ვაქცინებთან, კორონავირუსთან და მის წარმოშობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის ახალი ტალღა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18 იანვარს, სოციალურ ქსელ Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ექიმ ბუტართან (Dr. Buttar) ინტერვიუს ასახავს. ინტერვიუ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა ავტორი საკუთარ გვერდზე მის რუსულ თარგმანს აქვეყნებს. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი, ისევე როგორც ექიმი, კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ მოსაზრებებს აჟღერებენ, მათ შორის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სანდოობასა და ეფექტურობასთან, ჩიპირებასა და კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობასთან დაკავშირებით.

მტკიცება 1: არსებობს გეგმა, რომ ვაქცინებში ჩიპები მოთავსდეს, რომლებიც ადამიანის სისხლში მოხვდება და მათ გაკონტროლებას შეუწყობს ხელს. ჩიპირების შედეგად, ადამიანის თანამგზავრებიდან კონტროლი გახდება შესაძლებელი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს ვაქცინის საშუალებით ადამიანის სხეულში ჩიპებს მოათავსებენ, რეალობას არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები უკვე წლებია ვრცელდება. შეთქმულების თეორიები, სავალდებულო ვაქცინაციისა და მის შედეგად ადამიანებში ჩიპების შეყვანის შესახებ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გააქტიურდა.

Pfizer-მა, ისევე როგორც Moderna-მ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის შემადგენელი ინგრედიენტების სია გამოაქვეყნეს. ვაქცინის მეშვეობით ჩიპის შეყვანის მტკიცება საფუძველს მოკლებულია და მისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

გარდა ამისა არ არსებობს მტკიცებულება, რომ თანამგზავრებს ადამიანის კონტროლთან ან მართვასთან რაიმე კავშირი აქვთ.

მტკიცება 2: ეს არ არის პანდემია, ეს არის Planდემია, რომელიც წინასწარ დაიგეგმა. 2017 წელს ენტონი ფაუჩიმ გააკეთა განცხადება, რომ მალე პანდემია მოხდებოდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად, არამედ ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

რაც შეეხება ფაუჩის განცხადებას, რომელსაც აღნიშნულ ვიდეოში ექიმი პანდემიის გეგმის მიხედვით განხორციელების განსამტკიცებელ არგუმენტად იყენებს, ის კონტექსტიდან ამოღებულია და ფაქტით მანიპულირებას წარმოადგენს. USA Today-ს მიხედვით, რეალურად ენტონი ფაუჩიმ 2017 წელს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში „პანდემიასთან მზაობის“ ფორუმზე გააკეთა განცხადება: „პრეზიდენტობის დროს ტრამპს მოუწევს ინფექციური დაავადების გავრცელებასთან ბრძოლა“. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მიხედვით, სტუდენტები და მსოფლიო ჯანმრთელობის ექსპერტები იმ დროისათვის ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში „შესაბამისი დაგეგმარების“ ხელშესაწყობად შეიკრიბნენ. ღონისძიება 2017 წლის 10 იანვარს გაიმართა გლობალური ჯანმრთელობის მეცნიერებისა და უსაფრთხოების ცენტრის მიერ ჰარვარდის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

ფაუჩიმ აღნიშნულ ფორუმზე განაცხადა: „კითხვის გარეშეა, რომ ახალი ადმინისტრაცია ინფექციური დაავადებების საკითხში გამოწვევების წინაშე დადგება“. „შემდეგი ადმინისტრაციის პანდემიასთან მზაობის“ მოხსენებაში, რომელიც ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, ფაუჩიმ აღნიშნა: „დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება ამ საკითხს შევეჯახოთ“. ფაუჩიმ, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს ინფექციური დაავადებების სფეროში და ამ საკითხებზე 6 პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ, ასევე აღნიშნა, რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ტრამპს მოუწევს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებსაც მისი წინამორბედები უმკლავდებოდნენ.

თავის განცხადებაში, რომელიც ხელმისაწვდომია YouTube-ზე, ფაუჩიმ, ისევე როგორც ჯანდაცვის სხვა ექსპერტებმა, აღნიშნა, რომ პანდემიებისგან თავდაცვის მექანიზმები უნდა შემუშავდეს, მაგალითისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის მეთვალყურეობის გაძლიერება, კვლევით სფეროში ინვესტიციების ზრდა და საგანგებო სიტუაციებისათვის დამატებითი ფონდების შექმნა.

მთავარი საკითხი, რომელსაც აღნიშნულ ფორუმზე ფაუჩიმ ხაზი გაუსვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო ფონდის შექმნა იყო. „რის გავლაც მოგვიხდა ზიკას პირობებში, ძალიან, ძალიან მტკივნეული იყო. პრეზიდენტმა თებერვალში $1.9 მილიარდი მოითხოვა, რომელიც მხოლოდ სექტემბერში გახდა ხელმისაწვდომი“.

შესაბამისად, 2017 წლის ფაუჩის აღნიშნული სიტყვა არსებულ გამოცდილებას ეყრდნობოდა და პრევენციული ზომებისკენ იყო მიმართული. არ არსებობს მტკიცება, ვივარაუდოთ, რომ მან კორონავირუსის პანდემია დაგეგმა/იწინასწარმეტყველა.

მტკიცება 3: მსოფლიო მოსახლეობის 80% უკვე აქვს კორონავირუსი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2021 წლის 26 იანვრის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის 99 363 697 შემთხვევაა დადასტურებული, მაშინ როდესაც მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 7,8 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, ეს მტკიცება რეალობას არ შეესაბამება.

მტკიცება 4: სავალდებულო ვაქცინაცია გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ვაქცინაციისგან ხალხი გარდაიცვლება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ - არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე, იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები საკონტროლო ჯგუფებსაც მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ.

დამატებით, ვაქცინას, კვლევების საფუძველზე, რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დგინდება, ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში შესაბამისი სააგენტოები ამტკიცებენ. მაგალითად, ვაქცინებს და სხვა მედიკამენტებს აშშ-ში სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ევროკავშირში კი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ამტკიცებს.

ნოემბერში, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, COVID-19-ის ვაქცინის კვლევის კლინიკური ეტაპი, წარმატებით სამმა მწარმოებელმა დაასრულა, ესენია: Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. დეკემბრის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აცრებისთვის პირველი ნებართვა Pfizer-BioNtech-ის ვაქცინამ მიიღო, შემდგომ კი ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა.

დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინის ეფექტურობა 95%-ის ფარგლებშია. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ის ვაქცინას ეფექტურობა კი დაახლოებით 70%-ია. აღსანიშნავია, რომ თუ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მაღალი, ის ეფექტურად მიიჩნევა.

მტკიცება, რომ კორონავირუსი და მის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები მსოფლიო მოსახლეობის მიზანმიმართული შემცირებისკენაა მიმართული, უსაფუძვლოა. უსაფუძვლოა მტკიცებაც, რომ ვაქცინები მომაკვდინებელია. აღნიშნულ ვიდეოში გავრცელებული მტკიცებები კორონავირუსზე, მანამდე გავრცელებული ყალბი და კონსპირაციული თეორიების ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

„ფაქტ-მეტრი“ ვაქცინების ეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით აქამდეც წერდა.

--------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: