საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები გარდაცვალების დაბალ მაჩვენებლებზე საუბრობენ. მათი განმარტებით, გარდაცვალების კოეფიციენტი არ გაუარესებულა და, საქართველოს COVID-19-ით ლეტალობის (დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვალების პროცენტული წილი ) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა: „საქართველოში COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მიუხედავად შემთხვევების ასეთი დრამატული ზრდისა, რჩება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ევროპაში. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების (ჯანმო, worldometers) ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის არის 0.93%. ჩვენზე დაბალი სიკვდილიანობა აქვს მხოლოდ 3 თუ 4 ქვეყანას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს კლინიკური მართვის ხარისხს, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი არ გაუარესებულა, რაც მიუთითებს სწორ მართვაზე. ერთ მლნ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი გაუარესდა, თუმცა არა დრამატულად, ევროპის 49 ქვეყანას შორის საქართველო 28-ე ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 11 ქვეყანას აქვს საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი“.
გარდაცვალების დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც, მისი განცხადებით: „საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.9 პროცენტი. საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს“.
საქართველოში COVID-19-ით სიკვდილიანობის კოეფიციენტი, ანუ მთლიანი დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვლილთა პროცენტული წილი, 0.9%-ია, რაც გლობალურად საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუმცა მტკიცება, რომ საქართველოში გარდაცვალების კოეფიციენტი არ გაუარესებულა, მცდარია. ოქტომბრის დასაწყისში გარდაცვალების კოეფიციენტი 0.6% იყო, დეკემბრის დასაწყისში კი გარდაცვლილთა წილი 0.9%-მდე გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია და გარდაცვალების კოეფიციენტი შესაძლოა, გაიზარდოს. თუ რამდენად შეძლო ქვეყანამ გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება, ამის შეფასება ეპიდაფეთქების შემდგომ ეტაპზე იქნება შესაძლებელი.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება შემოდგომაზე დაიწყო. პანდემიის პირველი ტალღის დროს საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო, ოქტომბერში კი ე.წ. წითელ (საგანგაშო) ზონაში გადაინაცვლა. ნოემბრის ბოლოს კი, 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ის ახალი შემთხვევების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა. 8 დეკემბრის მონაცემებით, გასული 1 კვირის მაჩვენებლებით, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებით საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა. გასულ ერთ კვრაში, 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ 11 ქვეყანას აქვს. (საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ცვლილების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
Worldometers-ის მიხედვით, ევროპის რეგიონი 48 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარეთ. ევროპის 49 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს შორის, საქართველო 1 მლნ მოსახლეზე ინფიცირების ჯამური მაჩვენებლით მე-8 ადგილს იკავებს. 1 მლნ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით კი 27-ე ადგილი უკავია, ანუ 22 ქვეყანას აქვს უფრო დაბალი მაჩვენებელი.
COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვალების პროცენტული წილი 0.9%-ია, ამ მაჩვენებლით საქართველოს 36 ევროპის ქვეყნის და ტერიტორიულ ერთეულზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი აქვს: ესტონეთს, ნორვეგიას, სლოვაკეთს, ლუქსემბურგს,სერბეთს. COVID-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს: ისლანდიას, ლიეტუვას, ბელარუსს, მონაკოს, გიბრალტარს. ვატიკანსა და ფარერის კუნძულებზე კი კოვიდ19-ით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვალების პროცენტული წილი, ანუ სიკვდილიანობის კოეფიციენტი ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. თუმცა ფაქტია, რომ გასულ 2 თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მათ შორის ლეტალობის კოეფიციენტიც გაიზარდა. შესაბამისად, თუ როგორ გაართვა თავი საქართველომ და სხვა ქვეყნებმა ეპიდემიის კლინიკურ მართვას, ამის შეფასებას პანდემიის დასრულების შემდეგ შევძლებთ.
ცხრილი 1: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ევროპის რეგიონში
წყარო: Worldometers; ავტორის გამოთვლები; 6 დეკემბრის სტატისტიკური მონაცემები