რეზიუმე: სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნაირა შარუბანაშვილი ვაქცინებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს. Facebook-პოსტს, რომელიც მრავალი სახის დეზინფორმაციას შეიცავს, დასაწყისში, ბრიტანელი ნატურალისტის და მე-19 საუკუნის ანტი-ვაქცინაციის კამპანიის ლობისტი, ალფრედ რასელ უოლესის ციტატა ერთვის, სადაც ის აცრებს სიცრუედ, უამრავი დაავადებისა და სიკვდილის მიზეზად და დემოკრატიული კანონმდებლობის მიერ თავს მოხვეულ უდიდეს ლაქად მიიჩნევს. ნაირა შანიძის პოსტში ნახსენებია, რომ ვაქცინის დასამზადებლად დაუძლურებული ვირუსები გამოიყენება, რომლებიც იმუნიტეტის დასუსტების ან არასაკმარისი კვების პირობებში აქტიურდებიან, ვითარდებიან და მრავლდებიან და შესაძლოა, მუტაცია განიცადონ. პოსტის თანახმად, ვირუსები შესაძლოა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოში დამკვიდრდნენ, მათ შორის ტვინში, რის შედეგადაც ისინი ადამიანის ტვინს ან ზურგის ტვინს ნელა და შეუმჩნევლად აზიანებენ. პოსტში მოყვანილია მტკიცება, რომ თანამედროვე ვაქცინები შეიცავს: დაავადებული ადამიანებისა და ცხოველების ქსოვილებსა და ორგანოებს; აბორტირებულ ყრმათა ქსოვილებს; გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს. ვაქცინის დამზადებისას კი იყენებენ: ვერცხლის წყალს; ალერგენს, კანცეროგენს, რომელიც პოსტის თანახმად კიბოს იწვევს, ტერატოგენს - „ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმში ნერგავს და შემდგომში მომავალ ახალშობილთა ფიზიკურ და გონებრივ სიმახინჯეს იწვევს“ და მუტაგენს. პოსტი სრულდება მტკიცებით, რომ არ არსებობს არანაირი დასტური იმისა, რომ კაცობრიობას ზოგიერთი საშიში ინფექციური დაავადების დამარცხებაში, აცრები დაეხმარა. ავტორის თანახმად „აცრები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პატარა ბავშვების ყოველწლიური სიკვდილიანობისა და სამუდამო დაინვალიდების მიზეზია“.
ნაირა შარუბანაშვილის პოსტი, რომელსაც 6 დღეში Facebook-ზე 41 გაზიარება აქვს, დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას შეიცავს.
ანალიზი:
ალფრედ რასელ უოლესი, რომელზე საუბრითაც Facebook-პოსტი იწყება, მეცხრამეტე სუკუნის ცნობილი ანტივექსერი ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგე იყო, რომელიც საკითხის კვლევაში 1880 წლიდან ჩაერთო. უოლესს სჯეროდა, რომ ვაქცინაციის შედეგების მაშინდელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ვაქცინირებულ ადამიანებში ნაკლები იყო ჩუტყვავილათი დაინფიცირების და გარდაცვალების ალბათობა, ხოლო დაინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინირებულ ადამიანებს დაავადება უფრო ადვილად გადაჰქონდათ, გაყალბებული იყო. იმ დროისთვის, ბრიტანეთში არსებული სტატისტიკა ვაქცინაციის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც ვაქცინის მოწინააღმდეგეები ან მომხრეები ვაქცინის შესახებ მსჯელობდნენ, მაშინდელი სოციალური ფონიდან, კლასებს შორის ვაქცინების გადანაწილებიდან და სხვა მრავალი მიზეზიდან გამომდინარე, მრავალმხრივი ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა. ამიტომ ენდობოდა, თუ - არა, კონკრეტული ინდივიდი კვლევებს, მთლიანად მის პიროვნულ რწმენაზე და ასევე მის ვაქცინაციის ახალი ფენომენის მიმართ დამოკიდებულებაზე იყო დამყარებული. აქვე საინტერესო ფაქტია ის, რომ თავად ალფრედ რასელ უოლსი და მისი სამივე შვილი ვაქცინირებულები იყვნენ.
მტკიცება 1: ვაქცინების დამზადებისას გამოყენებული ცოცხალი, დაუძლურებული ვირუსები სამუდამოდ რჩებიან ორგანიზმში და იმუნიტეტის დასუსტების ან არასაკმარისი კვების პირობებში აქტიურდებიან, ვითარდებიან, მრავლდებიან და განიცდიან მუტაციას. ვირუსები შეიძლება დამკვიდრდნენ ადამიანის ტვინსა და სხეულის სხვა ორგანოებში. ისინი ნელ-ნელა და შეუმჩნევლად აზიანებენ თავის ან ზურგის ტვინს; ან უეცრად იწვევენ რომელიმე უმძიმეს და საშიშ დაავადებას.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ადამიანში ვაქცინაციის მოქმედების მთავარ მექანიზმს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერება წარმოადგენს. ეს ხერხდება ორგანიზმში დასუსტებული ანტიგენის ანუ დაავადების გამომწვევი აგენტის შეყვანით. ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის შემდეგ, იმუნური სისტემა მას, როგორც უცხო ორგანიზმს აღიქვამს, ანტისხეულებს გამოყოფს, და ამასთან ერთად, მომავლისთვის ანტიგენს იმახსოვრებს. ვაქცინაციის შემდგომ, იმ შეთხვევაში, თუ იგივე ანტიგენის შემცველი ვირუსი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, იგი მას ცნობს და წინააღმდეგობას უწევს მანამ, სანამ ის ადამიანის სხეულში მოასწრებს გავრცელებას. ამ პროცესს ადამიანის ხელოვნური იმუნიზაცია ეწოდება. ამ დროს დასუსტებული ანტიგენის მეშვეობით, ადამიანის ორგანიზმში კონკრეტული ტიპის ანტიგენის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება ხდება. იმუნიზაციის შედეგად ადამიანი დაცულია იმ დაავადებისგან, რომლის დასუსტებული ან მკვდარი ანტიგენების შეყვანაც მის ორგანიზმში ვაქცინაციის საშუალებით მოხდა.
ვაქცინის შედეგად ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ანტიგენს, ორგანიზმი გამოყოფილი ანტისხეულებით ანადგურებს. შესაბამისად, ორგანიზმში ვირუსის დასუსტებული აგენტი, ანტისხეულების გამოყოფის შედეგად კვდება. ადამიანის სასიცოცხლო ციკლის პერიოდში, ვაქცინის შედეგად შეყვანილი დასუსტებული ანტიგენის გააქტიურება, განვითარება ან გამრავლება, აბსურდული მტკიცებაა. აქედან გამომდინარე, ასევე აბსურდულ მტკიცებას წარმოადგენს ისიც, რომ ვაქცინის შედეგად ადამიანის ორგანიზმში შეყვანილი ანტიგენი (რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ანადგურებენ) შესაძლოა, სხვადასხვა ორგანოებში დამკვიდრდეს და ზიანი გამოიწვიოს.
მტკიცება 2: თანამედროვე ვაქცინები შეიცავს დაავადებული ადამიანებისა და ცხოველების ქსოვილებსა და ორგანოებს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ვაქცინა არ შეიცავს დაავადებული ადამიანებისა და ცხოველების ქსოვილებსა და ორგანოებს. ვაქცინა შეიცავს ვირუსის დასუსტებული ან მკვდარ ანტიგენს. რაც შეეხება მტკიცებაში ნახსენებ ქსოვილს, სავარაუდოდ ეს ფრაზა ეფუძნება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპს უჯრედულ (ქსოვილურ) კულტურაზე გაზრდილ ვაქცინას (Cell-Basec Vaccine). ამჟამად წარმოების ტექნოლოგიის მიხედვით არსებობს ქათმის კვერცხზე გაზრდილი, უჯრედულ კულტურაზე გაზრდილი და რეკომბინანტი ვაქცინები, რომლებიც გრიპის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებისთვის გამოიყენება. უშუალოდ უჯრედული/ქსოვილური ვაქცინის წარმოების პროცესში, ცხოველური უჯრედები გრიპის ვირუსის გასაზრდელად გამოიყენება, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ცხოველურ უჯრედებში (მაგალითად Madin-Darby Canine Kidney-ში) არის კარგი გარემო კონკრეტული გრიპის ანტიგენის დასასუსტებლად და ისეთ ფორმამდე მისაყვანად, რომ ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა შესაძლებელი გახდეს. აქედან გამომდინარე, ანტიგენის მომზადება ადამიანის ორგანიზმში შესაყვანად, ცხოველურ უჯრედში ხდება. ორგანიზმში ვირუსის ანტიგენი შეჰყავთ და არა რაიმე ცხოველური ქსოვილი. ეს ქსოვილი მხოლოდ ანტიგენის გასაზრდელად გამოიყენება. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რომ ვაქცინის სახით, ადამიანის ორგანიზმში, უშუალოდ ცხოველების ქსოვილების შეყვანა ხდება, ყალბია.
მტკიცება 3: თანამედროვე ვაქცინები შეიცავს აბორტირებულ ყრმათა ქსოვილებს.
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ვაქცინების შემადგენელი ნაწილების შესახებ წარმოებულ მოხსენებაზე დაყრდნობით, ზოგიერთი ვაქცინა, როგორიცაა, მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, დამზადებულია ათეულობით წლის წინ ლეგალურად აბორტირებული სხეულის ფილტვის ფიბრობლასტის ლაბორატორიულად კლონირებულ ქსოვილში. მოხსენების თანახმად, კონკრეტული ქსოვილში არსებული გარემო ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლების საშუალებას იძლევა. ანტიგენის კონკრეტულ გარემოში ფორმირების შედეგად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, რომ ანტიგენი ნანოგრამების რაოდენობით ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტებს შეიცავს. იმავე რაოდენობის ადამიანური უჯრედი გვხვდება იმ ხილსა და ბოსტნეულში, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. იმ ადამიანური ქსოვილის შესწავლა, რის შედეგადაც შექმნილმა ვაქცინამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, 1962 წელს მოხდა, როცა შვედეთში 3 თვის ლეგალურად აბორტირებული ჩვილის ქსოვილზე დაკვირვებისა და მისი შესწავლის მაგალითზე მოხდა W-38 ქსოვილური ხაზების (Cell lines) აღმოჩენა. დღეს მედიცინაში 1962 წლის ქსოვილი W-38-ის ლაბორატორიულად კლონირებული ვერსიები გამოიყენება და არა დღეს „აბორტირებულ ყრმათა“ ქსოვილები. შესაბამისად, მტკიცება, რომ თანამედროვე ვაქცინები „აბორტირებულ ყრმათა“ ქსოვილებს შეიცავს, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს.
მტკიცება 4: თანამედროვე ვაქცინები შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს.
ვერდიქტი: სიმართლე
თანამედროვე ვაქცინების ზოგი სახეობა (მაგალითაც B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა) გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკრობისგან (GM micorebes) მზადდება. გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკრობების გამოყენება იძლევა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ვაქცინების დამზადების შესაძლებლობას. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ზოგიერთ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე დამზადებული ვაქცინის გამოცდა, რომლებიც, პროგნოზების მიხედვით, შეძლებენ ისეთი დაავადებების პრევენციას, როგორებიცაა HIV, მალარია და ტუბერკულოზი. აქვე აღსანიშნავია, რომ იმ ვაქცინების და სამედიცინო პროდუქტების წარმოება და გაყიდვა, რომლებიც დამზადებულია გენმოდიფიცირებულ მიკრობებზე, GMO Vaccines-ის მიმართ ქვეყნების პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
მტკიცება 5: ვაქცინის დამზადებისთვის იყენებენ ვერცხლისწყალს.
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
ზოგიერთი ვაქცინის დამზადებისთვის მცირე დოზით ვერცხლისწყალი გამოიყენება. მცირე დოზით ვერცხლისწყალი გვხვდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში, თუმცა ამავდროულად მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერცხლისწყლის კომპონენტის გარეშე. ისეთ ვაქცინებში, რომლითაც წითურას, ჩუტყვავილას, წითელას და ყბაყურას პრევენციის მიზნით ვიცრებით, ვერცხლისწყალი არასდროს ყოფილა გამოყენებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ვერცხლისწყალი ვაქცინებში არსებული ბაქტერიის ზრდის აღსაკვეთად გამოიყენება. ის ვერცხლის წყლის მცირე დოზა, რომელიც ვაქცინის სახით ადამიანის ორგანიზმში შედის, არ რჩება ორგანიზმში და შესაბამისად, ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მრავალი სამედიცინო კვლევა და გამოცდილება აჩვენებს, რომ დოზირებული ვერცხლის წყლის გამოყენება სამედიცინო სფეროში უსაფრთხოა. ამგვარად, მტკიცება შეიცავს სიმართლეს, მაგრამ მკითხველისთვის კონტექსტი არასწორადაა მიწოდებული. ვერცხლისწყალი მომწამვლელი ნივთიერებაა და ავტორი ცდილობს მკითხველი ვაქცინაში ამ ნივთიერების შემცველობის ხსენებით ვაქცინის საზიანოობაში დაარწმუნოს, მაშინ, როცა სინამდვილეში ვერცხლისწყალი სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ ვაქცინა უფრო უსაფრთხო გახადოს და ის დოზა, რომელსაც ვაქცინაციისას ვიღებთ, სამედიცინო კვლევებით დასტურდება, რომ უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მტკიცება 6 : ვაქცინის დამზადებისთვის იყენებენ ალერგენს.
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
ვაქცინა შესაძლოა, შეიცავდეს ნივთიერებას, რომელიც რაიმე კონკრეტული ალერგიის მქონე ინდივიდში ალერგიულ რეაქციას იწვევს. ხშირად, ალერგიული რეაქცია მოჰყვება შემთხვევებს, როცა ცილაზე ალერგიულ პიროვნებას უკეთდება ვაქცინა, რომელიც კვერცხის ან ჟელატინის ქსოვილებს შეიცავს. ცილაზე ალერგიულ პაციენტს, ექიმისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ცილის შემცველი ვაქცინა, რომელიც ალერგიული რეაქციის გამომწვევი შეიძლება გახდეს, არ უკეთდება. ამგვარად, როგორც მე-5 მტკიცების შემთხვევაში, აქაც დამახინჯებული კონტექსტითაა მკითხველამდე მიტანილი ინფორმაცია, რომელიც სიმართლის ელემენტებს შეიცავს. ზოგიერთი ვაქცინაში ნამდვილად გვხვდება ალერგენი, მაგრამ ეს ინფორმაცია ცნობილია ექიმისთვის და კონკრეტულ პაციენტებს, საფრთხის შემთხვევაში, ეს ვაქცინა არ უკეთდებათ. შესაბამისად, ამ მტკიცების პათოსი, რომ ვაქცინის საფრთხეებში დაგვარწმუნოს, ასევე ფაქტებით მანიპულირებაა.
მტკიცება 7: ვაქცინაციის დასამზადებლად იყენებენ კანცეროგენს, რომელიც იწვევს კიბოს.
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
ერთადერთი ვაქცინებში გამოყენებული ნივთიერება, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს კანცეროგენად, არის ფორმალდეჰიდი (Formaldehyde). ჩვენი ორგანიზმი ფორმალდეჰიდებს ბუნებრივად შეიცავს, რადგან ეს ადმიანის ბუნებრივი მეტაბოლიზმის პროცესის ნაწილია. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოხსენების თანახმად, ვაქცინის საშუალებით ადამიანის სხეულში, იმაზე 50-70-ჯერ ნაკლები რაოდენობის ფორმალდეჰიდი შედის, ვიდრე ახლად დაბადებულ ჩვილის ორგანიზმს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ვაქცინით ადამიანის სხეულში შეყვანილი მცირე რაოდენობის კანცეროგენი, ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მრავალი სამედიცინო კვლევის თანახმად, ვაქცინაცია სიმსივნეს არ იწვევს. მეტიც, აცრებმა შესაძლოა, სიმსივნის განვითარების რისკი შეამციროს.
მტკიცება 8: ვაქცინის დასამზადებლად იყენებენ ტერატოგენს, ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმში ნერგავს და შემდგომში მომავალ ახალშობილთა ფიზიკურ და გონებრივ სიმახინჯეს იწვევს;
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ტერატოგენი წარმოადგენს ნივთიერებას (მაგალითად ალკოჰოლი ან კოკაინი), რომელმაც შესაძლოა, ორსულობის დროს, ნაყოფის განვითარების პროცესში, ემბრიონალური ან ფუნქციური დეფექტი გამოიწვიოს. თანამედროვე ვაქცინები, არ შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ორსულობის დროს შეიძლება, ნაყოფის ფიზიკური ან ფუნქციური განვითარებისთვის საზიანო იყოს. ამასთან ერთად, ორსულობის დროს, ყივანახველას და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელს უწყობს როგორც დედის, ისე ნაყოფისთვის იმუნიტეტის გაძლიერებას. ჩვილის დაბადების შემდეგ კი, მის პირველ ვაქცინაციამდე, ორსულობის დროს, დედის მიერ ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი, ჩვილს სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს.
მტკიცება 9: ვაქცინის დასამზადებლად იყენებენ მუტაგენს.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
მუტაგენი ქიმიური და ფიზიკური ფაქტორებს წარმოადგენს, რომლებიც მემკვიდრულ ცვლილებებს ანუ მუტაციებს იწვევენ. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, გამოყენებაში მყოფი ვაქცინები არ შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ მემკვიდრული ცვლილებები ან მუტაციები ადამიანის ორგანიზმში. ადამიანის გენეტიკურ ცვლილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მრავალი დეზინფორმაცია გავრცელებულა. ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
მტიკიცება 10: არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ აცრები დაეხმარა კაცობრიობას ზოგიერთი საშიში ინფექციური დაავადების დამარცხებაში.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ვაქცინაციის შედეგად კაცობრიობას შეუძლია, ისეთი მძიმე დაავადებების დამარცხება და პრევენცია, როგორიცაა: ყვავილი, პოლიომილიტი, ტეტანუსი, გრიპი, A და B ჰეპატიტი, წითურა, წითელა, ყივანახველა, დიფტერიტი, ჩუტყვავილა, ყბაყურა და ა.შ.
მტკიცება 11: აცრები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პატარა ბავშვების ყოველწლიური სიკვდილიანობისა და სამუდამო დაინვალიდების მიზეზია.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ყველა დღეს გამოყენებული ვაქცინა უსაფრთხოა და იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისგან. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ვაქცინაციის შედეგად, მოხდა 21 მილიონი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევისა და 732 000 ბავშვის სიკვდილის პრევენცია. ვაქცინაციის შემდეგ არსებული უკმაყოფილებების სტატისტიკის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წითელას საწინააღმდეგო 126 მილიონი ვაქცინა გაკეთდა. 126 მილიონი ვაქცინიდან 284-მა ადამიანმა ვაქცინაციის უკუეფექტების შესახებ განაცხადა. 284 განაცხადის შესწავლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 141 განცხადებას ვაქცინაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხოლო დანარჩენი განაცხადების უმრავლესობა, რამდენიმე დღის განმავლობაში მხრის შეშუპებას ან მხრის მიდამოში ტკივილს ეხებოდა. ამასთან ერთად, თუ განვიხილავთ წითელას სტატისტიკას, ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მოხსენების თანახმად, წითელათი ინფიცირებული ყოველი მეოთხე ადამიანი ჰოსპიტალიზებას საჭიროებს, ხოლო ყოველ 1000 კაცში, 1-2 ადამიანი დაავადებას ეწირება. ამასთან შედარებით, წითელას ვაქცინით ზიანის შემთხვევა ყოველ მილიონ ვაქცინირებულში, 1-2 ადამიანზე მერყეობს. რა თქმა უნდა, არსებობს ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები. 30 წლის განმავლობაში სულ 520 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა (აქედან ნახევარი უკავშირდებოდა ყივანახველას ძველ ვაქცინას, რომელიც მოხმარებიდან 20 წელზე მეტია, ამოღებულია). სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვაქცინაციამ გარდაცვალების მაჩვენებელი 1 000-ჯერ შეამცირა. 30 წლის განმავლობაში, 520 ადამიანის გარდაცვალება, ძალიან მცირე რიცხვია იმასთან შედარებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, თუ რამდენი ადამიანის და ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ვაქცინაციამ
აქვე აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია არ არის ბავშვების სამუდამო დაინვალიდების ან რაიმე ფიზიკური ცვლილების მიზეზი.