკვალიფიციურობა იყო, როგორც პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა – როგორიც იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შესაძლებელი იყო იგივე დნმ-ის კვალის აღება, მთელი რიგი სხვა კვალის აღება, რაც არ გაკეთებულა... ეს ძალიან პრობლემატურს ხდის რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მიღებას. მთელ ძალისხმევას მივმართავ იქითკენ, რომ ეს დანაშაული გაიხსნას.
25 ნოემბერი, 2016 წელი
  • გიორგი კვირიკაშვილი: ბარბარე რაფალიანცის საქმე ჩემთვის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნამდვილად აღმაშფოთებელი მკვლელობა, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. სამწუხაროდ, ცხელ კვალზე ეს დანაშაული ვერ იქნა გამოძიებული და დღემდე არ არის დადგენილი საბოლოო მიზეზი, რაც არის ძალიან სამწუხარო. პოლიტიკოსებმა გააკეთეს ცხელ კვალზე არასწორი კომენტარები, ესეც მინდა ვთქვა და თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს არის გამოუძიებელი, არის ძალიან სამწუხარო. ხანდახან, შესაძლებლობის ფარგლებში რაც ხერხდება, ის კეთდება, ამაზე მეტი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ვერ გაკეთდა. ვერ გაკეთდა იმიტომ, რომ ცხელ კვალზე არ იქნა ეს საკითხი გამოძიებული და იყო ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია, ყველა მხრიდან, სხვათა შორის.

ბარბარე რაფალიანცის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ოჯახის წევრებიც და საზოგადოებაც კვლავ ითხოვენ გამოძიების დროულ და ეფექტურ დასრულებას.

  ზურაბ ჟვანიას საქმე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე ძალიან დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა შეთქმულების თეორიის და პოლიტიკური სპეკულაციების საგანს წარმოადგენდა. არსებობს სხვადასხვა ვერსიები და ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და ოფიციალური ვერსია (ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დამდგარი სიკვდილი) შეესაბამება თუ არა სიმართლეს. ეს საქმე განცხადებების სიმრავლით და დროში ახალი გარემოებების გამოკვეთის ინტენსივობით გამოირჩეოდა. დისკურსი ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გააქტიურდა. მეტწილად კი მაშინ, როდესაც 2014 წლის 19 მარტს YouTube-ზე გამოჩნდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრების ფოტოები, რომელიც ვინმე „ჰაკიმ-ფაშას“ სახელით აიტვირთა. 27 ნოემბერი, 2012
  • ეკა ბესელია: შესაძლებელია, ჟვანიას გარდაცვალების სრულიად სხვა ვერსია გამოიკვეთოს [საუბრობს ბუნებრივი აირის გაჟონვის, უბედური შემთხვევისგან განსხვავებულ ვერსიაზე].
9 ივლისი, 2013
  • არჩილ კბილაშვილი (იმ მდროისთვის გენერალური პროკურორი): გახსნილი რომ ყოფილიყო, გამოვაცხადებდი. რაც ფაქტებია ჩამოთვლილი, სიმართლეს არ შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, გამოძიებით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება. მე უკვე ვთქვი, რომ გარკვეული პროგრესია, თუმცა, ჯერ გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ.
18 ივლისი, 2013
  • არჩილ კბილაშვილი: გამოძიების ამ სტადიაზე პროგრესია. პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რა მოხდა, სიცხადეს იძენს. ვერ ვიტყვი რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით საქმეს ზიანი არ მივაყენო, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს მიღწეული პროგრესი. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და იმ დროის განსაზღვრის გარეშე, როდის იქნება ეს, შემიძლია განვაცხადო - ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს.
22 ოქტომბერი, 2013
  • ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, მათ შორის ზურაბ ჟვანიას საქმეზე.
28 დეკემბერი, 2013
  • ირაკლი ღარიბაშვილი: ვუშვებ შესაძლებლობას, რომ საქმე თავდაყირა დადგეს.
16 იანვარი, 2014 წელი
  • ირაკლი ღარიბაშვილი: ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს პროკურატურა. ისინი მართლაც იმსახურებენ შექებას. ფარცხალაძის მეთაურობით მოკლე დროში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის განახლება მოხდა. არის საუბარი ექსგუმაციაზე და იმისათვის, რომ არ გაჩნდეს რაიმე კითხვა და ეჭვები, პროკურატურა გეგმავს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას. ამის გარდა, ვაპირებთ, რომ შეიქმნას კომისია. კონსულტაცია მიმდინარეობს იგივე თომას ჰამერბერგთან. მოტივირებული ვართ, რომ ამ ფაქტის ირგვლივ დასრულდეს სპეკულაციები.
5 თებერვალი, 2014
  • არჩილ კბილაშვილი: ამ მიმართულებით ინტენსიური გამოძიება მიდიოდა... მოლოდინი იმისა, რომ ეს იქნებოდა სწრაფად, ცალკეული ადამიანების გამონათქვამების შედეგად შეიქმნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმე გაიხსნება, ზუსტად დადგინდება რაც მოხდა, მაგრამ დროში პროგნოზირება არავის შეუძლია, რადგან მრავალი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.
20 მარტი, 2014
  • გიორგი მარგველაშვილი: მე შემიძლია გითხრათ ერთი, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ამ საქმის გამოძიება. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ის მალე დასრულდება. საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში.
20 მარტი, 2014
  • ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ დაჩქარდება და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ინტენსიურად გააგრძელებს გამოძიებას. ბევრი საეჭვო გარემოებები იკვეთება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ეს არის სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, სისხლჩაქცევები.
5 აპრილი, 2014
  • ირაკლი შოთაძე: ამ საქმეში არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი და ისინი წარმოიშვა იმის გამო, რომ ცხრა წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ეს საქმე არ გამოძიებულა. ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვის ნიშნებს.
26 ნოემბერი, 2015
  • ირაკლი შოთაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს, რაც არის საქმეში და საზოგადოებაში პასუხი გაეცემა.
28 დეკემბერი, 2015
  • გიორგი კვირიკაშვილი: ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, გარკვეული პროგრესია ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით... პირობას გაძლევთ, რომ ამ საკითხებით პირადად დავინტერესდები და შემდეგ შეხვედრაზე უფრო კონკრეტული საუბარი მექნება.
3 მაისი, 2016
  • ირაკლი შოთაძე: მარტივი არ არის ასეთი ძველი დანაშაულის გამოძიება. მით უმეტეს, როდესაც ათწლეულის განმავლობაში, ფაქტობრივად, რეალური გამოძიება არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან ჩატარება და იმ გარემოებების აღდგენა, რა გარემოებებშიც მოხდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალება. შესაბამისად, ეს არის ძალიან რთული და სპეციფიური გამოძიება. სწორედ ამიტომ არის გამოწვეული ის დროის ხანგრძლივობა, რასაც საჭიროებს გამოძიება.
აღნიშნულ საკითხზე ყველაზე რადიკალური მოსაზრებები გარდაცვლილი ექსპრემიერის ძმას და კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, გოგლა ჟვანიას გააჩნია. მედიასთან საუბარში მას არაერთხელ განუცხადებია, რომ არ ენდობა ოფიციალურ ვერსიას და მიიჩნევს, რომ მისი ძმა პოლიტიკური მოტივით მოკლეს.

მიუხედავად პოლიტიკური მზაობისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესისა, ზურაბ ჟვანიას საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და აქამდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას, ჯერჯერობით, სხვა ოფიციალური ალტერნატივა არ აქვს.

  ე.წ. "საბურავების საქმე" 2014 წლის 7 აპრილს, გაზეთ Prime Time-თან ინტერვიუში, იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „ევრომაიდანის სცენარს“ ამუშავებდა და არსებობდა ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იგეგმება „ზონდერჯგუფების“ ჩამოყალიბება და ეს ჯგუფები შეეცდებიან გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური, რომლის მიზანი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამყარებაა.

 მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა. ამავე წლის სექტემბერში მინისტრმა იგივე საკითხზე ისაუბრა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციას კვლავ გეგმავს და მას ამის მტკიცებულებები აქვს.

7 აპრილი, 2014
  • გიორგი ვოლსკი: მე და მინისტრს არ გვქონია აზრების გაცვლა ამ თემაზე, მაგრამ ზედაპირზე კარგად ჩანს, რომ მაინცდამაინც მშვიდობიანი გეგმები და აზრები არ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", მრავალი მიზეზის გამო. მაგალითად, იმიტომ, რომ პოზიციები დათმეს საზოგადოებაში; იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მათთვის მოულოდნელი წარუმატებლობები სდევს ერთმანეთს და ა.შ.
10 სექტემბერი, 2014
  • ალექსანდრე ჭიკაიძე: ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები, „ნაციონალური მოძაობის“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს. ...სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი... მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები... სააკაშვილისვე დავალებით, ქაოსის შექმნის გეგმაში ჩართული იქნება ეროვნული უმცირესობები. უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები. ეს არის ნაწილი იმ გეგმისა, რასაც სააკაშვილი გეგმავს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ გეგმას განხორციელება არ უწერია.
11 სექტემბერი, 2014
  • ირაკლი ღარიბაშვილი: მე მომახსენეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია რაზეც მინისტრმა ჭიკაიძემ ისაუბრა თავის ინტერვიუში. ჩემი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ყველაფერი დადგინდება და ყველა პოტენციური დამნაშავე იქნება დასჯილი.
11 სექტემბერი, 2014
  • კახა კალაძე: ჩვენი ოპონენტების მხრიდან ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ ქვეყანაში შექმნან ისეთი სიტუაცია თითქოს მართლა ყველაფერი არეულია და არავინ არავის ექვემდებარება. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ.
15 ოქტომბერი, 2014
  • ლევან იზორია: არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, შესაბამისად, როდესაც შს მინისტრმა 10 სექტემბერს თავის ინტერვიუში განაცხადა იმის შესახებ, რომ დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, ეს არის სიმართლე და ეს გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. როგორც კი იქნება შედეგები გამოძიების ფარგლებში, საზოგადოებას აუცილებლად საჯაროდ მოვახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს იმ მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, ლაპარაკია ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 315-ე მუხლი.
24 ოქტომბერი, 2014
  • შსს-ს წერილი საერთაშორისო ორგანიზაციებს (ნაწყვეტი): საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ 315-ე მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული კანონმდებლობით იურიდიულ პირს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვაკუთხედი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შეთქმულების ან ამბოხების მოწყობისთვის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს იურიდიული პირის წინააღმდეგ ან მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2 თებერვალი, 2015
  • ვახტანგ გომელაური: წინა შინაგან საქმეთა მინისტრს ნამდვილად ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციაზე, ინფორმაციას ვფლობ მეც.
5 თებერვალი, 2015
  • ირაკლი ღარიბაშვილი: მედიამ არ უნდა გაამწვავოთ მინისტრის (ვახტანგ გომელაურის) განცხადება. ვინც არ უნდა იყოს, თუ ვინმე რამეს გაბედავს მკაცრად დაისჯება.
6 სექტემბერი, 2016
  • ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელსაც გამოიყენებენ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციებს განახორციელებენ. ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება.

აღსანიშნავია, რომ დღემდე საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ე.წ. "საბურავების საქმის" მსვლელობის დეტალები. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ან საერთოდ გრძელდება თუ არა ის. ისიც ცხადია, რომ ამ დროის განმავლობაში მსგავს ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

ფარული მოსმენების საქმე

ფარული მოსმენების პრობლემა უკვე მრავალი წელია დგას. ქართული საზოგადოება ასევე არაერთხელ დადგა უკანონო ფარული ჩანაწერების  გავრცელების ფაქტის წინაშე. ძირითადი პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებას წინა ხელისუფლების მიმართ ჰქონდა, სწორედ ფარული ჩანაწერების საკითხს ეხებოდა, თუმცა ჩანაწერების გამოქვეყნება არც 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეწყვეტილა.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 31 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები განადგურებულია,

 2014 წლის 10 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერები, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა მაღალჩინოსნის თუ ყოფილი თანამდებობების პირების სატელეფონო საუბრებს. გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

2014 წლის 11 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე აღძრა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე  ნაწილით, რომელიც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელების ფაქტს.

11 მაისი, 2014
  • გიორგი ვოლსკი: რა დონის სამსახურმა იმუშავა ისე, რომ „რუსთავი 2“-ის დაცულ ტერიტორიაზე შესულიყო, შეეტანა აპარატურა და დაემონტაჟებინა? დაცვის წევრების ნახევარი მოსყიდულიც რომ ჰყოლოდა… ასეთი რამ გამორცხულია. მე მგონია, რომ თავისივე დაგეგმილი ოპერაცია მოხდა. შემდეგ შექმნეს ანტურაჟი, წინაპირობა და გამოიტანეს ჩანაწერები, რომელიც მათ ხელთ არსებობდა.
12 მაისი, 2014
  • გიგა ბოკერია: ყველამ, ვინც მოვლენებს ოდნავ მაინც ადევნებს თვალყურს, დიდი ხანია იცის, რომ თვალთვალი მიმდინარეობს, პირველ რიგში, პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ცნობილი იყო, რომ მოსმენა მიმდინარეობს, გუშინდელმა მასალამ უბრალოდ დაადასტურა, რომ მასშტაბი ძალიან დიდია და უკანონო მიყურადება მიმდინარეობს პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივად მეტ-ნაკლებად აქტიურ ჯგუფზე. ხოლო ხელისუფლების, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის და პროკურატურის რეაქცია ადასტურებს, რომ ამ ქმედების კვალი მიდის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე და ეს არ იყო რომელიმე სპეცსამსახურის თვითნებობა.
12 მაისი, 2014
  • თამარ ქალდანი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი): უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგინდეს, რა ტექნიკური საშუალებებით, ვის მიერ და რა მიზნით ხორციელდებოდა ჩანაწერების მოპოვება.
12 მაისი, 2014
  • ალექსანდრე ჭიკაიძე: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, ჩვენ აღვრიცხეთ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შესყიდული იყო რამდენიმე მილიონი ლარის ტექნიკა, რაც სამინისტროდან ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლამდე გაიტანეს. გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა რადგან ახლა აქტუალური გახდა, მასალები გადაეგზავნა პროკურატურას და მას ამჟამად სწორედ ეს უწყება იძიებს. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი, სამინისტროდან დაკარგულია. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და წინასწარ საუბარი არასერიოზული იქნება, მაგრამ მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელი პირები ვერ გაიტანდნენ სამინისტროდან. ე.ი. გამოდის, რომ ეს ტექნიკა შესაძლოა ძველი მთავრობის წარმომადგენლებში იყოს გაშლილი.
  ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის საქმე 2013 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მეგობრების თუ ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა, ასევე მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილის ანგარიშებზე წვდომა.

 ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ მუქარა განხორციელდა არა საპატიმროში, არამედ მის გარეთ და ის საპატიმროდან ღამით, ჩუმად გაიყვანეს. განცხადების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა.

გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პარაგრაფ პირველთან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის. ამ დადგენილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი გახდა მისი ციხიდან გაყვანის შემთხვევა. სასამართლომ საეჭვო გარემოებად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ საპატიმრომ არ წარმოადგინა იმ ღამის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 19 დეკემბერი, 2013
  • სოზარ სუბარი (საუბარია ციხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე): არ ვიცი, სავარაუდოდ არ იქნება წაშლილი, მე არ ვიცი, რადგან არ ვაკონტროლებ ამ საკითხს. ეს კამერები დაყენებულია ავტომატურ რეჟიმზე და ამას ჰყავს თავისი სამსახური.
10 იანვარი, 2014
  • სოზარ სუბარი: დასაკითხია ძალიან ბევრი ადამიანი. ვანო მერაბიშვილი უკვე გამოიკითხა. ამოღებულია ქალაქში 30-მდე ვიდეოკამერის მონაცემები, საუბარია ჩანაწერების დიდ მოცულობაზე, რამდენიმე ტერაბაიტზე. შესწავლა მიმდინარეობს და როგორც კი დამთავრდება, ყველაფერს გავიგებთ.
14 ივნისი, 2016
  • თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად, ერთი ფრაზით გამოიტანა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებული და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, თითქოს, 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებული და ამიტომ ალბათ არის მე-18 მუხლის დარღვევა. მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დასრულდა 2 წლის წინ, კანონიერად არის აღიარებული, გაჩნდა კითხვის ნიშანი ფარცხალაძის ეპიზოდთან, ესეც გამოსაძიებელი იქნება აუცილებლად.
19 ივნისი, 2016
  • ოთარ ფარცხალაძე: მერაბიშვილს, ციხიდან გაყვანის, პროკურატურაში მიყვანის და შემდეგ მასზე ზეწოლის ფაქტები მოელანდა. ევროსასამართლომ დარღვევაც ყოფილი პრემიერის არარეალური წარმოდგენების საფუძველზე დაადგინა.
20 ივნისი, 2016
  • ბიძინა ივანიშვილი: კარგი იქნებოდა, რომ ეს გამოძიება ეწარმოებინათ თავის დროზე. სასამართლომ მიიჩნია ის, რომ თითქოს ვიღაცამ გაიყვანა და ესაუბრა, რაც ჩემთვის ღიმილის მომგვრელია. რადგან კითხვები არის, უნდა გამოიძიონ - რატომ არ გამოიძია პროკურატურამ? დღესაც მგონია, რომ აბსურდია. რატომ არ გამოიძიეს, მართლაც იწვევს კითხვებს, მით უმეტეს, რომ სტრასბურგში ასეთი კითხვები დადგა. ალბათ, ახლა მაინც გამოიძიებენ. დაველოდოთ, მაგრამ მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე გადაწყვეტილებაში საუბარი არ არის და არც მისი პატიმრობა იწვევს ეჭვს.
21 ივნისი, 2016
  • უჩა ნანუაშვილი: ჩვენ პირველივე დღიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო შესული ეს საკითხი და მეორდებოდა, თითქმის ორი წლის განმავლობაში. მისასალმებელია, თუ, როგორც იქნა, საბოლოო ჯამში ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი დაიწყო. ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ჰქონდა.
21 ივნისი, 2016
  • გედევან ფოფხაძე: რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, მე ვერ ვხედავდი გამოძიების საჭიროებას. უბრალოდ, სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, შიდა დონეზე, ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის გარკვეული წახალისება იმ მსჯავრდებულ