ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ფეისბუქზე გავრცელდა ყალბი ამბები და ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების წინააღმდეგ მოწოდებები. კერძოდ, „არა პირბადეს, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს და კლავს!.. არა თერმოსკრინინგს, ლაზერით შუბლზე დასხივებას! არა გენეტიკის დამანგრეველ ვაქცინაციას! არა საეჭვო ტესტირებას“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების ე.წ. „მეორე ტალღასთან“ ერთად სოციალურ ქსელში ამგვარი დეზინფორმაციის რაოდენობამაც იმატა. ვინაიდან ეს დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, ძირითადად, ანტიმეცნიერულ და შეთქმულების თეორიებს ეყრდნობა, მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, ორმაგ მნიშვნელობას იძენს.

ყალბი ამბავი პირბადის გამოყენებაზე

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება. ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველებისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს.

COVID-19-ის პრევენციისთვის ნაჭრის ან სამედიცინო ნიღბის ტარებაა რეკომენდებული. ამ ტიპის პირბადეების ხმარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ადამიანები, რომლებიც ნაჭრის ან სამედიცინო პირბადეს ატარებენ, ჯანმრთელობისთვის მავნე ოდენობის ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის საშიშროების ქვეშ არ არიან.

ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება. ამ შემთხვევაშიც კი, რესპირატორული დაავადების მქონე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ რესპირატორების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება შეექმნას.

პირბადის მავნებლობასთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში აქამდეც არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ყალბი ამბავი თერმოსკრინინგზე

ამერიკის „კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტოს“ (USFDA) ინფორმაციით, უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრების გამოყენება დაავადებათა გავრცელების რისკს ამცირებს და ტემპერატურას სწრაფად ზომავს. ის გამოსაყენებლად და გასასუფთავებლადაც მარტივია.

თერმოსკრინინგი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და უკონტაქტო თერმომეტრით ადამიანების დასხივება შეუძლებელია.

უკონტაქტო/ინფრაწითელ თერმომეტრებს, აქვთ ობიექტივი, რომელიც ადამიანის სხეულიდან გამოყოფილ ინფრაწითელ გამოსხივებას ზომავს. როდესაც ინფრაწითელი შუქი თერმომეტრის დეტექტორის ზედაპირზე ხვდება, ის სითბოდ გარდაიქმნება და ტემპერატურაში გამოისახება. ზოგიერთ უკონტაქტო თერმომეტრს ლაზერი აქვს. ლაზერი ტემპერატურას არ ზომავს, ის ტემპერატურის გაზომვისას მიზნის ფოკუსირებას ემსახურება. უკონტაქტო თერმომეტრები, ძირითადად, შუბლზე გამოიყენება, რადგანაც ტემპერატურის გაზომვა უფრო მაღალი სიზუსტითაა შესაძლებელი. ინფრაწითელი თერმომეტრები საზიანო რადიაციას არ გამოყოფს და ორგანიზმის დაზიანების არანაირ რისკს არ შეიცავს.

თერმოსკრინინგთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1; ბმული 2).

ყალბი ამბავი ვაქცინაციაზე

მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია გენეტიკის დამანგრეველია, აბსურდულია. ვაქცინა სწორედ ის პრეპარატია, რომელიც ადამიანების აქტიური იმუნიზაციისათვის დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით გამოიყენება. ინფექციებთან საბრძოლველად ადამიანის იმუნიტეტის მოსამზადებლად ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმი (ბაქტერია ან ვირუსი) არააქტიური ფორმით შეჰყავთ. ვაქცინა იმუნურ სისტემას თავდაცვისაკენ აღძრავს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაში ვლინდება. შემდგომში, თუ ეს მიკრობი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე მზად არის.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სატესტო რეჟიმშია და არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული. ამ ეტაპზე, ვაქცინა მხოლოდ რუსეთმა დაამტკიცა, რომლის გამოყენებასაც მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილი სარისკოდ მიიჩნევს, რადგან მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1; ბმული 2).

ყალბი ამბავი COVID-19-ის ტესტირებაზე

დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად PCR მეთოდი მიიჩნევა . PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს.

აღსანიშნავია, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის აღება COVID-19-ის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირებისას. მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება.

PCR მეთოდით დიაგნოსტირების უსაფრთხოებაზე ეჭვი საერთოდ არ არსებობს და საპირისპიროს მტკიცება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

PCR მეთოდით დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

თეგები: