ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

„საერთო გაზეთის“ Facebook-გვერდმა აკადემიკოს თინათინ თოფურიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატიის - „ვაქცინის გაკეთება, რომელიც ადამიანს კლავს და მის დნმ-ს ცვლის, შეიძლება სავალდებულო გახადონ“ - გაგრძელებას წარმოადგენს. სტატია მრავალ მცდარ ინფორმაციას შეიცავს. ინტერვიუში რესპონდენტი აცხადებს, რომ ვაქცინა საშიშია, რადგან ის „გენური ინჟინერიითაა შექმნილი და გენმოდიფიცირებულია“, „ნაჩქარევადაა შექმნილი და სათანადო კვლევებს არ გადის“. მისი განცხადებით, „ვაქცინის მწარმოებლები არამარტო არღვევენ, არამედ ცვლიან ვაქცინის წარმოების კანონებს“.

თოფურია ამტკიცებს, რომ ამერიკული და ბრიტანული კომპანიები კომერციული ინტერესებით ვაქცინის შექმნას აჩქარებენ. ინტერვიუში თოფურია ასევე საუბრობს ვაქცინის გამოცდისთვის საჭირო ეტაპებზე, რა დროსაც ის ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, „უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა“ და „გამოატოვებინა ცხოველების ფაზა და ვაქცინის გამოცდა პირდაპირ ადამიანებზე დაიწყეს ისე, რომ მისი უსაფრთხოება დადგენილი არ იყო“. კვლევის პირველ ფაზასთან დაკავშირებით, თოფურია ამბობს, რომ მოხალისეთა 60%-ს აღენიშნებოდა გართულებები, რომლებიც საგანგაშოდ არ მიიჩნიეს. აღნიშნულ შემთხვევაში თოფურია ამერიკულ („მოდერნას“) ვაქცინაზე საუბრობდა და მანიპულაციურად ბრიტანულ (ოქსფორდისა და „ასტრაზენეკას“) ვაქცინასაც დაუკავშირა: „სამაგიეროდ, მესამე ფაზაში ისეთი გართულებები მიიღეს, რომელთა გამოც სასამართლო მოკვლევა დაიწყო და ფირმა Aსტრა ძენეცა [იგულისხმება „ასტრაზენეკა“] იძულებული გახდა ვაქცინის გამოცდა შეეწყვიტა. თუ რა გახდა ამის მიზეზი, სიმართლეს არასდროს გვეტყვიან“.

თინათინ თოფურია ასევე აცხადებს, რომ დასადგენია, როგორც ვაქცინის უსაფრთხოება, ისე მისი შეთავსებადობა სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებთან და აგრეთვე ბავშვებთან. ამასთან, თოფურიას მტკიცებით, იუნისეფი საქართველოში ბავშვებზე COVID-19-ის ვაქცინის ტესტირებას აპირებს.

მოცემული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სატესტო რეჟიმშია და არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული. ამ ეტაპზე ვაქცინა მხოლოდ რუსეთმა დაამტკიცა. რუსული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით კი შეკითხვები ნამდვილად არსებობს და მას კლინიკური კვლევების მესამე ფაზა ჯერჯერობით არ გაუვლია. აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში. სხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც გამოცდის სხვადასხვა ეტაპზეა, ადამიანის დნმ-ს არ ცვლის.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ბრიტანული („ასტრაზენეკას“) და ამერიკული („მოდერნას“) ვაქცინები ტესტირების ყველა ეტაპს გადიან და თოფურიას ბრალდებები სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც ამერიკულმა („მოდერნა“), ისე ბრიტანულმა ვაქცინამ, თავდაპირველად პრეკლინიკური ტესტირება გაიარა. ის მაიმუნებზე გამოიცადა და სწორედ ამის შემდგომ, ვაქცინის კლინიკური ტესტირება ადამიანებზე დაიწყო. ამდენად, „საერთო გაზეთის“ სტატიაში აღნიშნული მტკიცება, თითქოს ვაქცინა პირდაპირ ადამიანებზე დატესტეს, ისე რომ მისი უსაფრთხოება ცხოველებზე არ იყო დადგენილი, ტყუილია.

რესპონდენტი ვაქცინის ტესტირების ფაზებს სწორად ასახელებს. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ.

მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა გაცილებით მეტ ადამიანს (რამდენიმე ასეულს) უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს. გარდა ამისა, ამ ფაზაში იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოვლენა ხდება. მესამე ფაზის გამოცდები საკონტროლო ჯგუფსაც მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ როგორც ბრიტანული, ისე ამერიკული ვაქცინა ტესტირების ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ეტაპს გადის. ამჟამად, ორივე ვაქცინა ტესტირების ყველაზე მასშტაბურ, მესამე, ეტაპზეა. შესაბამისად, „საერთო გაზეთის“ სტატიაში აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ნაჩქარევად შექმნასა და ვაქცინის წარმოების კანონების დარღვევაზე ტყუილია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის რიგ სახელმწიფოებში, მაგალითად - ბელგიასა და ხორვატიაში, თეორიულად ლიცენზირებამდე ვაქცინის შესაძლო გამოყენებაზე მართლაც მსჯელობენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში მსგავსი თეორიული სცენარი განიხილება, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგით არ მოქმედებენ და ამ დრომდე ვაქცინის ტესტირებისა და წარმოების პროტოკოლს სრულად იცავენ. მოცემულ საკითხზე სპეკულაციების ასაცილებლად ცხრა ყველაზე დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მემორანდუმიც გააფორმა, რომლითაც სამეცნიერო პროცედურების სრული დაცვის ერთგულება დაადასტურეს. მეტიც, ევროკომისიის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ვაქცინის გამოყენება ევროპული მედიცინის სააგენტოს (EMA) რეკომენდაციამდე დაიწყონ.

ცალკეული გართულებები ამერიკული ვაქცინის გამოცდისას მოხალისეებში მართლაც შეინიშნებოდა, თუმცა ისინი ძირითადად ტემპერატურის მომატებაში გამოიხატებოდა და სერიოზული გართულებები არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების შესახებ ინფორმაცია და შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომია.

ტყუილია მტკიცებაც თითქოს ვაქცინა სხვადასხვა ჯგუფზე გამოცდილი არაა. ოქსფორდის ვაქცინა იტესტება როგორც ზრდასრულებზე, ისე ბავშვებზე და სხვა დაავადების მქონე (მაგალითად, HIV-ით) ადამიანებზე.

რაც შეეხება ბრიტანული ვაქცინის გამოცდის შეჩერებას, დროებით ვაქცინის მესამე ფაზა მართლაც შეწყდა. მიზეზი ერთ-ერთი მონაწილის ავად გახდომა გახდა. „ასტრაზენეკა“ განმარტავს, რომ ეს ცდების დაპაუზების ჩვეულებრივი შემთხვევაა, რისი მიზეზიც „აუხსნელი დაავადებაა.“ ამ საკითხზე განმარტება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაცგააკეთა: „მოხდა ისე, რომ ერთ პაციენტს, რომელიც იღებდა ამ ვაქცინას, განუვითარდა ამ ეტაპზე გაურკვეველი დაავადება ანუ, არავითარი კავშირი ამას კორონავირუსთან არ აქვს. უცხოეთში კი ძალიან მკაცრი რეგულაციებია ამ ვაქცინის და მედიკამენტის გამოცდაზე. წესია ასეთი, რომ თუ მედიკამენტზე, ან ვაქცინაზე, რომელიც გადის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას, პაციენტს დაემართება ნებისმიერი დაავადება, მით უმეტეს გაურკვეველი, კვლევა ჩერდება, ეს პაციენტი განთავსდება ჰოსპიტალში და იკვლევენ, რა არის ეს დაავადება, რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ვაქცინასთან“. თენგიზ ცერცვაძემ ასევე განმარტა, რომ „ოქსფორდის“ უნივერსიტეტმა და ვაქცინის დამამზადებელმა კიდევ 8 კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ისინი არ გასცემენ ნებართვას დაჩქარებულად ვაქცინის გამოყენებაზე იქამდე, ვიდრე არ დადასტურდება ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა. „ბევრ ქვეყანაში, როდესაც პანდემიაა და არ აქვთ წამალი და ვაქცინა, დაჩქარებულად იღებენ გადაწყვეტილებას რომელიმე მედიკამენტზე, თუნდაც რუსეთის მაგალითი რომ ავიღოთ. ამ კომპანიებმა, მათ შორის „ოქსფორდმა“, უფრო მაღლა დააყენა სუფთა პროფესიული ინტერესი, ადამიანის გარანტირებული უსაფრთხოების ინტერესი, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ ისინი არ სთხოვენ მარეგულირებელს, რომ დაჩქარებული წესით გაიცეს ნებართვა ვაქცინის გამოყენებაზე. როდესაც დადასტურდება უსაფრთხოება და ეფექტურობა, შემდეგ იქნება მოთხოვნა ვაქცინის ფართო გამოყენებაზე“ - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, „ასტრაზენეკამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები მას შემდეგ განაახლა, რაც ბრიტანეთის „მედიკამენტური საშუალებების კონტროლისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების სააგენტომ“ განაცხადა, რომ კლინიკური ცდები უსაფრთხოა.

კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც „საერთო გაზეთის“ რესპოდენტი ავრცელებს, უკავშირდება იუნისეფის მიერ საქართველოში ბავშვებზე ვაქცინის გამოცდას. იუნისეფი რეალურად უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის დადასტურების შემდეგ მის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს და ის ვაქცინის ბავშვებზე ტესტირებას არ ახორციელებს.

ბრიტანული ვაქცინის ტესტირების შესახებ ინფორმაციას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ამერიკული ვაქცინის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

თეგები: