ალექსანდრე ფალავანდიშვილის მანიპულაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 2 ივნისს ალექსანდრე ფალავნდიშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც იგი არაერთ დეზინფორმაციას და მანიპულაციური ხასიათის მტკიცებას ავრცელებს. ის ასევე, სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მტკიცება 1: „ჩვენ გვიდგენენ ესეთ რეალობას, რომ „ელგებეტემ“ უნდა გადაგვიწყვიტოს, თუ როგორ აღვზრდით ბავშვებს. თითქოს „ელგებეტე“ არის ის, ვინც უნდა აკონტროლოს, რევიზია უწიოს იმათ, თუ როგორ ვზრდით ჩვენ შვილებს და ამ აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისწამებებში იყო ერთ-ერთი გამორჩეული, რომ ამ დაწესებულებაშიო, თურმე, ბავშვებს აიძულებენ ლოცვას. ესე იგი, ისინი ჩვენ გვებრძვიან იმის გამო, ისინი უპირისპირდებიან საპატრიარქოს იმის გამო, რომ უბრალოდ ქრისტიანულად ზრდიან ბავშვებს“

აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებების დაცვა, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და ბავშვისთვის განვითარების საჭირო პირობების შექმნა, დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა. ეს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (მაგ. ბავშვის უფლებათა კონვენცია, ე.წ. სტამბულის კონვენცია და ა.შ.) არის განმტკიცებული. ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში, სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან იგი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ძირითად ორგანოს წარმოადგენს. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სახალხო დამცველი ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ამოწმებს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ არსებულ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ზედამხედველობას უწევს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაციებს გასცემს, ანგარიშებს ამზადებს და სხვადასხვა უწყებას ეფექტური რეაგირებისთვის მიმართავს.

2015 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბავშვებთან ინტერვიუირებით, აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა. ასევე, „გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ-ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს. სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონის აღმზრდელები, ბავშვის რთული ქცევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს სასულიერო პირებთან აგზავნიან და სულიერი მამა ცოდვების მონანიების თუ დასჯის მიზნით, ბავშვებს მეტანიებს აკეთებინებს. სასჯელის ზომად 50-100 მეტანია განისაზღვრება. ბენეფიციარები მეტანიების გაკეთების ვალდებულებაზე ლოცვის გამოტოვების შემთხვევაშიც საუბრობენ. ასევე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტანიების გაკეთების ვალდებულება ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ, როგორც დასჯის ფორმა“. ასევე, 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან ინტერვიუირებით გამოვლინდა აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები: გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს, დასჯის მიზნით, ოთახიდან გასვლა ეკრძალებათ, უწევთ კვების ერთი-ერთი კომპონენტის გამოტოვება - მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ, დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული უწევთ.

ალექსანდრე ფალავანდიშვილი, თავის ვიდეომიმართვაში, სწორედ ამ ჩანაწერზე აპელირებს. იგი ცდილობს ფაქტები იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოს სახალხო დამცველის კრიტიკის საგანს ბავშვების მიერ რელიგიური რიტუალების შესრულება წარმოადგენს. რეალურად, ანგარიშში ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ მეტანიების გაკეთება გამოყენებულია, როგორც ფიზიკური დასჯის საშუალება, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. შესაბამისად, ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადება არის მანიპულაცია და ფაქტების დამახინჯება, რომლითაც სახალხო დამცველის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას ისახავს მიზნად.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევებზე, სახალხო დამცველის ანგარიშებთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო დაწესებულებების ქმედებებიც მეტყველებს. 2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 5 მაისის საჩივარი დააკმაყოფილა და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

2021 წლის 3 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, სამი საქმე ეხება სავარაუდო ცემის ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ხოლო ერთი საქმე ეხება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი). გამოძიების დაწყების საფუძველი, ორ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან“, მიმართვა გახდა. შსს-ს განცხადების თანახმად, „თითოეულ საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი“.

ასევე, 2021 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა შშმ პირის გაყვანა უნდა მოხდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი გაიყვანეს და არასრულწლოვანთა ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში (ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განათავსეს.

მტკიცება 2: ისინი (სახალხო დამცველი და უფლებადამცველი ორგანიზაციები) შიგნით შესულები არ არიან, არ ფლობენ ინფორმაციას, რა ხდება შიგნით. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ჩვენ არ გვიშვებენო და არ ვიცით, შიგნით რა ხდებაო და მოურიდებლად მეორე წინადადებაში ლაპარაკობენ იმ დარღვევებზე, რომლებიც შიგნით ხდება. წარმოგიდგენიათ, ადამიანები შიგნით ნამყოფი არ არიან და უკვე ლაპარაკობენ, რომ, იქ კონკრეტული დარღვევებია

2021 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ მიეცათ. ეფექტური მონიტორინგის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტი, ასევე დაფიქსირდა 2018 წელს, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცეს და მათ პანსიონის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამასთან, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკსაც არ ჰქონია.

მიუხედავად მონიტორინგში ხელის შეშლის ზემოხსენებული ფაქტებისა, საყურადღებოა, რომ სახალხო დამცველს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს ანგარიშები, სადაც ბავშვთა პანსიონებში, მათ შორის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, გამოვლენილი ძალადობის ფაქტებია ასახული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2015 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია ბავშვთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენილ ფაქტებზე. ბავშვთა პანსიონებში არსებული მდგომარეობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობასა და ბავშვის უფლებათა კონვენციის გარანტირებული მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის შეუძლებლობის შესახებ, ინფორმაცია მოცემულია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშიც. ასევე, ამ საკითხებზე საუბარია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც, სადაც არაერთხელაა აღნიშნული, რომ იმ დარღვევებიდან გამომდინარე, რომლებიც ასახულია ზემოხსენებულ ანგარიშებში, საჭიროა ბავშვთა პანსიონებში (მათ შორის, უშუალოდ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში) ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერება.

საყურადღებოა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების პრობლემა, სახალხო დამცველს პირველად, სწორედ 2018 წელს, ზემოხსენებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, შეექმნა. 2015 და 2018 წლის ანგარიშები მომზადების პერიოდში, სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მნიშვნელოვანი შეფერხება არ ჰქონია. ამ ანგარიშების სიმწვავე მოწმობს, რომ იმ პერიოდში, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგში ხელი არ ეშლებოდათ, მათ მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევის მეტი ფაქტის გამოვლენა და ბავშვთა მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება ხდებოდა.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადება მანიპულაციას წარმოადგენს. სახალხო დამცველი და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ითხოვენ, რომ სახალხო დამცველს მიეცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, რაც ბავშვთა სახლში მონიტორინგის შესვლის შესაძლებლობას გულისხმობს. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ანგარიშშია მოცემული. ამასთან, აღნიშნული ანგარიშები, თავის მხრივ, ბავშთა სახლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებსა და ბენეფიციარებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. სწორედ, ანგარიშებში მოცემული ინფორმაცია და ძალადობის გამოვლენილი ფაქტები მეტყველებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის აუცილებლობაზე.

მტკიცება 3: ამ კოდექსით (ბავშვის უფლებათა კოდექსი) ათასობით ბავშვი გამოიყვანეს ოჯახებიდან სხვადასხვა მიზეზით და მათ შორის, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მატერიალურად უჭირთ

2019 წელს საქართველოში „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, ბავშვისთვის განვითარების საუკეთესო პირობების შექმნის ხელშეწყობა. ამ მიზნით, კოდექსი ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის. კოდექსის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები, ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესით ხელმძღვანელობენ.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის პირობები არის შექმნილი. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.

კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორების აუცილებლობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბავშვის მშობლისგან განცალკევება უკიდურესი ზომაა, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ბავშვის მშობლებთან დატოვება, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით სათანადო ზომები მიიღოს, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ხელმისაწვდომობა. ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.

ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკი იღებს. იგი ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს შუამდგომლობას წარუდგენს. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების ან განცალკევებაზე უარის თქმის შესახებ. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება პერიოდულ გადასინჯვას ექვემდებარება. განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი მტკიცება, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით სახელმწიფოს მატერიალური პრობლემის გამო, ათასობით ოჯახიდან ბავშვები გამოჰყავთ, არის ტყუილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახიდან ბავშვის განცალკევება უკიდურესს ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ბავშვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიძლება განხორციელდეს.

მტკიცება 4: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია [ნინოწმინდის პანსიონში შესვლა], მათ შორის, სახელმწიფო მიდის იქ, თავისი სოც.მუშაკებით და ა.შ.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს. „სახალხო დამცველის“ შესახებ საქართველოს კანონი და „ბავშვის უფლებათა“ კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ სახალხო დამცველი ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ამოწმებს. ბავშვის უფლებათა კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე აკონტროლებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ კოდექსის შესრულებას. აღნიშნული მოწმობს, რომ სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტია. ამიტომ, მტკიცება, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფოს წარმომადგენლებს შესვლა შეუძლიათ, იმთავითვე მცდარია.

ამასთან, საყურადღებოა, რომ სახალხო დამცველის გარდა, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლეოდა. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, სოციალური მუშაკი მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილების გამო, პანსიონში მონიტორინგის განხორციელებას ვერ ახერხებდა. შესაბამისად, ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადება არის ტყუილი.

მტკიცება 5: ისინი შემოდიან და გეუბნებიან, რატომ ზრდი შენ ბავშვებს შენი ტრადიციების მიხედვით, რატო კითხულობ ლოცვას ჭამის წინ, გესმით? საპატრიარქოს ბავშვთა სახლს ეუბნებიან, რატო ამბობთ ლოცვას ჭამის წინ, დილას და საღამოსო. ეგ ხალხი ჩვენ სახლებშიც შემოვა თუ ერთად არ დავდგებით

როგორც სტატიის დასაწყისში აღინიშნა, სახალხო დამცველის ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია რელიგიური რიტუალის, როგორც ფიზიკური დასჯის ფორმის არსებობაზე და არა, თავად რელიგიური რიტუალის შესრულებაზე. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი 2015 და 2018 წლის ანგარიშების მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან ინტერვიუირებით გამოვლინდა აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები: ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს, დასჯის მიზნით, ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთ-ერთი კომპონენტის გამოტოვება - მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ-ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს. სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონის აღმზრდელები, ბავშვის რთული ქცევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს სასულიერო პირებთან აგზავნიან და სულიერი მამა ცოდვების მონანიების თუ დასჯის მიზნით ბავშვებს მეტანიებს აკეთებინებს. სასჯელის ზომად 50-100 მეტანია განისაზღვრება. ბენეფიციარები მეტანიების გაკეთების ვალდებულებაზე ლოცვის გამოტოვების შემთხვევაშიც საუბრობენ. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტანიების გაკეთების ვალდებულება ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ, როგორც დასჯის ფორმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადება არის ტყუილი. ვიდეოში, ავტორი ცდილობს, საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებთან და ფართოდ გავრცელებულ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებული მიმღეობა გამოიყენოს და ძალადობის სხვადასხვა ფორმის (მეტანიების იძულების გზით გაკეთება, მუხლებზე ხოხვა) მაგალითზე, სახალხო დამცველის საქმიანობა ნეგატიურად წარმოაჩინოს, პანსიონში დაფიქსირებული დარღვევების რეალური ფაქტები უგულებელყოს.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია