სიძულვილის ენა, მუქარა და დეზინფორმაციული გზავნილები „ღირსების მარშის“ წინ

1-5 ივლისს Tbilisi Pride პრაიდის კვირეულს მართავს, რაც 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ დასრულდება. კვირეულის წინ გააქტიურდნენ პრო-კრემლინური, ულტრანაციონალისტური და საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული აქტორები, რომლებიც ტრადიციულ და სოციალურ მედიაში სიძულვილის ენას იყენებენ და ღირსების მარშის წინააღმდეგ მოქალაქეების მობილიზაციას ახდენენ.

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, პრაიდის კვირეულის წინ ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გავრცელებული სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი განცხადებები, დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი გზავნილები და აქტორები გამოიკვლიეს და გააანალიზეს.

აღნიშნული ანგარიში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS), ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ტრადიციული და სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა.

ანგარიშში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალაში დაფარულია ინფორმაცია სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებებისა და შეკრებების შესახებ. ასევე არ არის მითითებული მათი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის ბმულები, რათა ირიბად არ მოხდეს ძალადობის წახალისება და პოპულარიზაცია.

1. სიძულვილის კამპანიაში ჩართული ძირითადი აქტორები

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელი გახდა იმ ძირითადი აქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც პრაიდის კვირეულის წინ სიძულვილის ენას მიმართავდნენ და მუქარის შემცველ გზავნილებს ავრცელებდნენ. აქტორთა კავშირების რუკის გრაფიკიდან ჩანს, რომ პრაიდის გარშემო სიძულვილს საქართველოს საპატრიარქო, ულტრანაციონალისტური და ღიად პრო-რუსული ჯგუფები აღვივებდნენ.

15 ივნისს, ღირსების მარშის დაანონსებიდან მალევე, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მარშის გაუქმებისთვის 10-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჩაშლით იმუქრებოდა. 27 ივნისს, 10 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის ჩაშლისკენ ღიად მოუწოდა. თუმცა, ვასაძე პრაიდის კვირეულის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფება - ვასაძის თქმით, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჯერ თურქეთში იმყოფებოდა, ახლა კი მკურნალობას რუსეთში აგრძელებს.

ლევან ვასაძის კავშირები პრო-რუსულ აქტორებთან კარგად ნაცნობია. მას ახლო კავშირი აქვს კრემლის იდეოლოგ ალექსადრ დუგინთან, ასევე საქართველოში მსოფლიო საოჯახო კონგრესის წარმომადგენელია. მსოფლიო საოჯახო კონგრესი კი რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან არის აფილირებული, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაფინანსებისა და მხარდაჭერის გამოა სანქცირებული.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ღირსების მარშის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი განცხადება ალტ-ინფომ გაავრცელა. ალტ-ინფო პრო-კრემლინური პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა და ქართული მარშის ყოფილმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ დააარსა. მორგოშიას ახლო კონტაქტი აქვს ლევან ვასაძესთან. ალტ-ინფოს ეთერებსა და საკომუნიკაციო არხებზე ხშირად ვხვდებით ლევან ვასაძისა და მის მიერ ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციისკენ მიმართულ აქტივობებს. ალტ-ინფოს კონტენტს პირად ფეისბუქ პროფილზე დუგინი აზიარებს. ასევე ხშირად, ალტ-ინფოს ეთერებში, დუგინის ინტერვიუებსაც ვხვდებით.

პირველ ივლისს, პრაიდის კვირეულის დაწყების დღეს, ალტ-ინფოს მთავარი ფეისბუქ გვერდი წაიშალა, თუმცა ფეისბუქის მიერ ალტ-ინფოს არაავთენტური ქსელის რამდენჯერმე გაუქმების შემდეგ, ალტ-ინფო სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს იყენებს, მათ შორის მაუწყებლობასაც. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ალტ-ინფოს კონტენტი ფეისბუქზე, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული სხვადასხვა გვერდისა და პერსონალური ანგარიშის მიერ, მხარდამჭერ ჯგუფებში ზიარდება.

ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ბოლო 1 კვირის მანძილზე ალტ-ინფოს კონტენტის პოპულარიზაციას ახდენდნენ. წყარო: Crowdtangle

ISFED-ის ინფორმაციით, ალტ-ინფო ღირსების მარშის წინ მომხრეების მობილიზებას სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისა და ჩატ აპლიკაციების, მათ შორის ტიკ-ტოკისა და ტელეგრამის მეშვეობით ახდენს.

ამ მხრივ, ასევე აქტიურობს გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც „ბავშთა უფლებათა დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი და ნაციონალისტური და პრო-რუსული პარტია „ქართული იდეის“ წევრია. ფალავანდიშვილი მუქარის შემცველი განცხადებებით გამოირჩევა. პირველ ივლისს ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივის შეკრების პოპულარიზაციას „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება“ ასევე ტელეგრამის მეშვეობით ახდენს.

2. პრაიდის კვირეულისა და ღირსების მარშის წინააღმდეგ გავრცელებული ძირითადი გზავნილები

GRASS-ის მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პრო-რუსული, ულტრანაციონალისტური აქტორები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, პრაიდის შესახებ ძირითადად შემდეგ გზავნილებს ავრცელებდნენ:

• ღირსების მარშის მიზანი ქართულ იდენტობასთან/ეკლესიასთან ბრძოლაა;

• ღირსების მარშით საბოლოოდ დავკარგავთ ოკუპირებულ ტერიტორიებს;

• ღირსების მარში დასავლეთის მოთხოვნით ტარდება.

პრაიდის კვირეულის და ზოგადად, ლგბტქ+ უფლებების შესახებ ჰომოფობისა და სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები და განცხადებები, მეტწილად, ქართული იდენტობის წინაშე არსებული საფრთხის კონტექსტში ვრცელდებოდა. ამ მხრივ, საუბარი იყო ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, ნაციონალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებზე. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ღირსების მარშს ნინოწმინდის პანსიონატის მოვლენების კონტექსტში განიხილავდნენ, რითაც უგულებელყოფდნენ პანსიონატში ბავშვთა უფლებების შესაძლო სისტემური დარღვევების ფაქტებს და პანსიონის ირგვლივ მიმდინარე საჯარო განხილვას, პრაიდ კვირეულის კონტექსტში, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად წარმოადგენდნენ. ლგბტქ+ უფლებებისა და ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთთან, ყველაზე აქტიურად, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და ნაციონალისტური ჯგუფები აკავშირებდნენ. ამ მხრივ, გამოირჩეოდა „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადობის“ წევრის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადებები, რაც თანხვედრაში მოდიოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებთან. საზოგადოების სენტიმენტებზე მანიპულირებით და ლგბტქ+ თემის და აქტივისტების დემონიზების მიზნით, ფალავანდიშვილი ამტკიცებდა, რომ ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენები ლგბტქ+ თემთან იყო დაკავშირებული და სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების კარნახით სწორედ ეს ჯგუფები უდგენდნენ საზოგადოებას „ბავშვის აღზრდის“ ნორმებს.

ამას გარდა, ღირსების მარშის ჩატარება გაიგივებული იყო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვასთან. პირდაპირი მუქარების გარდა, აღნიშნული აქტორები მხარდამჭერებს მარშის წინააღმდეგ მობილიზაციისკენ ირიბადაც მოუწოდებდნენ და სხვა ქვეყნებში ჩატარებული პრაიდების შესახებ ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებდნენ. ხშირი იყო ანტიდასავლური განცხადებებიც, რომლის ფარგლებშიც სიძულვილის ჯგუფები ღირსების მარშში დასავლური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და დასავლური ქვეყნის საელჩოების კვალს ხედავდნენ (იხ. გზავნილების მაგალითები დანართ 1-ში).

3. დეზინფორმაცია და მანიპულაცია პრაიდის კვირეულის გარშემო

მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გარდა, გამოვლინდა ინფორმაციის მანიპულაციურად გავრცელებისა და დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევებიც, რომელთა მიზანიც პრაიდის კვირეულისა და ლგბტქ+ უფლებების შესახებ ტრადიციული და სოციალური მედიის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა იყო.

DFRLab-ის, MDF-ისა და GRASS-ის მონაცემების თანახმად, სხვა ქვეყნებში ჩატარებული ღირსების მარშების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდებოდა, რითაც სიძულვილის ჯგუფები მხარდამჭერებს ძალადობისკენ ირიბად მოუწოდებდნენ.

ასევე, ეს აქტორები ღირსების მარშის გაუქმებას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველზე ითხოვდნენ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სუბიექტურ ინტერპრეტირებას ახდენდნენ.

ამას გარდა, ყალბი ინფორმაცია პერსონალური თავდასხმის სახესაც იღებდა. ღირსების მარშის ორგანიზატორების დემონიზების მიზნით, ღირსების მარშის დაანონსებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფეისბუქზე ვირუსულად ვრცელდებოდა Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის ფოტო და ყალბი ციტატა, თითქოს ის ღირსების მარშის მოწინააღმდეგე რუსეთის ინტერესების გამტარ აქტორებს “სტალინური რეპრესიებით” ემუქრებოდა.

პრაიდის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და მანიპულაციური ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო სივრცეშიც გავრცელდა. GRASS-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ აფხაზურ საჯარო ჯგუფში ფეისბუქ ანგარიშმა “Абхазия Ньюс” გაავრცელა ყალბი ინფორმაცია და ფოტოები, თითქოს ღირსების მარში თბილისში 5 ივნისს ჩატარდა. ფოტოები, კი რომელიც ამ ინფორმაციას ახლდა თან, სხვადასხვა დროსა და ადგილას იყო გადაღებული.

დასკვნა

როგორც GIIP-ის პარტნიორი ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, წინა წლების მსგავსად, წელსაც ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებული ღონისძიებების წინ ულტრანაციონალისტური და ღიად პრო-რუსული ძალები, ასევე საქართველოს საპატრიარქო და მასთან დაკავშირებული რადიკალური ძალები აქტიურდებიან. ისინი ღირსების მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიურ, სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველ გზავნილებს კვლავ ქართული იდენტობისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის, ასევე ანტიდასავლურ კონტექსტში წარმოაჩენდნენ.

მონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფები მხარდამჭერების მობილიზაციის მიზნით ფეისბუქის გარდა სხვა საკომუნიკაციო არხებსაც მიმართავენ. ამ ტენდენციაზე დაკვირვება და საქართველოს ბაზარზე მზარდი სოციალური მედიისა და ჩატ აპლიკაციების დაკვირვება მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამიზნე ჯგუფების სრულყოფილად გასაანალიზებლად.

დანართი 1. ღირსების მარშის წინააღმდეგ გავრცელებული ძირითადი გზავნილები და ციტატები

გზავნილი

მაგალითი

ღირსების მარშის მიზანი ქართულ იდენტობასთან/ეკლესიასთან ბრძოლაა

ალტ-ინფო: ორკესტრირებული შეტევაა ეკლესიის წინააღმდეგ, მედიის, “ლიბერასტების” მიერ. მიზანმიმართული კამპანია იმით დაგვირგვინდება, რომ ლგბტ პრაიდი ჩატარდება.

მეუფე სტეფანე: გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. აქედან - შეტევა ეკლესიაზე, იქიდან - პრაიდი. ფაქტობრივად ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული

ალტ-ინფო: ნინოწმინდის საკითხზე ლგბტ ხალხი აქტიურობს. პირველი ამოცანა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესია დაიშალოს. ევროპას ვინ კითხავს, წყნარად იყოს, რას ითხოვს საქართველოში, იდენტობა უნდა გააქროს. ევროპა რომ გთხოვს, მაგიტომ უნდა გაპიდარასტდე?

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: “ეს არის ლგბტ მოძრაობა, იგივე პედოფილთა მოძრაობა, რომლის სამიზნე ჯგუფი არიან ბავშვები და გარყვნა უნდათ ჩვენი შვილების და ვხედავთ როგორც ატარებენ პარადებს, რომ ბავშვები გამოყავთ და ბავშვებს ყვირიან პირველ რიგში მთელ დასავლეთში. იგივე უნდათ აქაც. ამის წინააღმდეგ ჩვენ მზად ვართ და ვალდებულებიც ვართ, რომ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მეთოდი გამოვიყენოთ…’’

ღირსების მარშით საბოლოოდ დავკარგავთ ოკუპირებულ ტერიტორიებს ალტ-ინფო: “თუ ისინი გაიმარჯვებენ, ჩვენ დავკარგავთ მიზერულ შანსსაც კი, რომ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს საერთო სახელმწიფოს იდეაზე, რადგან ეს არის კავკასია და კავკასიაში ეგეთ სახელმწიფოს, რომლის მთავარ პროსპექტზეც გარყვნილების ნორმალიზების აღლუმი არის, არავინ არ ელაპარაკება, პატივს არ სცემს და მასთან თანაცხოვრება არავის არ უნდა.”
ღირსების მარში დასავლეთის მოთხოვნით ტარდება

ალტ-ინფო: „ეს არ არის ვიღაცა 5 გეი-პრაიდის აქტივისტის ინიციატივა. ჩვეულებრივად ამერიკის საელჩომ, ევროკავშირის საელჩომ, რომლებმაც ყველაფერზე მოაწერინეს ხელი ოცნებას, იმდენად ვასალურ მდგომარეობაში ყავთ ჩაყენებული და არანაირი წინააღმდეგობის რესურსი ამ ძალას არ გააჩნია დასავლეთის მიმართ, პირდაპირ დაუყენეს, ეს უნდა ჩატარდეს ყველანაირ ფასად.“

ალტ-ინფო: ევროპას ვინკითხავს, წყნარად იყოს, რას ითხოვს საქართველოში, იდენტობა უნდა გააქროს. ევროპა რომ გთხოვს, მაგიტომ უნდა გაპიდარასტდე?

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: ნუთუ საპატრიარქოს თქვენმა სამსახურმა არ იცის, რომ სწორედ ის ბოროტი ორგანიზაციები, რომლებიც თქვენ გახლდნენ, გაერო და „ვორლდ ვიჟენი“, დგანან ამ ლგბტ ზონდერების, სახალხო დამცველის, თბილისი პრაიდის.... სხვათა უკან და რომ ისინი აფინანსებენ და ლობირებენ მათ?!

ქართული იდეა, ლევან ჩაჩუა: „ბაიდენმა აღადგინა მთელი რიგი ლგბტ პროექტები, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ასეთი ორგანიზაციების გაძლიერებას ემსახურება. მათ შორის, საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ-მატერიალურ, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც. ეს გახლავთ მიზეზი იმის, რომ პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდნენ და თამამად, ერთგვარი ირონიანარევი ცინიზმით საუბრობენ, რომ იქნება წინააღმდეგობა „ბნელი“ ძალებისგან, მაგრამ ჩვენ, - „პროგრესულებს,“ ეს ხელს ვერ შეგვიშლისო. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია…“

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში იქნა გაწეული. GIIP-ის ახორციელებს Zinc Network-ი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები. ანგარიშში წარმოდგენილი მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.