დეზინფორმაცია: ი-რნმ-ზე დაფუძნებული COVID-19-ის ვაქცინები (ფაიზერი და მოდერნა) ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2 თებერვალს Facebook-ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ მოლეკულური გენეტიკის პროფესორის, დოლორეს კეჰილის მიერ ონლაინ გამოცემა „Great Game India“-სთვის მიცემული ინტერვიუდან ამონარიდის ქართული ვერსია გამოაქვეყნა. პოსტში საუბარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაზე და მის თითქოსდა „მომაკვდინებელ“ თვისებებზეა. მასალის თანახმად, ი-რნმ-ზე დაფუძნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სინამდვილეში, საშიში გენური თერაპიაა, რომელიც ადამიანში იმუნიტეტის გამომუშავებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებას იწვევს. დოლორეს კეჰილი აცხადებს, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, დაახლოებით 2,5%-ს, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდება. მეორე დოზის შემდეგ კი - 10%-ს მძიმე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდება. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ რნმ-ს კი არ შეიცავს, არამედ ბუნებრივად ცირკულირებადი გრიპისა და გაციების ვირუსების შესახებ გენეტიკურ ინფორმაციასაც ატარებს. მოცემული პოსტი მცდარ მტკიცებებს შეიცავს. მსგავსი დეზინფორმაციული განცხადებები საზოგადოებას აბნევს და უსაფრთხო ვაქცინებისადმი უნდობლობას უჩენს, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

დეზინფორმაციის წყაროს შესახებ

დეზინფორმაციის ორიგინალი წყარო, ონლაინ გამოცემა „Great Game India“ არის, რომელიც საკუთარ თავს გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ჟურნალად ასაღებს. სინამდვილეში, გამოცემა შეთქმულების თეორიებისა და სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გამავრცელებელ წყაროს წარმოადგენს.

რაც შეეხება დეზინფორმაციის ავტორს, დოლორეს კეჰილი დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯის, მედიცინის სკოლის პროფესორია. მის სახელთან კომპანია “Freedom Airway & Freedom Travel Alliance” არის დაკავშირებული, რომელიც ნიღბებისა და PCR ტესტების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. კომპანიის მიზანი ისეთი სამოგზაურო შესაძლებლობების შექმნაა, რაც მგზავრებს გადაადგილების დროს ვაქცინაციის, ნიღბებისა და PCR ტესტების გაკეთების ვალდებულებას მოუხსნის. კეჰილი, თავისი დეზინფორმაციული მტკიცებების გამო, უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩენილა. იგი ვირუსის წარმომავლობაზე, PCR ტესტებზე, ვაქცინებსა და მათი მოქმედების პრინციპზე არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. დოლორესის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კორონავირუსის პანდემია არ არსებობს, „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

მტკიცება: ი-რნმ-ისგან დამზადებული ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ორგანიზმი თავად იწყებს ვირუსული ცილის წარმოებას. აქტიურდება იმუნიტეტი, რომელიც ადამიანის უჯრედებზე იწყებს თავდასხმას. შესაბამისად, ვაქცინაცია იმუნიტეტის გამომუშავებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა მუშაობის პრინციპი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინებიდან ორი, Pfizer/BioNTech და Moderna, რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინებია. რნმ სამი სახის შეიძლება იყოს, სატრანსპორტო, ინფორმაციული და რიბოსომული. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები, სწორედ, ინფორმაციული რნმ-ისგან არის დამზადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა დასუსტებულ ვირუსს ან ვირუსის რომელიმე ნაწილაკს კი არ შეიცავს, არამედ ის ი-რნმ-ში (ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავაში) კოდირებული ინფორმაციისგან შედგება (იმის შესახებ, თუ როგორ წარმოქმნას ჩვენმა ორგანიზმმა COVID-19-ის ვირუსის წვეტოვანი ცილის მსგავსი ცილა). როდესაც ვაქცინაში არსებული ი-რნმ ადამიანის ორგანიზმის უჯრედში შეაღწევს, უჯრედი ი-რნმ-ში კოდირებული ინსტრუქციის მიხედვით, COVID-19-ის ვირუსის წვეტოვანი ცილების მსგავსი ცილების ხელოვნურად წარმოქმნას იწყებს. როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გამანადგურებელ უჯრედებს, ანუ ანტისხეულებს, ასინთეზებენ. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანეიტრალებენ და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. ვაქცინით შეყვანილი ი-რნმ ინექციიდან ერთი დღის შემდეგ იშლება და ორგანიზმიდან განიდევნება. ამასთან ერთად, თავად რნმ-ის მოლეკულა საზიანო არ არის, ადამინის უჯრედები რნმ-ს ისედაც მუდამ წარმოქმნის და იყენებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანის შემდეგ იმუნიტეტი მზა ანტისხეულების სახით ყალიბდება, რომლებიც ორგანიზმში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი მოხვდა, აღნიშნული მზა ანტისხეულები იმაზე სწრაფად და ეფექტურად ამოიცნობენ ვირუსის ნაწილაკებს და გაანეიტრალებენ მას, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანის ორგანიზმი იმოქმედებდა.

მტკიცება: კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ აცრილთა დიდი ნაწილი დაიღუპება. ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით, 2,5%-ს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდება, მეორე დოზა კი 10%-ში მძიმე ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ დამტკიცებულ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული ვაქცინები 95%-მდე ეფექტურობას აჩვენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინირებულ პირს არავაქცინირებულთან შედარებით 95%-ით დაბალი შანსი აქვს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდეს.

მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია და Bloomberg-ის 24 თებერვლის მონაცემებით: „მსოფლიოს 95 ქვეყანაში 213 მილიონი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა“. ამასთან ერთად, ამერიკული სამაუწყებლო კომპანია ABC news აცხადებს: „აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად (CDC), ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“. რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებულ ანაფილაქსის შემთხვევებს, ტრადიციული მეთოდით (ვაქცინის დასუსტებული ან ინაქტივირებული ვირუსული ნაწილაკებით დამზადება) დამზადებულ ვაქცინასთან შედარებით, ი-რნმ-ისგან დამზადებული ვაქცინის შემთხვევაში გამოვლენილი ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსის) ალბათობა შედარებით მაღალია. თუ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინის გაკეთების დროს ანაფილაქსი 1 000 000-დან 1 ადამიანს შეიძლება დაემართოს, Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1 მილიონ ადამიანზე - 5 შემთხვევას, ხოლო Moderna-სთვის, შესაბამისად, 2.8 შემთხვევას წარმოადგენს. თუმცა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს არ იძლევა. ბიძინა კულუმბეგოვის თანახმად, საქართველოს ოთხივე მილიონმა ადამიანმა რომ გაიკეთოს აცრა, ალერგიის განვითარების რისკი 20 შემთხვევა იქნება. ამასთან ერთად, კულუმბეგოვი განმარტავს, რომ:

• თუ ადამიანი ოთახის მტვერზე ან საკვებზე (თაფლზე, შოკოლადზე, თხილზე, რძეზე, კვერცხზე) ალერგიულია, ან ბრონქული ასთმა აქვს, მისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება დაშვებულია. თუმცა პაციენტი, ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

• თუ პირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ რთული ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა, მან ვაქცინის მეორე დოზა აღარ უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში ვაქცინა უკუნაჩვენებია.

• თუ პირი პოლიეთილენ გლიკოლზე და/ან პოლისორბატზე ალერგიულია, მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში ვაქცინა უკუნაჩვენებია.

შესაბამისად, დოლორეს კეჰილის მტკიცება, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით, 2,5%-ს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდება, მეორე დოზა კი 10%-ში მძიმე ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება. რომ დავუშვათ, რომ მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობა (დაახლოებით 7მლრდ.) Pfizer-ის ვაქცინით აიცრება, ზემოთ მოცემული მონაცემების მიხედვით, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შანსი 0,0005% იქნება. იგივე პირობებში Moderna-ს ვაქცინით გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის პროცენტული მაჩვენებელი - 0,0028% იქნება.

ისრაელში, დაახლოებით, 3 000 000-მდე ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ისრაელში, Pfizer-ით აცრების პარალელურად, ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესასწავლად, დღეისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მედიკოსებს გართულების გამო, საერთო ჯამში, აცრილ პაციენტთა მხოლოდ 0.3 %-მა მიმართა. 2 768 200 აცრილი პაციენტიდან (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), ალერგიით გამოწვეული გართულება 165 მათგანს გამოუვლინდა. ამავე მონაცემების თანახმად, ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მტკიცება: კორონავირუსის ვაქცინა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ რნმ-ს კი არ შეიცავს, არამედ ბუნებრივად ცირკულირებადი გრიპისა და გაციების ვირუსების შესახებ გენეტიკურ ინფორმაციასაც ატარებს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის ვაქცინების დეტალური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ოფიციალურ გვერდებზეა ხელმისაწვდომი (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების ძირითადი ინგრედიენტებია: ი-რნმ (რაც ახალი კორონავირუსის რნმ-ის ნიმუშს წარმოადგენს) და სხვა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ვაქცინაში არსებულ მოლეკულებს იცავს და ფორმას უნარჩუნებს, ესენია: ლიპიდები, მარილები, შაქარი/საქაროზა და სხვა. მოცემული ვაქცინების მუშაობის მექანიზმი და შემადგენლობა მხოლოდ ახალი კორონავირუსის წინააღდეგ საბრძოლველადაა ეფექტური, რადგან ისინი მხოლოდ კორონავირუსის შესახებ გენეტიკური ინფორმაციის შემცველ ხელოვნურად დამზადებულ რნმ-ს შეიცავს. ვაქცინები გრიპის ვირუსების შესახებ არანაირი სახის გენეტიკურ ინფორმაციას არ ატარებს.

ვაქცინების ინგრედიენტებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც საუბრობს. მისი თქმით, „“Pfizer/BioNTech-ის” ვაქცინა, გარდა ვირუსის რნმ ნიმუშისა, პოლიეთილენ გლიკოლს, ქოლესტეროლს, კალიუმის ქლორიდს, საქაროზას, ანუ შაქარს და მონობაზისურ ნატრიუმის ფოსფატს შეიცავს. Moderna-ს ვაქცინა შეიცავს მესენჯერულ რნმ-ს, ანუ სადაც ჩაწერილია ვირუსის ცილის შესახებ ინფორმაცია, პოლიეთილენ გლიკოლს, ქოლესტეროლს. ფაიზერისგან განსხვავებით მასში შედის ტრომეტამინი, საქაროზა და ნატრიუმის აცეტატი“. კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინის შემადგენლობაზე გავრცელებული დეზინფორმაცია ანტივაქცინური მოძრაობის გაძლიერებას ემსახურება. კორონავირუსისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სწორედ ვაქცინაა, ამიტომ ალერგოლოგ-იმუნოლოგი საქართველოში ვაქცინის შემოსვლისთანავე მოსახლეობას მის გაკეთებას ურჩევს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

--------------------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, მელანო ბერიძემ.
თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი