დეზინფორმაცია: საერთაშორისო მედია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი ვალერი გოგნაძე, დავით თორდიას ერთ-ერთი Youtube ვიდეოს დეზინფორმაციის შემცველ ფრაგმენტს ავრცელებს. ვალერი გოგნაძის მიერ გაზიარებულ ფრაგმენტში, დავით თორდია საკუთარ Youtube გადაცემა „ხმალი სიმართლისას“ ეთერში, „Columbia Journalism Review“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრობს. სტატიის თანახმად, ბილ გეიტსმა 2020 წლის განმავლობაში მედიის განვითარების მიმართულებით 250 მილიონი დოლარის გრანტი გასცა. დავით თორდიას თქმით, ბილ გეითსმა მედია სწორედ ამით მოისყიდა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაზე გავლენას ახდენს და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვს ხელოვნურად ზრდის. დავით თორდიას თქმით, ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებული მასმედიები, სტატისტიკას სპეციალურად ბერავენ და სინამდვილეში, სიკვდილიანობა, გამოცხადებულ რიცხვებზე ნაკლებია. ვიდეოს ვალერი გოგნაძის შემდეგი აღწერა ერთვის: „კოვიდ შიზოფრენიკებო,თქვენმა დამშინებელმა და კოვიდ ისტერიკით გამომშტერებულმა ბილ-გეითსმა 250 ათასი დოლარი გადარიცხა იმისათვის რომ თქვენ მედიას და ჟურნალისტებს დაეშტერებიეთ და დაეპანიკებით უყურეთ ამას“

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. Covid-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკის შედგენა მედია საშუალებების მიერ არ ხდება. Covid-19-ის სტატისტიკურ მონაცემებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ისეთი კომპეტენტური სტატისტიკური სააგენტოები თუ ცენტრები ამუშავებენ და აქვეყნებენ, როგორებიცაა: Our World Data; Worldometer და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი. სტატისტიკაზე მუშაობისას მსოფლიოს მასშტაბით Covid-19-ის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური, დაზუსტებული ინფორმაციის მოძიება ხდება, რის შედეგადაც დგება, როგორც ყოველდღიური, ისე თვიური სტატისტიკა. მაგალითად, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, ყოველკვირა ეპიდემიოლოგთა გუნდი 196 ქვეყნიდან შემოსულ 500-მდე წყაროს ამუშავებს. წყაროები ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების საიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებს, ეროვნულ ორგანოებს, ეროვნული თუ საერთაშორისო ინსტიტუტების განახლებად რუკებს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკას მოიცავს. ყოველი ზემოთ აღნიშნული სტატისტიკა, საჯაროდ, იმ წყაროების მითითებით არის ხელმისაწვდომი, რის საფუძველზეც სტატისტიკა შედგა. აქედან გამომდინარე, მასობრივი მედიის საშუალებებს, რომლებსაც დავით თორდია ვიდეოში ახსენებს, Covid-19-ის დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკის ცვლილების არავითარი ბერკეტი არ აქვთ.

რაც შეეხება იმ სტატიას, რომელზე დაყრდნობითაც თორდია ამბობს, რომ ბილ გეითსმა მედიის წარმომადგენლებს 250 მილიონი დოლარის გრანტი გადასცა, ავტორი ტიმ შვაბია. უშუალოდ შვაბის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობის გადამოწმება, კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებული სხვა კვლევის არ არსებობის გამო, შეუძლებელია, თუმცა სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ყოველწლიურად სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის გასცემს გრანტს. აღნიშნული გრანტები კონკრეტული დანიშნულებით გაიცემა და მედიის მხრივ კონკრეტული სფეროების განვითარებას ეხება. მაგალითად, გენდერული თანასწორობის საკითხის გაშუქების ხარისხის გაუმჯობესებას, გლობალური ჯანდაცვისა და განვითარების საკითხების გაშუქების გაუმჯობესებას და ა.შ.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: