საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს ლარის კურსის დოლართან და ევროსთან მიმართებით შემცირება (გაუფასურება) წარმოადგენს. ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით, გაუფასურება დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 2020 წლის დასაწყისთან შედარებით, ლარი დოლართან დაახლოებით 10%-ით არის გაუფასურებული. პანდემიასთან დაკავშირებულმა კრიზისმა და სავალუტო ნაკადების შემცირებამ, ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია კიდევ უფრო გააუარესა.
სხვადასხვა სამოქალაქო პირებს, პოლიტიკოსებს თუ ნიუს/ანალიტიკურ გამოცემებს, ხშირად ეკონომიკური მაჩვენებლები დოლარში გადაჰყავთ, რის საფუძველზეც მათ შემცირებაზე მიუთითებენ. მაგალითად, მშპ დოლარში შემცირდა, საშუალო ხელფასი დოლარში შემცირდა, შემოსავლები, პენსიები დოლარში შემცირდა და ა.შ.
ბუნებრივია, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის იმატებს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს; იმპორტული საქონელი, მოგზაურობა უცხოეთში და ა.შ. ძვირდება. თუმცა, სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების თუ ზოგადად, ფასების დინამიკაზე მსჯელობისას დოლარში გადაყვანას ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია და ეკონომიკური დინამიკის დოლარში აღწერა, მოსახლეობას არსებულ რეალობაზე მცდარ წარმოდგენას უქმნის. „ფაქტ-მეტრი“, აღნიშნულ თემაზე წარსულში არაერთხელ წერდა, თუმცა „დოლარით დათვლა“, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება. შესაბამისად, აღნიშნულ თემატიკაზე მსჯელობა კვლავ საჭიროა.
ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად დენომინირებულია ლარში. შესაბამისად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შემოსავლის (ხელფასის/პენსიის), მშპ-ს თუ სხვა ინდიკატორის ცვლილების ტენდენციის შეფასებისას, დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს. ლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილება კი არ არის მისი კურსის (ამ შემთხვევაში დოლართან მიმართებაში) შემცირების პირდაპირპროპორციული.
რეალური ეკონომიკური დინამიკის შესაფასებლად, უნდა გამოვიყენოთ ფასების დონით კორექტირებული მაჩვენებლები. დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. აღნიშნულ პროცესს, ინფლაცია ეწოდება. საჭიროებიდან გამომდინარე, ინფლაციის გამოსათვლელად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგალითად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლისთვის გამოიყენება სამომხმარებლო, მწარმოებელთა და ექსპორტ-იმპორტის ფასების ინდექსები. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ ფასდება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6) ჯანმრთელობის დაცვა, 7) ტრანსპორტი, 8) კავშირგაბმულობა, 9) დასვენება, გართობა და კულტურა, 10) განათლება, 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.
ლარის კურსის დოლართან გაუფასურება იმპორტული საქონლის კონკრეტულ ჯგუფებზე მოქმედებს, მაგალითად საწვავის იმპორტზე, ტექნიკის იმპორტზე, ზოგიერთი საკვები პროდუქტის იმპორტზე და ა.შ. თუმცა, ვალუტის გაუფასურების შედეგად, კონკრეტულ საქონელზე ფასების ზრდა ზოგად ინფლაციაში აისახება. მაგალითად, ზეთის გაძვირება სურსათის ჯგუფს გარკვეული პროცენტით გააძვირებს, ხოლო სურსათის ჯგუფის გაძვირება მთლიან ინფლაციაზე შედარებით მცირედ აისახება. ბუნებრივია, მოსახლეობის მოხმარებაში მხოლოდ ზეთი ან მხოლოდ იმპორტული მობილური ტელეფონი და ა.შ არ შედის და შესაბამისად, ლარის კურსის დოლართან მიმართებით X%-ით გაუფასურება, მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას პროპორციულად არ ამცირებს. უფრო მეტიც, მოსახლეობის კონკრეტული ნაწილის შემთხვევაში, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, ლარის კურსის დოლართან გაუფასურება ეკონომიკურად მომგებიანიც კი არის.
ინფლაციასა და ლარის კურსის გაუფასურებას შორის ტოლობის დასმა აბსურდულია. 2014 წლის მიწურულიდან 2021 წლის აგვისტომდე პერიოდში, მთლიანმა ინფლაციამ 42% შეადგინა, ხოლო ლარი, დოლართან მიმართებით - 80%-ით გაუფასურდა. ამავდროულად, მთლიან ინფლაციაში, ბუნებრივია, ლარის დოლართან გაუფასურებამ გარკვეული როლი ითამაშა.
შემოსავლების დინამიკის ანალიზისას, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის მატების გათვალისწინება არსებითია, ამის შემდეგ კი რომელ ვალუტაში მოხდება მაჩვენებლების გადაყვანა, უკვე აზრს კარგავს მარტივი მიზეზის გამო: თუ მოსახლეობის შემოსავლები დოლარში ორჯერ შემცირდა, ინფლაციის გათვალისწინების გარეშე ორჯერ შემცირდებოდა დოლარში გამოსახული პროდუქტის ფასებიც. მაგალითად, თუ პური გამოსახული დოლარში ღირდა 25 ცენტი, ლარის დოლართან 100%-ით გაუფასურების შემდეგ პურის ფასი 12.5 ცენტამდე შემცირდებოდა. ინფლაციის გათვალისწინებით, დოლარში გადაყვანილი რეალური ფასები, 2014 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 18%-ით, რაც კონტრარგუმენტია ჰიპოთეზური პოლიტიკოსის მტკიცებისთვის, რომ ლარის დოლართან გაუფასურების გამო, მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა. მოსახლეობის შემოსავლები შემცირდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2014-2021 (აგვ) განმავლობაში ნომინალური შემოსავლის ზრდა 43%-ზე ნაკლები იქნებოდა.
რეალური, ნომინალური და დოლარში გამოსახული ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებელი 2012-2020 წლებში, გამოსახულია ცხრილ 1-ში. იმის მიუხედავად, რომ 2012-2020 წლებში, დოლარში გამოსახული საშუალო ხელფასი და შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი შესაბამისად 9%-ით და 26%-ით შემცირდა, რეალურად, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით საშუალო რეალური ხელფასი 30%-ით, ხოლო საშუალო რეალური შინამეურნეობების შემოსავლები 5%-ით გაიზარდა, რაც ბუნებრივია, საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნისთვის მიზერული მატებაა, თუმცა, ფაქტია რომ მოცემულ პერიოდში კლება არ ფიქსირდება.
ცხრილი 1: ნომინალური, რეალური (2012=100) და დოლარში გადაყვანილი შემოსავლების დინამიკა 2012-2020 წლებში