დეზინფორმაცია: აშშ-ში სიკვდილიანობის 58%-ის მიზეზია Pfizer-ის ვაქცინა, Moderna კი - 41%-ის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 13 მარტს, დემურ გიორხელიძემ Facebook-ის პროფილზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, VAERS-ის სიის მიხედვით, აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა 58%-ის სიკვდილიანობის მიზეზი გახდა, ხოლო Moderna-ს ვაქცინა 41%-ის. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

სტალინი NEWSFRONT

მტკიცება: აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინამ 58% სიკვდილიანობა გამოიწვია, Moderna-მ 41%

ვერდიქტი: ტყუილია

გიორხელიძე პოსტში კოვიდვაქცინებთან დაკავშირებულ სიკვდილიანობაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ის 12 თებერვლისთვის VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებულ 15923 გვერდით ეფექტებს ახსენებს, მათ შორის 929 სიკვდილის შემთხვევას. ამის შემდეგ კი ამბობს, რომ აშშ-ში სიკვდილიანობის 58% Pfizer-ის ვაქცინით იყო გამოწვეული, ხოლო 41% - Moderna-ს ვაქცინით. რეალურად, დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, არც აშშ-ში, არც ევროკავშირის წევრებსა თუ სხვა ქვეყნებში Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებით გამოწვეული სიკვდილი არ დაფიქსირებულა. უფრო კონკრეტულად, აშშ-ში 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით, კორონავირუსის ვაქცინების 189 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა. ამათგან, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით, VAERS-ის ბაზაში ვაქცინირებულ ადამიანთა სიკვდილის 3005 შეტყობინება (0.00158%) დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ CDC-ის ვებგვერდზე VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების განთავსება არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემთხვევები Covid-ვაქცინით არის გამოწვეული. გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის უშუალო პირდაპირი კავშირის დასადგენად, CDC-და და FDA-ის სპეციალისტების მიერ პაციენტის კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვა, გარდაცვალების სერტიფიკატების, აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლაა საჭირო.

15 აპრილის ოფიციალური მონაცემები

ცნობითვის, VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. VAERS-ის ბაზაში მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს, პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს. VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, არასწორია. აქედან გამომდინარე, გიორხელიძის მტკიცება, რომ Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინები ადამიანთა გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული, ტყუილია.

ვაქცინებთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, გიორხელიძე პოსტის ბოლოს წერს - „ნახეთ, რაზე საუბრობენ უმაღლესი რანგის სპეციალისტები! შეადარეთ მერე ქართველი ''სპეციალისტების'' პროპაგანდას!“ და თან ვიდეოს ლინკს ურთავს. რეალურად, მითითებულ ლინკზე განთავსებულ ვიდეოში (სათაური- COVID Positive After Two Vaccine Doses? What It Means/ კოვიდ დადებითი ვაქცინის ორი დოზის შემდეგ? რას ნიშნავს ეს) და ამ ვიდეოს ტრანსკიპტში საუბარია თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება.

Covid-19-ის ვაქცინით გამოწვეული გარდაცვალების შესახებ, მათ შორის VAERS-ისა და CDC-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გავრცელებულ ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდე აქტიურად წერდა, შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ, შემდეგ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6) გაეცნოთ.

მტკიცება: ვაქცინა სტერილიზაციას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გიორხელიძე პოსტში ასევე ამტკიცებს, რომ კოვიდვაქცინა ადამიანთა სტერილიზაციას იწვევს. ეს მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. დღემდე ვაქცინებსა და ადამიანთა უნაყოფობასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა ( ბმული 1 , ბმული 2, ბმული 3). ვაქცინაციის შემდეგ, ქალისა და კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ მრავალი დეზინფორმაციის გამო, აღნიშნულ საკითხს „ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოება“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაცია“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) გამოეხმაურა. ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი