დეზინფორმაცია: ბილ გეითსი მსოფლიოს მოსახლეობის ჩიპით ვაქცინაციას 2015 წლიდან გეგმავდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12 ოქტომბერს Facebook-ზე გავრცელდა ბილ გეითსის ფოტო TEDx პრეზენტაციიდან, სადაც ბილ გეითსი კორონავირუსის გამოყენებით მოსახლეობის „ჩიპი-ვაქცინაციაში“ არის დადანაშაულებული: “ბილ გეითსმა პრეზენტაცია გააკეთა და თქვა, ... რომ ვისაც არ ექნება ეს ჩიპი-ვაქცინა რისი დამადასტურებელი საბუთიც გაიცემა აცრის შემთხვევაშიო, არ ექნებათ მუშაობის უფლებაო, ანუ ნელნელა სრულიად ასოციალურ არსებად აქცევენ ასეთებს”.

რეალურად, ფოტო აღებულია ბილ გეითსის 2015 წელს Tedx გამოსვლიდან. Tedx არაკომერციულ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად 3000-ზე მეტ ღონისძიებას მართავს და მიზნად ინოვაციური, საინტერესო და შთამაგონებელი იდეების პრეზენტაციას ისახავს.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში, პირველ რიგში, მცდარია ის მტკიცება, რომ პრეზენტაციის დროს ბილ გეითსმა კორონავირუსის სურათი გამოიყენა ან რაიმე სახით კონკრეტულად Covid-19-ზე ისაუბრა. გარდა ამისა, 2015 წელს ჩატარებული პრეზენტაციის დროს კორონავირუსის პანდემია არ არსებობდა და შესაბამისად, ამაზე, გეითსი ვერ ისაუბრებდა. ამასთან ერთად, ბილ გეითსი გამოსვლაში ჩიპი-ვაქცინების ან ვაქცინის არ გაკეთების შემთხვევაში, მუშაობის უფლების ჩამორთმევის შესახებ საერთოდ არ საუბრობს.

აღნიშნული გამოსვლისას, სინამდვილეში, ბილ გეითსმა გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, კაცობრიობის წინაშე არსებული საფრთხეები ათწლეულებთან ერთად იცვლება. თუ მის ბავშვობაში ბირთვული ომი კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, დღეს გლობალური კატასტროფის გამომწვევად, შესაძლოა, ინფექციური ვირუსი მოგვევლინოს. ბილ გეითსი ინფექციური ვირუსის საილუსტრაციოდ H1N1- ის სამგანზომილებიან მოდელს იყენებს. H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ცნობილი ვირუსული ინფექცია, A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელმაც გავრცელება 2009 წელს დაიწყო.

გეითსი გამოსვლაში აღნიშნავს, რომ მაშინ როცა მთავრობები ინვესტიციების ნაკადს წლების განმავლობაში ბირთვული შეიარაღებისკენ მიმართავნენ, ძალიან მწირი რესურსი იხარჯება იმ სისტემაში, რომელიც ეპიდემიის შეჩერებას შეძლებს. რესურსების მსგავსი განაწილება კი, გეითსის აზრით, ეპიდემიის წინაშე სახელმწიფოებს მოწყვლადს ხდის. გეითსი გამოსვლაში ხუთ ძირითად კომპონენტს ასახელებს, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიო პანდემიას ეფექტურად გაუმკლავდება:

⦁ძლიერი ჯანდაცვის სისტემები დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, რის შედეგადაც პანდემიის იდენტიფიცირება საწყის ეტაპზე მოხდება;

⦁სამედიცინო კორპუსის შექმნა, რაც მზადმყოფი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მობილიზებას გულისხმობს;

⦁სამედიცინო და სამხედრო პერსონალის თანამშრომლობა, რითიც სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენებით სწრაფი გადაადგილება და კონკრეტული ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდება;

⦁კომპიუტერული სიმულაციების შექმნა ბაქტერიებზე (Germ games), რაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფართო სურათის დანახვის საშუალებას შექმნის;

⦁ვაქცინაციისა და დიაგნოსტიკის სფეროში მაღალტექნოლოგიური კვლევები.

პოსტში ასევე მითითებულია Spiro Skouras-ის Youtube ვიდეო ბმული. 40-წუთიანი ვიდეო რეპორტაჟი ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციური ინტერპრეტაციის გამოყენებით გაეროს, 5G ინტერნეტისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს და ამ ყველაფერში ბილ გეითსს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ Spiro Skouras-ი საკუთარ Youtube არხზე მცდარი ინფორმაციის და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში მრავალჯერაა შემჩნეული.

თეგები: