იტვირთება

კობა კუპრაშვილი ენტონი ფაუჩის წერილებზე დაყრდნობით ყალბ და მანიპულაციურ მტკიცებებს ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი კობა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შემცველ მტკიცებებს ავრცელებს. 23-წუთიან ვიდეოს, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა, დღემდე 45 ათასი ნახვა და 1.4 ათასი კომენტარი აქვს.

მტკიცება 1: ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი და მის შექმნაში ფაუჩის ხელი ურევია. ეს ყველაფერი ხდებოდა ფაუჩის დაფინანსებით ჩინეთში.

ვერდიქტი: მანიპულირება

მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ფაუჩის მეილები ვირუსის ხელოვნურად შექმნას ადასტურებს, ფართოდ გავრცელდა როგორც უცხოურ, ისე ქართულ სოციალურ ქსელში. აღნიშნული გასული წლის აპრილის თვეში ფაუჩისთან გაგზავნილი მეილის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო, სადაც ორგანიზაცია Ecohealth Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორი პედერ დაშაკი (Dr. Peter Daszak) ფაუჩის მადლობას უხდის იმ მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებისთვის, რომ ვირუსი ადამიანების მიერ ლაბორატორიუად შექმნილი არ არის. აღნიშნულ იმეილზე ენტონი ფაუჩი შემდეგნაირად პასუხობს: „ დიდი მადლობა კეთილი მონაწერისთვის“ ("Many thanks for your kind note") დასახელებულ წერილთან ერთად, კონსპირატორები მანიპულირებისთვის იმ ფაქტს იყენებენ, რომ Ecohealth Alliance 2014-2019 წლებში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის გრანტის მიწოდებისთვის შუამავალი ორგანიზაცია იყო. CNN აღნიშნულის განმარტებისთვის ენტონი ფაუჩის დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ იმეილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. თავად ფაუჩის განცხადებით, ფაუჩისა და Ecohealth Alliance-ის დირექტორის მიმოწერაში დასამალი არაფერია. საჯარო ფაქტია ის, რომ 2014 -2019 წლებში აშშ-ის საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტომ, ნიო-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ის შუამავლობით, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი ღამურებში კორონავირუსის კვლევისთვის გადასცა. სულ ორგანიზაცია EcoHealth Alliance-მა კორონავირუსის ტრანსფორმაციის საკვლევად 2014 წლის დასაწყისში 3.4 მილიონის ოდენობის გრანტი მიიღო, ორგანიზაციამ კი თანხები თავად გადაანაწილა და აღნიშნული 3.4 მილიონიდან, 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, ვუჰანის ლაბორატორიას ღამურებში კორონავირუსის საკვლევად გადასცა. აღნიშნული გრანტის მიზანს ღამურებში არსებული კორონავირუსის კვლევა წარმოადგენდა, რომელმაც 2003 წელს გამოიწვია მძიმე რესპირატორული სინდრომი SARS-ის და 2012 წელს ახლო აღმოსავლეთში რესპირატორული სინდრომი MERS-ის გავრცელება. EcoHealth Alliance ჩინეთის გარდა სხვა 29 ქვეყნის ადგილობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობს.

რაც შეეხება 18 აპრილის წერილს, პიტერ დაშაკი ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის შესახებ ფაუჩის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრნობით გაკეთებულ საჯარო განცხადებისთვის პერსონალურ მადლობას უხდის. პიტერ დაშაკი იმეილს შემდეგი ფრაზით ასრულებს: „ჩემი პერსპექტივიდან, მამაცური იყო თქვენი კომენტარები და ისინი, თქვენი სანდოობის გათვალისწინებით, დაგვეხმარება გავფანტოთ მითები ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით“.

აღნიშნულ მიმოწერასთან დაკავშირებით ფაუჩიმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მეილის ინტერპრეტირება მრავალმხრივაა შესაძლებელი, თუმცა სინამდვილეში, ეს არის უბრალო წერილი ადამიანისგან, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფაუჩის იმისთვის, რაც თქვა. ფაუჩიმ კი აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა. ფაუჩის განცხადებით, ის იგივე პოზიციაზე რჩება, თუმცა არ გამორიცხავს იმ ვარაუდსაც, რომ ვირუსს შესაძლოა ლაბორატორიიდან გაეჟონა.

როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციამ 26 მაისს ვირუსის წარმოშობის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანიპულაციური მტკიცების გამავრცელებელი სოციალურ ქსელში მხოლოდ კობა კუპრაშვილი არაა. ანალოგიურ მანიპულაციურ განცხადებებს ზემოთ ხსენებული წერილის შესახებ Facebook-ის სხვა მომხმარებლებიც ავრცელებენ. Facebook-მომხმარებელი ბექა ვარდოსანიძის განცხადებით, ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ს გადაეცა გრანტი, რომ შეესწავლა, გადადიოდა, თუ - არა კორნავირუსი ღამურიდან ადამიანზე. მისი განცხადებით, ორგანიზაცია მუშაობდა იმაზე, რომ ვირუსი ადამიანებთან მიმართებით კიდევ უფრო ინფექციური გაეხადათ.

მტკიცება 2: უსიმპტომოდ მიმდინარე ვირუსი გადამდები არაა

ვერდიქტი : ყალბი ამბავი

დღემდე არსებული სამეცნიერო კვლევების თანახმად, კორონავირუსის გამავრცელებელი შეიძლება იყოს, როგორც სიმპტომური, ისე უსიმპტომო პაციენტი. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მოდელის მიხედვით, ვირუსის გავრცელება-გადაცემის 59% სწორედ უსიმპტომო გადაცემაზე მოდის, მათგან 35% პრესიმპტომურ პირებზე (პირები, რომლებსაც სიმპტომები მოგვიანებით უვითარდებათ) და 25% მათზე, ვისაც საერთოდ არ უვითარდებათ სიმპტომები (ასიმპტომური პაციენტები). შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულები არიან, მაგრამ სიმპტომებს არ ავლენენ, ვირუსის გავრცელება ჩვეულებრივ შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ ისინი ნაკლებად იზოლირებულები არიან.

მტკიცება 3: ფაუჩი პირად იმეილში თავის მეგობარს არ ურჩევს პირბადის ტარებას

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

აღნიშნული მტკიცება, ენტონი ფაუჩისა და სილვია ბურველს შორის იმეილების გასაჯაროვებას მოყვა. მსგავსი დეზინფორმაციის შემცველი პოსტები გამოაქვეყნეს შორე შანიძემ, მიშო ოტიაშვილმა და სოსო მანჯავიძემ და Facebook-გვერდმა „დედაქალაქი“.

გასაჯაროვებული იმეილ-მიმოწერების თანახმად, ენტონი ფაუჩიმ 2020 წლის 5 თებერვალს სილვია ბურველს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით ბურველის კითხვებს პასუხობს. ენტონი ფაუჩი ბურველს ეუბნება, რომ პირბადე პირველ რიგში ინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, რათა არ გაავრცელონ ინფექცია ჯანმრთელ ადამიანებზე და რომ პირბადეები არც ისე ეფექტურია ვირუსის გავრცელებისგან დაცვაში. აღსანიშნავია, რომ ფაუჩის მიერ პანდემიის საწყის ეტაპზე პირბადეებთან დაკავშირებით გაცემული რჩევები, პირვანდელ რეკომენდაციებს ეყრდნობოდა. CDC პანდემიის საწყის ეტაპზე პირბადეების ტარების რეკომენდაციას მათზე გასცემდა, ვისაც COVID-19-ის ვირუსი და სიმპტომები ჰქონდათ.

CDC-ის მიხედვით პირბადეების გამოყენება აუცილებელი იყო სამედიცინო პერსონალისთვისაც და მათთვის, ვინც ინფიცირებულს უვლიდა, თუმცა მათზე, ვისაც ვირუსი არ ჰქონდა, პირბადეების ტარების რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი იყო ის, რომ პირბადეების ლიმიტირებული რაოდენობის გამო, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალს ნიღბების ნაკლებობა არ განეცადათ. ამასთან ერთად, არსებობდა მოსაზრება, რომ პირბადე დაინფიცირებული ადამიანის პირიდან და ცხვირიდან ინფექციის წვეთების გამოყოფის პრევენციას კი ახდენდა, თუმცა მას, ვისაც პირბადე ეკეთა, ნაკლებად იცავდა დაინფიცირებისგან. თუმცა მოგვიანებით კვლევებმა და ინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ ცხადჰყო, რომ ადამიანი მაშინაც კი ავრცელებს ვირუსს თუ სიმპტომი არ აქვს. შესაბამისად, სამეცნიერო მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე CDC-მ პირბადეების შესახებ გაცემული რეკომენდაციები ორი თვის შემდეგ შეცვალა. CDC-ის თანახმად, პირბადეების ტარება რეკომენდირებულია საჯარო თავშეყრის ადგილებში, ღონისძიებებსა და შეკრებებზე, ანუ იქ სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ფაუჩიმ მთელი მსოფლიო მოატყუა პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მანიპულაციური ხასიათისაა.

მტკიცება 4: ლოკდაუნები და კომენდანტის საათი ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენდა ეპიდემიის შეკავებაზე.

ვერდიქტი: მცდარი

კობა კუპრაშვილი აღნიშნულ მტკიცებას ფაუჩის იმეილებს მიაწერს და აღნიშნავს, რომ „ეს იყო დანაშაული და არის თუ სადმე გრძელდება კომენდანტის საათი...როგორც იკვეთება ფაუჩის მეილიდან, ეს არის აბსოლიტური პროფანაცია...მოქალაქეების თავზე მოხვევა სულ სხვა მიზნებით“. რეალურად, მსგავსი შინაარსის წერილი, რომელიც კობა კუპრაშვილის მიერ გაჟღერებულ ანალოგიურ ან მსგავს მტკიცებას დაადასტურებს, გავრცელებულ წერილებში საერთოდ არ იძებნება.

რაც შეეხება ლოკდაუნების გავლენას პანდემიის შეკავებაზე, სხვადასხვა ქვეყნის ლოკდაუნების შემოღების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მრავალი საერთაშორისო კვლევა ცხადჰყოფს, რომ მათი გამოყენებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2020 წლის მაისის დასაწყისისთვის, ავსტრიაში, ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ყველა ქვეყანაში ერთად, ლოკდაუნის შემოღების შედეგად 3.1 მილიონი ადამაიანის სიცოცხლე გადარჩა. მეორე საერთაშორისო კვლევის შედეგად, რომელიც ვირუსით დაინიფცირებულთა სტატისტიკას ეხება, ლოკდაუნებმა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში, საფრანგეთსა და აშშ-ში მოახდინა პრევენცია, ან გადადო 530 მილიონი ადამიანის კოვიდ-19-ით დაინფიცირება. ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში ჩატარებული სხვა საერთაშორისო კვლევებიც ცხადჰყოფს, რომ ლოკდაუნებმა პირდაპირი ეფექტი მოახდინეს ინფექციის გავრცელების შემცირებაზე. გასული წლის ივნისში გამოქვეყნებულ იტალიურ კვლევაში აღნიშნულია, რომ ლოკდაუნის შემოღებიდან 10 დღის შემდეგ, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებას იწყებს. 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული ფრანგული კვლევის თანახმად, რომელშიც კორონავირუსთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის მქონე ქვეყნების შედარება მოხდა, დადასტურდა, რომ ქვეყნებმა რომლებმაც პანდემიის დაწყებისთანავე შემოიღეს ლოკდაუნები, შეამცირეს როგორც ინფექციის გავრცელება, ისე ბევრად მალე აღიდგინეს ეკონომიკა ვიდრე იმ ქვეყნებმა, სადაც ლოკდაუნები არ მოქმედებდა.

მტკიცება 5: კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური სტატისტიკა არ გასაჯაროებულა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ბევრად მეტია რეალურ რიცხვებზე, აქამდეც გავრცელებულა, თუმცა აღნიშნული რეალურ საფუძველს მოკლებულია. WHO-ის განცხადებით, პირიქით, შესაძლოა რომ კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა, იმ ადამიანების ჩათვლით რომელთა გარდაცვალებაც კორონავირუსით გარდაცვლილთა ბაზაში არ აღიბეჭდა, ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში კორონავირუსით 1 813 188 ადამიანი გარდაიცვალა თუმცა WHO-ის განმარტებით, მათი რიცხვი შესაძლოა სამ მილიონს აღწევდეს. Covid-19-ის სტატისტიკურ მონაცემებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ისეთი კომპეტენტური სტატისტიკური სააგენტოები თუ ცენტრები ამუშავებენ და აქვეყნებენ, როგორებიცაა: ; Worldometer და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი. სტატისტიკაზე მუშაობისას მსოფლიოს მასშტაბით Covid-19-ის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური, დაზუსტებული ინფორმაციის მოძიება ხდება, რის შედეგადაც დგება, როგორც ყოველდღიური, ისე თვიური სტატისტიკა. მაგალითად, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, ყოველკვირა ეპიდემიოლოგთა გუნდი 196 ქვეყნიდან შემოსულ 500-მდე წყაროს ამუშავებს. წყაროები ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების საიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებს, ეროვნულ ორგანოებს, ეროვნული თუ საერთაშორისო ინსტიტუტების განახლებად რუკებს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკას მოიცავს. ყოველი ზემოთ აღნიშნული სტატისტიკა, საჯაროდ, იმ წყაროების მითითებით არის ხელმისაწვდომი, რის საფუძველზეც სტატისტიკა შედგა.

მტკიცება, რომ ყველა ზემოთ აღნიშული კომპეტენტური საერთაშორისო თუ ეროვნული სააგენტო მონაცემებს მალავს, უსაფუძვლოა და კონსპირაციული თეორიის ნაწილს წარმოადგენს. Our World Data; Worldometer და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი. სტატისტიკაზე მუშაობისას მსოფლიოს მასშტაბით Covid-19-ის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური, დაზუსტებული ინფორმაციის მოძიება ხდება, რის შედეგადაც დგება, როგორც ყოველდღიური, ისე თვიური სტატისტიკა. მაგალითად, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, ყოველკვირა ეპიდემიოლოგთა გუნდი 196 ქვეყნიდან შემოსულ 500-მდე წყაროს ამუშავებს. წყაროები ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების საიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებს, ეროვნულ ორგანოებს, ეროვნული თუ საერთაშორისო ინსტიტუტების განახლებად რუკებს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკას მოიცავს. ყოველი ზემოთ აღნიშნული სტატისტიკა, საჯაროდ, იმ წყაროების მითითებით არის ხელმისაწვდომი, რის საფუძველზეც სტატისტიკა შედგა. ამასთან ერთად, იმის მტკიცება, რომ ყველა ზემოთ აღნიშული კომპეტენტური საერთაშორისო თუ ეროვნული სააგენტო მონაცემებს მალავს, უსაფუძვლოა და კონსპირაციული თეორიის ნაწილს წარმოადგენს.

მტკიცება 6: ადამიანებს ვირუსს „სიაფანდი“ PCR ტესტებით უდგენდნენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას), ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.

COVID-19-ის დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი. დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა. PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისთვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. ამგვარი მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი.

მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ PCR ტესტები არ მუშაობს, ყალბია.

PCR-ტესტებთან დაკავშირებული დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ შემდეგ სტატიებში ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5.)

მტკიცება 7: ეკატერინე ტიკარაძე ორი აცრის შემდეგ დაავადდა კორონავირუსით

ვერდიქტი: მანიპულირება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, კორონავირუსით დაინფიცირებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვადასხვა დეზინფორმაციული მტკიცების თანახმად, ეკატერინე ტიკარაძე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ვაქცინა არაეფექტურია და ვაქცინაციას აზრი არ აქვს, რადგან ის ადამიანს ვირუსით დაინფიცირებისგან ვერ იცავს. სინამდვილეში, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთი დოზით იყო ვაქცინირებული. ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს აიცრა, მისი მეორე დოზით ვაქცინირება ივნისში იგეგმებოდა. ადამიანი სრულად ვაქცინირებულად, როგორ წესი, სწორედ ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ ითვლება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის პირველი და მეორე დოზის მიღების შემდეგ ორგანიზმში ის სხვადასხვა პროცენტულობის ეფექტიანობას აღწევს.

AstraZeneca-ს ვაქცინამ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებით სხვადასხვა ეფექტურობა აჩვენა. მაგალითად, თებერვალში ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაქცინა პირველი დოზის შემდეგ 72%-იან, ხოლო მეორე დოზის შემდეგ 82%-იან ეფექტიანობას ავლენდა. მარტში ჩატარებული კვლევების თანახმად (ჩილე, პერუ, აშშ) კი აღმოჩნდა, რომ ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა 76%-ს შეადგენდა. ასევე, ბოლო კვლევების თანახმად, ვარაუდობენ, რომ ვაქცინის ერთი დოზა სიმპტომური Covid-19-ის პრევენციისთვის სულ მცირე 70%-ით ეფექტურია.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, სხვადასხვა მაღალი სტანდარტის კვლევის თანახმად, კორონავირუსის ძველი ვარიანტის მიმართ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 76%-იან ეფექტურობას 90 დღის განმავლობაში ინარჩუნებდა, ხოლო ახალ რეალობაში, როდესაც „დომინანტურია B.1.1.7 ბრიტანული ვარიანტი, ხოლო იგივე ინგლისში B.1.617.2 ანუ ინდური ვარიანტი, ყველა არსებული კვლევა აჩვენებს რომ ასტრაზენეკას ერთი დოზის ეფექტურობა ინდურზე 30%, ხოლო ბრიტანულზე 50%-ია.“

ამრიგად, როგორც ერთი დოზით, ისე სრულად ვაქცინირებული ადამიანები, ნამდვილად შესაძლებელია კორონავირუსით დაინფიცირდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არაეფექტურია. ვაქცინის მთავარ მიზანს ინფიცირების შემთხვევაში ადამიანების მძიმე დაავადებების განვითარებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალურობისგან დაცვა წარმოადგენს.

აღნუშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებთი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება 8: ბაირამ ბრაიდლის ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სპაიკ ცილები მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ფაქტ-მეტრმა“ მოიძია ბაირამ ბრაიდლის ის მტკიცება, რომელსაც კობა კუპრაშვილი ვიდეოში ეყრდნობა. ბაირამ ბრაიდლის განცხადება საზღვარგარეთაც მრავალი დეზინფორმაციის წყაროდ იქცა. ის კანადაში გუელპის უნივერსიტეტის ონტარიოს ვეტერინართა კოლეჯის ასოცირებული პროფესორია. მისი განცხადებით, იმუნოლოგებმა და ვირუსოლოგებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან ვერ განსაზღვრეს, რომ სპაიკ ცილა მომწამვლელია ადამიანისთვის. ბაირამი საკუთარი მტკიცების დასტურად ასახელებს, რომ აღნიშნული მოსაზრება მეცნიერულად დამტკიცებულია სხვადასხვა კვლევის მიერ, თუმცა უშუალოდ იმ ერთ-ერთი კვლევის ავტორი, რომელსაც ბრაიდლი დეზინფორმაციის დასამტკიცებლად იყენებს, აღნიშნავს, რომ ბრაიდლი მის კვლევას არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს. ტორონტოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი დეივიდ ფიშერმანის განცხადებით, კვლევები რომელსაც ბრაიდლი ასახელებს, არანაირად არ ამტკიცებს, რომ სპაიკ პროტეინი მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ბრაიდლი მისი მოსაზრების დასადასტურებლად ორ კვლევას იშველიებს: პირველი კვლევა, „Circulating SARS-CoV-2 Vaccine Antigen Detected in the Plasma of mRNA-1273 Vaccine Recipients“ ვაქცინაციის შემდეგ პლაზმაში პროტეინების რაოდენობას ზომავს და ასკვნის რომ ვაქცინირებულთა უმრავლესობის ორგანიზმებში პროტეინების ძალიან დაბალი შემცველობა იკვეთება. მეორე კვლევა "biodistribution study" იაპონიაში ჩატარდა და მიმოიხილავს თუ როგორ ცირკულირებს სპაიკ ცილა ადამიანის სისხლძარღვებში. არცერთი ამ კვლევათაგანი, რომელსაც ბრაიდლი საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს, არ ამტკიცებს, რომ სპაიკ ცილა მომწამვლელია. აღნიშნულს ადასტურებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებიც.

მტკიცება 9: თუ დედა აცრილია და პროტეინები ლაქტაციით ბავშვს გადაეცემა, ეს ბავშვში გართულებებს იწვევს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეალურად, „მეანთა და გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის“ (The American College of Obstetricians and Gynecologists) ასევე „ლაქტაციის მედიცინის აკადემიის კვლევები“ (Academy of Breastfeeding Medicine) რეკომენდაციას უწევს ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედების ვაქცინაციას. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ვაქცინირებული დედის რძით ბავშვის დაზიანებას. ძლიერ არასავარაუდოა, რომ ვაქცინაციის შედეგად მხარში ვაქცინის კომპონენტები სხეულში მოხვედრის შემდეგ და გასცდნენ ხელის კუნთის კაპილარებს, გადავიდნენ მკერდის ქსოვლში, შეერიონ რძის სადინარში შემდეგ კი ბავშვის ორგანიზმში არ განადგურდნენ მჟავიანობის შედეგად. შესაბამისად, ვაქცინის კომპონენტები დედის რძიდან ბავშვზე არ გადადის, თუმცა პირველი დოზის მიღებიდან 7 დღეში გადადის ის ანტისხეულები, რომლებსაც დედის სხეული კორონავირუსის წინააღმდეგ იმუშავებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან სწორედ ბავშვზე დედის რძით გადაცემული ანტისხეულები ახდენს ვირუსული ინფექციის პრევენციას.

მტკიცება 10: აცრილი ადამიანები გამოყოფენ მიკრო ორგანიზმებს, რომლითაც აზიანებენ აუცრელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაცია, ქართულ თუ უცხოურ სოციალურ ქსელისთვის სიახლე არაა. „ფაქტ-მეტრს“დეზინფორმაციული მტკიცება, თითქოს ვაქცინირებული ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ არავაქცინირებულთათვის, აქამდეც გადაუმოწმებია. ვაქცინების მოქმედების მექანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული მტკიცება აბსურდულია.

ი-რნმ ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. წვეტოვანი ცილა (Spike protein) ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეფტორს წარმოადგენს. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის დროს ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილის ხელოვნურად წარმოებას იწყებს, რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოჰყვება. როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. შესაბამისად, ი-რნმ (Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს) ვაქცინებით ადამიანის ორგანიზმი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოოს, COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილები, რაც იმუნიტეტის წარმოქმნას განაპირობებს. აქედან გამომდინინარე, სპაიკ ცილის მოქმედების რეალური მექანიზმი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის ორგანიზმმა, რაიმე სახით, სუნთქვით ან კანის ფორებით, ვირუსის სპაიკ ცილა გამოყოს. შესაბამისად - სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ვაქცინირებული ადამიანის გვერდით ყოფნით შესაძლოა, რაიმე ზემოთ ხსენებული ან სხვა დაზიანება მიიღო. იგივე პრინციპი მოქმედებს როგორც ვექტორულ (ასტრაზენეკას) ისე სხვა ტრადიციული გზით დამზადებული ვაქცინების (სინოფარმისა და სინოვაკის) შემთხვევაში.

აღნიშნული დეზინფორმაციული მტკიცება ფართო გავრცელების გამო მრავალმა ისეთმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ გადაამოწმა, როგორიცაა PolitFact; Reuters; Factcheck.org; AFP Fact check და USA Today სტატიებში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაცია ძალიან შორსაა რეალობისგან. ვაქცინირებული ადამიანები არ გამოყოფენ რაიმე სახის მავნე ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა, მათ გარშემო ინდივიდებს საფრთხე შეუქმნან.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3301 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი