დეზინფორმაცია: ვაქცინით ადამიანების „მოძრავ გაჯეტებად“ გადაქცევა ხდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24 აპრილს, სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებელმა არჩილ ელაშვილმა (Archil Elashvili) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც „ექიმი“ და „ოსთეოპატი“ ქერი მადეი კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციულ გზავნილს ავრცელებს. ქერი მადეის არც ერთი მტკიცება და განცხადება რეალობას არ შეესაბამება. ვაქცინაციას არაფერი აქვს საერთო არც გენის მოდიფიცირებასთან და არც ადამიანების „მოძრავ მობილურებად“ გადაქცევასთან. ვაქცინა ემსახურება მთავარ დანიშნულებას - „დაეხმაროს“ ორგანიზმს, კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნური პასუხი გამოიმუშაოს,ვაქცინირებული ადამიანები კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობისაგან დაიცვას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ემსახურება ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას მთელ მსოფლიოში.

მტკიცება 1: ი-რნმ-ისგან დამზადებული ვაქცინები იმუნიტეტის გამომუშავებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ცვლის დნმ-ს, ჩვენს გენეტიკურ კოდს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Pfizer/BioNTech -ის და Moderna-ს ვაქცინები ი-რნმ (mRNA) ტექნოლოგიას ეყრდნობა. ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლი - რნმ მატრიცაა გამოყენებული. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. ვაქცინით შეყვანილი ი-რნმ ინექციიდან ერთი დღის შემდეგ იშლება და ორგანიზმიდან განიდევნება. ამასთან ერთად, თავად რნმ-ის მოლეკულა საზიანო არ არის, ადამიანის უჯრედები რნმ-ს ისედაც მუდამ წარმოქმნის და იყენებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

დამატებითი ინფორმაცია ი-რნმ ვაქცინების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება 2: ვაქცინების ი-რნმ ტექნოლოგიაზე დამზადების ანალოგი ისტორიაში აქამდე არ არსებობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მეცნიერები ი-რნმ-ზე დაფუძნებული პრეპარატების შემუშავებაზე ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაფიქრდნენ და უკვე 3 ათეული წელია ამ მექანიზმს სწავლობენ. „და, მიუხედავად იმისა, რომ თავად კონცეპცია მარტივად გვეჩვენება, წინაღობების გადასალახად ი-რნმ ვაქცინებზე ათეულობით წლები მუშაობა დაგვჭირდა. [...] ი-რნმ ვაქცინები უკვე მოწმდება ისეთი ინფექციების გამომწვევების ურთიერთქმედების უნარზე, როგორებიცაა ებოლას ციებ-ცხელება, ვირუსი ზიკა და გრიპი - წერს Harvard Health Publishing. შესაბამისად, კოვიდ-19 არ არის პირველი დაავადება, რომელთან მიმართებითაც ი-რნმ ვაქცინები იქნა გამოყენებული.

მტკიცება 3: მადეი ასევე ამტკიცებს, რომ ი-რნმ ვაქცინების საშუალებით ადამიანის მე-8 ქრომოსომაზე თავდასხმა მოხდება, რომელიც, თავის მხრივ, გამრავლებაზეა პასუხისმგებელი. მადეი ამტკიცებს, რომ ვაქცინის კომპონენტები მიმართულია, ორსულობის პერიოდში ქალის სხეულში ნაყოფი გაანადგუროს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვირუსები გენების ბირთვს შეიცავს, რომელიც ცილებში გახვეული დნმ-ისგან და რნმ-ისგან შედგება. იმისათვის, რომ ცილის შრე წარმოშვას, ვირუსის დნმ ან რნმ გენები ქმნიან ინფორმაციულ რნმს (ი-რნმ-ს); ამის შემდგომ, ი-რნმ-ი ცილებს აწარმოებს. სპეციფიკური სტრუქტურის ი-რნმ ამავე სპეციფიკური სახის ცილას წარმოქმნის. ი-რნმ-ის კომპონენტი ადამიანის დნმ-ში არ შედის. ის ვირუსის ცილის გამომუშავების კოდირებას ახდენს, რომელიც, თავის მხრივ, ანტისხეულების გამომუშავებას ასტიმულირებს. მსგავსი ვაქცინები, ასევე, არ ფლობენ უნარს დააზიანონ პლაცენტა, ან ქალების რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენა იქონიონ. მანამ, სანამ რომელიმე პრეპარატი მასობრივი გამოყენებისათვის იქნება რეკომენდებული, ის შემოწმების და ტესტირების მრავალ ეტაპს გადის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდგომ ბმულზე (ბმული 1).

მტკიცება 4: Pfizer/BioNTech აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდგომ, 28 დღის განმავლობაში, კონტრაცეპტივების გამოყენება უნდა მოხდეს. აღნიშნული რეკომენდაცია გაიცა იმიტომ, რომ თანდაყოლილი დაავადებების რისკი უკვე არსებობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაცია სოციალურ სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებს. Pfizer/BioNTech-ის დოკუმენტი, რომელსაც მოცემული დეზინფორმაცია ეყრდნობა, ვაქცინების მასობრივი მოხმარების დაწყებასთან დაკავშირებული არ არის. ეს არის 146 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური ცდების პროტოკოლს წარმოადგენს. ცდები ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენის მიზნით მის გამოშვებამდე მიმდინარეობდა. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი გასცემს რეკომენდაციას, რომ კონტრაცეპტივების მოხმარების შესახებ მოთხოვნა აშშ-ში კლინიკურ ცდებში მონაწილე ნებისმიერი მონაწილისათვის მოქმედებდეს. აღნიშნული Pfizer-ის კვლევის ჰეტეროსექსუალ მონაწილეებს ეხება, მიუხედავად იმისა, ნაყოფისადმი რისკი არსებობს, თუ - არა (დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე ხელმისაწვდომია ბმულზე).

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, ქალისა და კაცის ორგანიზმების ნაყოფიერების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილი მრავალი დეზინფორმაციის გამო, აღნიშნულ საკითხს „ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოება“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაცია“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) გამოეხმაურა. ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ საკითხზე აქამდეც წერდა (ბმული 1).

მტკიცება 5: არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა

ვერდიქტი: ტყუილი

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის სამივე ფაზას წარმატებით გაივლის. ავტორიზებული ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ არის ექსპერიმენტული ან/და გამოუცდელი ვაქცინა.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას საწყის ეტაპზე ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ საკითხზე აქამდეც წერდა (ბმული 1)

მტკიცება 6: ვაქცინაციის შედეგად, ჩვენ მოსიარულე გაჯეტებად გადავიქცევით

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქერი მადეი საკუთარ გამოსვლებში არაერთხელ ახსენებს და მანიპულირებს ისეთი ტერმინებით, როგორებიცაა „კაცობრიობა 2.0“; „ტრანსჰუმანიზმი“; „პატენტი 060606“; „დიდი გადატვირთვა“, ამასთან ის არასდროს განმარტავს ამ ტერმინებს, რაც მის აუდიტორიას კიდევ უფრო აბნევს. ის მხოლოდ ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ადამიანების მანქანებად გადაქცევის დიდი გეგმის ნაწილია.

სწორედ ასე ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. თუ ჩავუღრმავდებით ყველა ამ ტერმინს, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნული „დასკვნების“ დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. ეს მტკიცებები შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, თითქოს მსოფლიო მოსახლეობის ჩიპირება უნდა მოხდეს, მათზე კონტროლის დამყარების მიზნით. აღნიშნული დეზინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა „ფაქტ-მეტრმა“ და ა შემდგომ ბმულებზეა (ბმული 1; ბმული 2) ხელმისაწვდომი.

--------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.