ყალბი მტკიცებები კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინების შესახებ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სტატია:
სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინების შესახებ არაერთი ყალბი ამბავი სისტემური სახით ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული ყალბი ამბების გადამოწმებას გთავაზობთ:
მტკიცება: COVID-19-ის პანდემიის გამოცხადების საჭიროება არ იდგა, რადგან მსოფლიო მოსახლეობის 5% არ დაინფიცირებულა
ვერდიქტი: ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ (ჯანმო) 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მათივე განმარტებით, პანდემია ცხადდება მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით ახალი დაავადება სწრაფად ვრცელდება და მის საწინააღმდეგოდ ადამიანთა დიდ ნაწილს იმუნიტეტი არ გააჩნია. პანდემიის გამოსაცხადებლად 5%-იანი ზღვარი ან ინფიცირებულთა კონკრეტული რიცხვი არაა განსაზღვრული. 11 მარტისთვის კი COVID-19-ის პანდემიად მიჩნევისთვის ორივე ნიშანი ახასიათებდა: მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ინფიცირების შემთხვევები დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) დაფიქსირდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
COVID-19-ით ინფიცირებულთა ან გარდაცვლილთა სტატისტიკის გაყალბებაში არც ერთი სამედიცინო დაწესებულება შემჩნეული არ ყოფილა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადეს, რომ COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკის მონაცემები არა ხელოვნურად გაბერილი, არამედ, დიდი ალბათობით, იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის რეალური მასშტაბი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინების უსაფრთხოების კვლევის ფაზები გამოტოვებულია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
COVID-19-ის ვაქცინები (ამ დროისთვის COVID-19-ის ვაქცინებზე საუბრისას, ვგულისხმობთ ვაქცინებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო მარეგულირებლების ავტორიზაცია - BioNTech/Pfizer, Moderna და Oxford/AstraZeneca) შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში ვაქცინას, კვლევების საფუძველზე (რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება), შესაბამისი სააგენტო ამტკიცებს. ვაქცინის მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია. დამატებითი ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: AstraZeneca-ს ვაქცინა გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს (GMO) შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ფაქტებით მანიპულირება
AstraZeneca-ს ვაქცინა ორგანიზმში იმუნური რეაქციის წარმოსაქმნელად უსაფრთხო გენეტიკურ ტექნოლოგიებს იყენებს. AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა (0,5 მლ) შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO) და სხვა ინგრედიენტებს: L-ჰისტიდინი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, პოლისორბატი 80, ეთანოლი, საქაროზა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი დიჰიდრატი, საინექციო წყალი. ყველა ინგრედიენტი ვაქცინაში ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი და რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მათ ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, არ არსებობს. დამატებითი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შემადგენლობის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: ი-რნმ-ისგან დამზადებული ვაქცინები იმუნიტეტის გამომუშავებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებას იწვევს და დნმ-ს ცვლის.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
Pfizer/BioNTech -ის და Moderna-ს ვაქცინები ი-რნმ (mRNA) ტექნოლოგიას ეყრდნობა. ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს და აუტოიმუნურ დაავადებას არ იწვევს. იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლი - რნმ მატრიცაა გამოყენებული. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. ვაქცინით შეყვანილი ი-რნმ ინექციიდან ერთი დღის შემდეგ იშლება და ორგანიზმიდან განიდევნება. ამასთან ერთად, თავად რნმ-ის მოლეკულა საზიანო არ არის, ადამიანის უჯრედები რნმ-ს ისედაც მუდამ წარმოქმნის და იყენებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). დამატებითი ინფორმაცია ი-რნმ ვაქცინების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინები სხვადასხვა დაავადებას იწვევს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა დაავადებას იწვევს. გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინები უნაყოფობას იწვევს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
ვაქცინაციის შემდეგ, ქალისა და კაცის ორგანიზმების ნაყოფიერების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ მრავალი დეზინფორმაციის გამო, აღნიშნულ საკითხს „ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოება“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაცია“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) გამოეხმაურა. ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: AsrtaZeneca-ს ვაქცინა პოლისორბატ-80-ს შეიცავს, რაც ადამიანთა დაავადებას და უშვილობას იწვევს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
პოლისორბატ 80 არაა საზიანო ნივთიერება, ის ჩვეულებრივი საკვები დანამატია, რომელიც ზოგიერთ ვაქცინაში (უმეტესად გრიპის) გამოიყენება, როგორც ემულგატორი (სხვადასხვა ნივთიერების ერთმანეთთან დამაკავშირებელი). პოლისორბატ 80-ს კოსმეტიკურ საშუალებებში, ვიტამინებსა და საკვებში იყენებენ, მაგალითად ნაყინში. უშუალოდ ვაქცინებში, პოლისორბატ 80-ის კონცენტრაცია ძალიან მცირეა, ის უფრო დიდი რაოდენობით შესაძლოა საკვებ პროდუქტში (ნაყინში) შეგვხვდეს. ვაქცინებში ამ ინგრედიენტის არსებობა არავითარ საფრთხესთან არ არის დაკავშირებული, თუ ადამიანი მასზე, ან მის მონათესავე მოლეკულაზე (პოლიეთილის გლიკოლი) ალერგიული არაა. მიჩიგანის Mott Children Hospital-ისა და ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს თანახმად, პოლისორბატ-80 უნაყოფობას არ იწვევს. დამატებითი ინფორმაცია ვაქცინების შემადგენლობის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინები ემბრიონის უჯრედებს შეიცავს, რაც აუტოიმუნურ დაავადებებსა და ინსერციურ მუტაგენეზს იწვევს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
AstraZeneca-ს ვაქცინა ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავს. ვაქცინის წარმოების პროცესში ადამიანის ემბრიონის თირკმლის უჯრედების, HEK293 cells, ხელოვნურად კლონირებული ვერსიები გამოიყენება, რომელიც საბოლოო პროდუქტში აღარ გვხვდება. კონკრეტულად, HEK-293 cells 1970-იან წლებში ნაყოფის უჯრედული ხაზებია და ორსულობა, სამედიცინო მიზნებისთვის, ხელოვნურად არ შეწყვეტილა. ეს მოცემულობა მტკიცებას, რომ ვაქცინაში არსებული აბორტირებული ემბრიონის უჯრედების დნმ ადამიანის ორგანიზმში აუტოიმუნურ დაავადებებსა და ინსერციურ მუტაგენეზს იწვევს, თავისთავად აბათილებს. HEK-293 უჯრედული ხაზები მედიცინასა და ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, კიბოს კვლევაში. ის მეცნიერებს დაეხმარა, შეექმნათ წითელა-წითურა-ყბაყურას, ჩუტყვავილას, A ჰეპატიტის ვაქცინები და ისეთი წამლები, როგორიცაა, რევმატიული ართრიტის, ჰემოფილიის და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინები COVID-19-ით ინფიცირებას იწვევს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
რეალურად, არცერთი ავტორიზებული და რეკომენდებული COVID-19-ის ვაქცინა, ცოცხალ ვირუსს, რომელიც დაინფიცირებას იწვევს, არ შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ის ვაქცინას დაინფიცირების უნარი არ აქვს. ვაქცინა იმუნურ სისტემას ასწავლის, როგორ ამოიცნოს და ებრძოლოს ვირუსს. ჩვეულებრივ, ვაქცინაციის შემდეგ, ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის რამდენიმე კვირა სჭირდება. ამ პერიოდში, ანუ ანტისხეულების გამომუშავებამდე, შესაძლოა, ორგანიზმში ვირუსი შეიჭრას და ადამიანი დაინფიცირდეს. ეს არ ნიშნავს, რომ დაინფიცირება ვაქცინაციის შედეგად მოხდა.
მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინების საშუალებით ადამიანების „დაჩიპვა“ ხდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
მტკიცება, თითქოს ვაქცინის საშუალებით ადამიანის სხეულში მიკროჩიპების შეყვანა ხდება, რეალობას არ შეესაბამება. ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის სახელთან არის დაკავშირებული. დეზინფორმაციის საფუძველი ბილ გეითსის საქველმოქმედო საქმიანობაა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას, მათ შორის ვაქცინების განვითარებას უკავშირდება. არ არსებობს ლოგიკური საფუძველი იმის, რომ ვაქცინაციით ადამიანების ე.წ. „დაჩიპვა“ შესაძლებელია. თავად ბილ გეითსმა განცხადება მასთან და ვაქცინაში ნანო ჩიპების არსებობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში გააკეთა. „იმდენად გულუბრყვილო და უცნაური მტკიცებაა, რომ მისი უარყოფა თითქმის შეუძლებელია. მისი გამეორებაც კი სანდოობას მატებს მას“, - განაცხადა გეითსმა. ვაქცინის მეშვეობით ნანო ჩიპის შეყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და მისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.