დავით ბაქრაძე: 2012 წელს შიდა პროდუქტი იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს საქართველოს მშპ არის 15.8 მლრდ დოლარი. 8 წლის განმავლობაში ჩვენი შემოსავალი ნულით გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება
რეზიუმე:
ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ 2012-2020 წლებში, ეკონომიკის მოცულობა არ გაზრდილა. თუმცა აღნიშნულ პერიოდში, რეალური მშპ დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. 2012-2019 წლებში, არცერთ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი/მშპ არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, ხოლო 2020 წელს, მშპ-ს შემცირება პანდემიას უკავშირდება.
პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა სხვადასხვა დროის ეკონომიკური მდგომარეობის შესადარებლად, არასწორია. განცხადებაში გამოყენებულია მონაცემები, რომლებიც რეალობას შეესაბამება, თუმცა მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების/არასწორი მიზნით გამოყენების შედეგად ეკონომიკური განვითარების რეალური სურათი დამახინჯებულია. შესაბამისად, დავით ბაქრაძის განცხადება რიცხვებით მანიპულირებას წარმოადგენს.
ანალიზი:
პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ განაცხადა : „2012 წელს შიდა პროდუქტი იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს საქართველოს მშპ არის 15.8 მლრდ დოლარი. 8 წლის განმავლობაში ჩვენი შემოსავალი ნულით გაიზარდა“.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.
ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს. მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკოსის მიერ ანალიზისთვის სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება, რომელიც არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე მცდარ სურათს აჩვენებს.
ცხრილი 1: მთლიანი შიდა პროდუქტის სხვადასხვა აგრეგატების დინამიკა 2012-2020 წლებში, მლრდ*
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2012-2020 წლებში, რეალური მშპ (2015 წლის ფასებში) 24%-ით გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელზე გავლენა 2020 წელს, პანდემიის შედეგად შემცირებულმა რეალურმა ეკონომიკამ იქონია. 2012-2019 წლებში კი რეალური მშპ 32.4%-ით გაიზარდა. 2012-2020 წლებში, ნომინალური მშპ, გამოსახული დოლარში შემცირდა 4%-ით - 16.5 მლრდ აშშ დოლარიდან 15.9 მლრდ აშშ დოლარამდე. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დასახელებული მაჩვენებლის გამოყენება ეკონომიკური ზრდის დინამიკის შეფასებისთვის, მართებული არ არის. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის იმატებს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. აძვირებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მშპ-ს დინამიკის განხილვისას, დოლარში კონვერტაცია არასწორია, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია გამოსახული. თავის მხრივ, საკურსო ცვლილების გავლენას მსყიდველუნარიანობაზე, ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში მოიცავს და ლარში გამოსახული რეალური მშპ-ს გამოყენებისას ეს ეფექტი გათვალისწინებულია. შესაბამისად, არასწორია მიდგომა, რომ საქართველოში მშპ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შემცირდა (იხ. გრაფიკი 1). სინამდვილეში, ეკონომიკური კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2012-2019 წლებში, არცერთ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. შესაბამისად, კრიტიკა მშპ-ს ზრდის ტემპის ვარდნაზე უნდა იყოს მიმართული და არა - მშპ-ს შემცირებაზე.
გრაფიკი 1: რეალური მშპ-ს ცვლილების დინამიკა 2012-2020 წლებში (მლნ ლარი, რეალური % ზრდა)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური