დეზინფორმაცია: Pfizer პარალიზსა და ვაქცინას შორის კავშირს ადასტურებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი ბექა ვარდოსანიძე ფაიზერის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციასა და ანტივაქსერული ხასიათის პოსტს აქვეყნებს. ბექა ვარდოსანიძის პოსტი ABC News-ის სტატიაზე დაყრდნობითაა დაწერილი, თუმცა სტატია სრულად არაა ნათარგმნი და გარკვეული ინფორმაცია გამოტოვებულია. ბექა ვარდოსანიძის პოსტს ახლავს სტატიის სურათი შემდეგი სათაურით: „ნეშვილელი ქალი რომელსაც სიარული არ შეუძლია, Pfizer-ს ადანაშაულებს“ (Nashville woman unable to walk claims Pfizer COVID-19 vaccine is to blame). ბექა ვარდოსანიძის პოსტში საუბარია იმაზე, 16 აპრილს Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თუ როგორ განუვითარდა სხეულის პარალიზი ქალს. ამასთან ერთად, პოსტს დართული აქვს Pfizer-ის ოფიციალური განცხადების მხოლოდ პირველი ნაწილი, რომელსაც პოსტის ბოლოს ბექა ვარდოსანიძის შემდეგი კომენტარი მოყვება: „ხედავთ? ფაიზერმა ვადასტურებთო და სტატისტიკაში შევიყვანთო“.

პოსტს დღემდე 47 გაზიარება აქვს. მათ შორის Facebook-ჯგუფში „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“ რომელსაც 5000-ზე მეტი წევრი ჰყავს.

სიმართლეს შეესაბამება ის, რომ უშუალოდ პაციენტი ბრენდი პარკერ მაკფედენი და მისი ოჯახი სხეულის პარალიზებას Pfizer-ის მეორე ინექციას უკავშირებენ. ამასთან ერთად, სტატიიდან ირკვევა, რომ ქალს აღნიშნული შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ, ხელებისა და ფეხის თითების მოძრაობა შეეძლო. ამ ეტაპზე კი ის ფიზიკურ თერაპიას გადის. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი თავის მდგომარეობას ვაქცინას უკავშირებს, ის ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენების შემთხვევაშიც ვაქცინირებულებმა უნდა აცნობონ სპეციალურ უწყებებს, ვაქცინაცია კი უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ვერაფერს გავხდებით Covid-19-თან ბრძოლაში“.

რაც შეეხება Pfizer-ის ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ბექა ვარდოსანიძის პოსტში მხოლოდ განცხადების ნაწილია მოყვანილი. ამასთან ერთად, აღნიშნული ნაწილიც კი არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, თითქოს Pfizer პარალიზსა და ვაქცინას შორის კავშირს ადასტურებს.

Pfizer-ის ოფიციალური განცხადების ზუსტი თარგმანი:

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ყველა გვერდით მოვლენას რომელიც პოტენციურად შესაძლოა დაკავშირებული იყოს Covid-19-ის ვაქცინა BNT162b2-სთან. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ყველა მსგავს შემთხვევას და ვაგროვებთ რელევანტურ ინფორმაციას გლობალურ მარეგულირებელ ორგანოებთან გასაზიარებლად. ამ ეტაპზე, ჩვენი ახლანდელი მიმოხილვით, აღმოჩენილი არაა რაიმე უსაფრთხოების სიგნალები, პარალიზის შემთხვევასა და Pfizer-BioNTech Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ურთიერთკავშირზე.

ამ დროისთვის, მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი ჩვენი ვაქცინით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც არაა დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ, შესაძლოა ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირდეს იმავე სიხშირით, როგორც ზოგად პოპულაციაში.

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, ბექა ვარდოსანიძის მტკიცება, თითქოს Pfizer პარალიზის აღნიშნულ შემთხვევასა და ვაქცინას შორის კავშირს ადასტურებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ბექა ვარდოსანიძის პოსტში Pfizer-ის ოფიციალური განცხადების მხოლოდ ნაწილია ნახსენები და აღნიშნულიც ისეა ინტერპრეტირებული, რომ რეალობას არ ასახავს და მოსახლეობაში, ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანტივაქსერული განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.

Pfizer-ს ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია. იხილეთ სტატიები: წყარო 1; წყარო 2; წყარო 3; წყარო 4.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე