სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიაზე, ბილ გეითსსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე:

2021 წლის 19 ივლისს Facebook-მომხმარებელმა - ბესო ბესო - დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. გავრცელებული პოსტის თანახმად, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება, რომელიც ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლით კეთდება. აღნიშნული გზავნილი კრემლისტური დეზინფორმაციაა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გაჩნია.

სინამდვილეში, ლაბორატორიის საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. Facebook-მომხმარებელი პოსტში ბილ გეითსის განცხადებაზეც საუბრობს, თითქოს მან ადამიანის პოპულაციის შემცირება მასობრივი ვაქცინაციით დაგეგმა. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. ის ბილ გეითსის ერთ-ერთი გამოსვლის კონტექსტის განზრახ დამახინჯებას წარმოადგენს. სინამდვილეში, გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც, თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ჭარბი ზრდის ტემპის განმაპირობებელ მიზეზებს მოაგვარებს.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ავტორი გავრცელებულ პოსტში განიხილავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ეხება. დეზინფორმაციის თანახმად, ვაქცინების შემადგენლობა არავინ იცის და მისი უსაფრთხოება არსად მოწმდება. რეალურად, COVID-19-ის ვაქცინების შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

მტკიცება #1: ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება, რომელიც ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლით კეთდება

აღნიშნულ დეზინფორმაციას კრემლსა და კრემლთან დაკავშირებულ წყაროებთან მივყავართ. 2020 წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ლუგარის ცენტრის, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული. მათ მაისში მოითხოვეს, ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე (რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე) წვდომა ჰქონოდათ.

მოცემულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას კრემლისტური მედიები აქტიურად აშუქებდნენ, რასაც საქართველოში არსებული პრორუსული მედიებიც პროპაგანდისტულად ავრცელებდნენ. მათ ეჭვი შეჰქონდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოტივებსა და კომპეტენციაში. მაგალითისთვის, პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ ლუგარის ლაბორატორიას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც თითქოსდა ცდილობდა, ლაბორატორიის მუშაობა, ნეიტრალური თვალით შეეფასებინა, თუმცა მთელ სტატიას ლაიტმოტივად გასდევდა აზრი, რომ ლუგარის ცენტრი გაუმჭვირვალე ობიექტი იყო, რომლის მშენებლობა და ფუნქციონირება უამრავ საიდუმლოებასთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთ სტატიაში, „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლო ცდები მიმდინარეობს, რომელიც იმდენად სახიფათოა, რომ ამერიკელები მათ საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებას ერიდებიან და ამისთვის საქართველოს იყენებენ. Sputnik Ossetia-მ ასევე ვრცელი სტატია მიუძღვნა ლუგარის ლაბორატორიას, სადაც მისი საქმიანობის გაუმჭვირვალობაზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე საუბრობდა, რაც რუსეთის ოფიციალური უწყებების და განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, ერთი თვით ადრე გაკეთებულ განცხადებასთან სრულ თანხვედრაში მოდიოდა.

ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის ბრალდებებს საქართველოს სახელისუფლებო უწყებები გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები მიზანმიმართულად გაააქტიურა და „პროპაგანდისტული მითების შეთხზვით, გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული შეტევები დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად სახელდება.

სინამდვილეში, ლაბორატორიის საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. კორონავირუსის პანდემიის დროს ლუგარის ცენტრის მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. საქართველოში სწორედ ამ ცენტრის დახმარებით ხდებოდა, განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში, დაავადების დროული გამოვლენა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ისიც განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრის გარეშე კორონავირუსზე ტესტირების და დაავადების კონტროლის სხვა ტექნოლოგიის აწყობა მოუწევდათ, რაც ბუნებრივია, გამოვლენის დროს კიდევ უფრო გაახანგრძლივებდა. ხოლო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ცენტრთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება „ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოა“, რომელსაც ამ საკითხში პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით „რუსეთი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს“.

ლუგარისა და სხვა 24 ლაბორატორიიდან კორონავირუსის შექმნის შესახებ ცრუ ბრალდებებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატკომის სპეციალური ჯგუფიც (East STRATCOM Task Force) გამოეხმაურა და მას „საიდუმლო ლაბორატორიის“ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა, რომელიც საზოგადოების ყურადღების გადასატანად კარგი საშუალება აღმოჩნდა.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნისა და სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ, ყალბია. აღნიშნული კარგად ნაცნობი რუსული პროპაგანდისტული გზავნილია. სინამდვილეში, ლაბორატორიის საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს.

მტკიცება #2: ბილ გეითსს არაერთხელ განუცხადებია: „იმის გამო, რომ მსოფლიო მოსახლეობა კრიტიკულად არის გაზრდილი, საჭიროა ადამიანის პოპულაციის შემცირება და ამაში უნდა გამოიყენებოდეს მასობრივი ვაქცინაცია“

აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. ის ბილ გეითსის ერთ-ერთი გამოსვლის კონტექსტის განზრახ დამახინჯებას წარმოადგენს. სინამდვილეში, გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც, თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ჭარბი ზრდის ტემპის განმაპირობებელ მიზეზებს მოაგვარებს.

ბილ გეითსმა 2011 წლის თებერვალში, TED კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა. გეითსმა არა მოსახლეობის დეპოპულაცია, არამედ მოსახლეობის ზრდის ტემპის დარეგულირება იგულისხმა, რაც საჭირო ვაქცინების გამოგონებითა და გამართული ჯანდაცვის სისტემის შექმნით იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებით და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებითაც აიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნებში არ აქვთ წვდომა გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე, ბავშვებში ხშირია ვაქცინის არ არსებობით გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც ოჯახებში მრავალშვილიანობასაც განაპირობებს. ბილ გეითსის თქმით, კი ვაქცინების გამოგონება და მიწოდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის მეტი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, რაც მშობლებს ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების გამო, მრავალშვილიანობის აუცილებლობას აღარ შეუქმნის.

მტკიცება #3: რას შეიცავს ვაქცინა არავინ იცის და არსად მოწმდება

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პერიოდში კოვიდვაქცინების შესაქმნელად, გლობალურად, ტექნოლოგიური, ფინანსური და ადამიანური რესურსების უპრეცედენტო მობილიზება მოხდა. შედეგად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, სტანდარტულ ვადებთან შედარებით, ძალიან მოკლე დროში შეიქმნა. კოვიდვაქცინების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის უზრუნველყოფილი.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის. პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული, თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

ავტორიზებულმა კოვიდვაქცინებმა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

რაც შეეხება ვაქცინების შემადგენლობას, თითოეული მათგანზე ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ავტორიზებული ვაქცინების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.