დეზინფორმაცია: ვაქცინა დაინფიცირებისგან არ გვიცავს, შესაბამისად აცრას აზრი არ აქვს

ვერდიქტი: მანიპულაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, კორონავირუსით დაინფიცირებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვადასხვა დეზინფორმაციული მტკიცების თანახმად, ეკატერინე ტიკარაძე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ვაქცინა არაეფექტურია და ვაქცინაციას აზრი არ აქვს, რადგან ის ადამიანს ვირუსით დაინფიცირებისგან ვერ იცავს. რეალურად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, მანიპულაციაა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ნამდვილად ფიქსირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არაეფექტურია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისაუბრა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა. მისი განმარტებით, ვაქცინაცია ადამიანს არა ზოგადად დაინფიცირებისგან იცავს, არამედ ვირუსის მსუბუქი ფორმით გადატანაში ეხმარება. კონკრეტულად, კულუმბეგოვის თქმით, „მთავარი კომპონენტი, რითაც ვაქცინის ეფექტიანობა ფასდება, არის მათი გავლენა ადამიანის სიკვდილიანობასა და მძიმე დაავადების განვითარებაზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინტუბაციაზე. შესაბამისად, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია რისკი ჰქონდეს, მსუბუქი დაავადება დაემართოს ან ის იყოს მექანიკური გადამტანი და სრულიად ასიმპტომური მატარებელი. თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან“. ამრიგად, კულუმბეგოვის შეფასებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტურია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებითაც, სრულიად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირება ვაქცინის ეფექტურობას არ ეწინააღმდეგება. როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვაქცინა პაციენტს 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან.

უშუალოდ ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს აიცრა, მისი მეორე დოზით ვაქცინირება ივნისში იგეგმებოდა. ადამიანი სრულად ვაქცინირებულად, როგორ წესი, სწორედ ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ ითვლება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის პირველი და მეორე დოზის მიღების შემდეგ ორგანიზმში ის სხვადასხვა პროცენტულობის ეფექტიანობას აღწევს.

AstraZeneca-ს ვაქცინამ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებით სხვადასხვა ეფექტურობა აჩვენა. მაგალითად, თებერვალში ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაქცინა პირველი დოზის შემდეგ 72%-იან, ხოლო მეორე დოზის შემდეგ 82%-იან ეფექტიანობას ავლენდა. მარტში ჩატარებული კვლევების თანახმად (ჩილე, პერუ, აშშ) კი აღმოჩნდა, რომ ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა 76%-ს შეადგენდა. ასევე, ბოლო კვლევების თანახმად, ვარაუდობენ, რომ ვაქცინის ერთი დოზა სიმპტომური Covid-19-ის პრევენციისთვის სულ მცირე 70%-ით ეფექტურია.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, სხვადასხვა მაღალი სტანდარტის კვლევის თანახმად, კორონავირუსის ძველი ვარიანტის მიმართ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 76%-იან ეფექტურობას 90 დღის განმავლობაში ინარჩუნებდა, ხოლო ახალ რეალობაში, როდესაც „დომინანტურია B.1.1.7 ბრიტანული ვარიანტი, ხოლო იგივე ინგლისში B.1.617.2 ანუ ინდური ვარიანტი, ყველა არსებული კვლევა აჩვენებს რომ ასტრაზენეკას ერთი დოზის ეფექტურობა ინდურზე 30%, ხოლო ბრიტანულზე 50%-ია.“

ამრიგად, როგორც ერთი დოზით, ისე სრულად ვაქცინირებული ადამიანები, ნამდვილად შესაძლებელია კორონავირუსით დაინფიცირდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არაეფექტურია. ვაქცინის მთავარ მიზანს ინფიცირების შემთხვევაში ადამიანების მძიმე დაავადებების განვითარებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალურობისგან დაცვა წარმოადგენს.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც და მსოფლიოშიც ვაქცინაციის პროცესის სწრაფი წარმართვა უკიდურესად მნიშვნელოვანია. საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელება და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრა პანდემიის დასრულების წინაპირობაა.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი