დეზინფორმაცია: შვედეთის მთავრობა ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების სახელით ადამიანის კანქვეშ ჩიპების განთავსებას გეგმავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ვაქცინის სამომავლო ციფრულ სერთიფიკატებზე საუბრობს. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობამ ვაქცინაციის ციფრულ (ელექტრონულ) სერთიფიკატებზე მუშაობა დაიწყო და მას ზაფხულისთვის აამოქმედებს. სერთიფიკატის მფლობელისთვის გადაადგილებაზე და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობაზე შეზღუდვა შემსუბუქდება. მასალის თანახმად, ელექტრონული სერთიფიკატი, რომელზეც ადამიანის ვაქცინაციის ისტორია იქნება ჩაწერილი, ჩიპის სახით კანქვეშ დამონტაჟდება. სამომავლოდ ამ ჩიპს პირადი საბანკო ანგარიშით სარგებლობის ფუნქციაც დაემატება. მოცემული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

სკანდინავიის ორი ქვეყნის, შვედეთისა და დანიის მთავრობის წარმომადგენლებმა ვაქცინის სამომავლო ციფრული სერთიფიკატების შექმნაზე მუშაობის დაწყების შესახებ ნამდვილად განაცხადეს. შვედეთის ციფრული განვითარების მინისტრის, ანდერს იგემანის თქმით, ციფრული სერთიფიკატები, საუკეთესო საშუალება იქნება პირის ვაქცინაციის ისტორიის გადასამოწმებლად. ეს დოკუმენტი ვაქცინირებულებს სხვა ქვეყნებში მოგზაურობისა და/ან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების საშუალებას მისცემს. ვაქცინის ციფრული სერთიფიკატი ვაქცინაციის პროცესის სწრაფად და მარტივად წარმართვის შესაძლებლობას შექმნის. იგემანმა, შვედეთის ჯანდაცვის მინისტრ ლენა ჰალენგრენთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, იოჰან კარლსონთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ელექტრონული სერთიფიკატის შექმნაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მუშაობენ და ის სავარაუდოდ, მზად 1 ივნისისთვის იქნება. რაც შეეხება დანიას, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის პასპორტის პირველი ვერსია უკვე თებერვლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი. დანიის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მორტენ ბოდსკოვის განცხადებით, ვაქცინის ციფრულ სერთიფიკატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რადგან ის ბიზნესს ეკონომიკური აღდგენის საშუალებას მისცემს. ორივე ქვეყანამ ასევე განაცხადა, რომ იმისთვის, რომ ეროვნული სერთიფიკატები საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი იყოს, ქვეყნები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობენ.

მტკიცება, რომ ვაქცინის ელექტრონული სერთიფიკატი ჩიპის სახით ადამიანის ორგანიზმში დამონტაჟდება, არის ყალბი ამბავი.

ვაქცინის ციფრული სერთიფიკატი/პასპორტი, რომლის შექმნაზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს, არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მფლობელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია. არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული დოკუმენტის ზოგიერთი ვერსია ასევე აჩვენებს ინფორმაციას კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ, რაც პირს მოგზაურობის და/ან სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის საშუალებას კვლავ მისცემს. მოცემული დოკუმენტი მომხმარებლებისთვის აპლიკაციის სახით ისეთ ელექტრონულ მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი, როგორიცაა მობილური ტელეფონი. ვაქცინის დოკუმენტის მოთხოვნა/წარდგენა სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ან კონკრეტულ ქვეყნებში სამოგზაუროდ, ახალი ფენომენი არ არის. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ შესაბამისი მოგზაურობისთვის აუცილებელი იყო ე.წ “ყვითელი ბარათის” წარდგენა, რომელიც ვაქცინაციის ან პროფილაქტიკის საერთაშორისო სერთიფიკატად არის ცნობილი. მთავარი განსხვავება “ყვითელ ბარათსა” და ელექტრონულ სერთიფიკატს შორის სწორედ ის ციფრული კომპონენტია, რაც ვაქცინაციის შესახებ მონაცემებზე ელექტრონულად წვდომის საშუალებას იძლევა. ბოდსკოვის თქმით, ვაქცინის ციფრული სერთიფიკატი ხელმისაწვდომი მობილურ ტელეფონში იქნება.

ამასთან ერთად, ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინის საშუალებით ადამიანების „დაჩიპვა“ ხდება. ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის სახელთან არის დაკავშირებული. დეზინფორმაციის საფუძველი ბილ გეითსის საქველმოქმედო საქმიანობაა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას, მათ შორის ვაქცინების განვითარებას უკავშირდება. არ არსებობს ლოგიკური საფუძველი იმის, რომ ვაქცინაციით ადამიანების ე.წ. „დაჩიპვა“ შესაძლებელია. დღეს არსებული საერთაშორისოდ დამტკიცებული ვაქცინების შემადგენლობა საჯაროდ ხელმისაწვდომია (Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: